ახალი ამბები

კოშინმა აფხაზეთში სამუშაო შეხვედრა გამართა

2020 / 01 / 22

2020 წლის 22 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი იყო.

რუსეთის დელეგაციის წევრები იყვნენ ანტონ მელნიკი -  საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი და ვერა დენკი - საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, აფხაზეთის რესპუბლიკასთან ურთიერთქმედების საკითხებში განყოფილების უფროსი.

სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის: 2020-2022 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2020 წლისთვის აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის მიწოდება, „აფხაზეთის ბანკის“ გაჯანსაღებისათვის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფა და რუსული დაფინანსების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა. აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის ადგურ არძინბას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების აუცილებლობა განპირობებულია ჯვრის წყალსაცავში, რომელიც ენგურჰესის მუშაობას უზრუნველყოფს, წყლის დონის შემცირებით.

ცნობისთვის, 2020 წლის 21 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო გაუქმდა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეუერთდა.

Go BackGo Back