2018 წლის 13 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის დადებულ შეთანხმებას - „განათლებისა და (ან) კვალიფიკაციის ურთიერთ აღიარების შესახებ“ რატიფიკაცია გაუკეთა.
სახელმწიფო დუმაში შეთანხმების რატიფიკაციამდე საკითხის შესახებ ანგარიში წარადგინა კონსტანტინ ზატულინმა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ. 2018 წლის 28 დეკემბერს შესაბამის კანონს ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. შეთანხმების მომზადება და ხელმოწერა 2014 წლის 24 ნოემბერს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მოთხოვნის ფარგლებში განხორციელდა. შეთანხმებას ხელი რუსეთის განათლების მინისტრმა და აფხაზეთის დე ფაქტო განათლების მინისტრმა 2017 წლის 18 დეკემბერს მოაწერეს. შეთანხმების შედეგად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა და რუსეთი აღიარებენ მათ ტერიტორიებზე მიღებულ საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას და კვალიფიკაციას და მიმღებ პირებს უფლებას აძლევენ სწავლა ან პროფესიული საქმიანობა გააგრძელონ რუსეთში, ან აფხაზეთში.