აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე სამხრეთის სამხედრო ოლქის მასშტაბით მიმდინარე წვრთნების ფარგლებში სასწავლო განგაში გამოცხადდა. წვრთნებს ოლქის მეთაური ალექსანდრ დვორნიკოვი (ალექსანდრ დვორნიკოვის შესახებ დეტალურად იხ. აქ) ხელმძღვანელობს.
წვრთნების პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო კომპლექტისა და მატერიალური საშუალებების რეზერვის ოპერატიულ ჩატვირთვაში ნორმატივები შეასრულეს, რის შემდეგადაც 200 კილომეტრიანი მარში შეასრულეს. სამხედროებმა ნაგვალოუსა და წებელდას პოლიგონებზე მისვლის შემდეგ მთაგორიან, ტყიან და სანაპირო ადგილების პირობებში სამხედრო ტექნიკისა და კავშირგაბმულობის საველე კვანძების შენიღბვაში ივარჯიშეს. სულ ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ და 300-ზე მეტმა სამხედრო და სპეციალურმა ტექნიკამ, მათ შორის თანამედროვე ტანკებმა „Т-72Б3“ და ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემებმა („გრადი“).