აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ადგურ არძინბას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო საკუთარ ფუნქციებს მინიმუმ გაზაფხულამდე შეასრულებს.
2020 წლის 21 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო გაუქმდა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეუერთდა. სამინისტრო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებზე იყო პასუხისმგებელი. არძინბას განცხადებით, გაზაფხულამდე გაუქმებული სამინისტრო თავის საქმეებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადააბარებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელი დეპარტამენტები იმუშავებენ აფხაზური მიმართულებით.
რუსეთის მთავრობა დატოვა ვიცე-პრემიერმა ვიტალი მუტკომაც, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი იყო. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის მუტკოს.