2019 წლის 15 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. მსგავსი შეხვედრა 14 მარტსაც გაიმართა.
აფხაზურმა მხარემ შეხვედრაზე რაიონებში განხორციელებული შემოწმების შედეგებსა და 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე მშენებლობების შესახებ ისაუბრა. მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგლამენტის პროექტის შესახებ, რომელიც აფხაზეთისა და რუსეთის სახელმწიფო ორგანოებს შორის საინვესტიციო პროგრამების განხორციელების ფარგლებში ურთიერთობას დაარეგულირებს. რეგლამენტის ამოქმედებას მე-18 სამთავრობათაშორისი კომისიის შეხვედრაზე ელოდებიან.
შეხვედრაზე, 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების პროექტის განხილვისას, მხარეებმა პრიორიტეტულ მიმართულებად ენერგო სისტემის აღდგენისა და სატრანსპორტო ქსელების განვითარების საკითხები განსაზღვრეს. ენერგო ქსელების კაპიტალური რემონტისთვის და ახლის მშენებლობისთვის ნახევარი მლრდ რუბლის გამოყოფაა დაგეგმილი. 200 კილომეტრი სიგრძის გზის საფარის დასაგებად კი - ერთ მლრდ რუბლს გამოყოფენ. 2020-2022 წლების გეგმით საინჟინრო საკომუნიკაციო პროექტებისა და სოციალურად მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაა დაგეგმილი. შეხვედრის დასასრულს 2019 წელს აფხაზეთში აზიური ფაროსანას გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დაფინანსების შესაძლებლობაც განიხილეს.