2020 წლის 28 იანვარს რუსეთის ფედერაციის მთავრობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ყოფილი კურატორი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო სახელმწიფო კომპანია „ДОМ.РФ“-ის გენერალურ დირექტორად აირჩიეს. დირექტორის პოზიციაზე იგი 2020 წლის 29 იანვრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით იმუშავებს.
მუტკომ ვერ შეინარჩუნა თანამდებობა ახალ მთავრობაში, რომელიც 15 იანვარს გადადგა. სააქციო საზოგადოება „ДОМ.РФ“ საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც რუსეთში საცხოვრებელი სახლების ბაზრის განვითარებაზე მუშაობს. „ДОМ.РФ“ 1997 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა. სახელმწიფო კომპანიის მიზანია იპოთეკური დაკრედიტების ბაზრისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის განვითარება. კომპანიის აქციების 100% სახელმწიფოს ეკუთვნის.
საინტერესოა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კიდევ ერთი ყოფილი კურატორი, ოლეგ გოვორუნიც ამავე სახელმწიფო კომპანიაშია დასაქმებული. გოვორუნი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი იყო. სამმართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით მუშაობდა. იგი „ДОМ.РФ“-ში 2019 წლის 27 მაისს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. გოვორუნის პასუხისმგებლობის სფეროა რეგიონებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, მათ შორის მოტყუებული მენაშენეების პრობლემების გადაწყვეტა.