28 ოქტომბერს ქალაქ ცხინვალში „რუსული სამყაროს“ ფონდის რუსული ცენტრი გაიხსნა.
აღნიშნული ცენტრი დაფუძნდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის ბაზაზე, ამავე უნივერსიტეტის რექტორის, ვადიმ თედეევის ინიციატივით; ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის დე ფაქტო საელჩოსა და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის მხარდაჭერით.
საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა, იგორ კოზაევმა (დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), სერგეი სკვორცოვმა (ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის მეთაური), ვადიმ თედეევმა და ვსევოლოდ ჟელეზნოვმა („რუსული სამყაროს“ პროგრამების კოორდინატორი დსთ-ის ქვეყნებში).
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ვერ შეძლო ღონისძიებაზე დასწრება (მას კორონავირუსი დაუდგინდა და თვითიზოლაციაში იმყოფება), ამიტომ მისი წერილი იგორ კოზაევმა წაიკითხა - ბიბილოვი წერილის მეშვეობით მიესალმა „რუსული სამყაროს“ წარმომადგენლობის გახსნას. მარატ კულახმეტოვმა აღნიშნა, რომ რუსულ ენასა და კულტურას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „სამხრეთ ოსეთისთვის“, ვინაიდან ამ ორ ქვეყანას საბჭოთა კავშირი აერთიანებდა. ვსევოლოდ ჟელეზნოვი კი მედლით დაჯილდოვდა ცხინვალში „რუსული სამყაროს“ წარმომადგენლობის დაარსების პროცესში გაწეული დახმარებისთვის.
ცხინვალის რეგიონში „რუსული სამყაროს“ წარმომადგენლობის გახსნა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიგეგმა. შეთანხმებას ვადიმ თედეევსა და ფონდის ხელმძღვანელობას შორის ხელი მოსკოვში მოეწერა.
რუსული ცენტრი საერთაშორისო კულტურული პროექტია, რომელსაც ფონდი „რუსული სამყარო“ ახორციელებს. მსგავსი ცენტრები მიზნად ისახავს რუსული ენის გავრცელებას, რუსული კულტურის პოპულარიზაციასა და რუსეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.