2019 წლის 5 მარტს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროში რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციონირების საკითხი განიხილეს. სამუშაო შეხვედრას მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი (იგორ კოშინის შესახებ დეტალურად იხ. აქ) უძღვებოდა, რომელიც სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ცენტრის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხები განიხილეს, მათ შორის ცენტრის შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის შს, საგარეო საქმეთა, ფინანსთა და ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებისა (2014 წლის 24 ნოემბერი) და რუსეთ-აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობის სამთავრობათშორისი კომისიის თანათავმჯდომარეების 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, სოხუმში რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნა. ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმებას 2017 წლის 18 მაისს, ქ. სოჭში, რუსეთის შს მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვმა, რომელიც რუსეთის მხრიდან აფხაზეთში საპოლიციო სფეროს კურირებს, და აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა ასლან კობახიამ მოაწერეს ხელი.
ცენტრის საქმიანობის მთავარი მიზნებია: რუსეთისა და აფხაზეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ოპერატიულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის ორგანიზება, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებზე მონაცემთა ბაზების ფორმირება და წარმოება, სახელმწიფათოშორისი ძებნის წარმოებაში მხარდაჭერა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან ბრძოლაში შეთანხმებული ქმედებების განხორციელება.
საინტერესოა, რომ ცენტრის დაფუძნებას აფხაზეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ცენტრის დაფუძნების შეთანხმების რატიფიკაცია აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2017 წლის 26 ივლისს მოახდინა. გადაწყვეტილებას 34 დეპუტატიდან მხოლოდ 23-მა დაუჭირა მხარი, 9 წინააღმდეგი იყო, ორი კი სხდომას არ ესწრებოდა. ცენტრის დაფუძნების საკითხმა აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ცენტრის დაფუძნების მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ „ერთობლივი ცენტრის დაფუძნებით ხელისუფლებამ უარი თქვა აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე“. მომხრეების შეფასებით კი, ცენტრი, რომელსაც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის“ ჩატარების უფლება არ ექნება, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს. ცენტრის შექმნის მომხრეებს არსებული ნეგატიური განწყობების გათვალისწინება მოუწიათ, რის შედეგადაც ცენტრის თანამშრომლების რაოდენობა 20-მდე შემცირდა.
ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის არსებობა რუსეთს მომავალში აფხაზეთის სამართალდამცავი სფეროს კონტროლისთვის დამატებით ბერკეტს მისცემს. რაც შეეხება, თავდაცვისა და საზღვრის დაცვის მიმართულებას, ამ მხრივ 2008 წლის შემდეგ რუსეთს აფხაზეთზე სრული კონტროლი აქვს დაწესებული.