2019 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციის დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრ თამაზ წახნაკიას სოხუმში შეხვდა. რუსეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის სამეტაპიანი გეგმის განხილვა. დელეგაციის წევრები არიან სამედიცინო-ბიოლოგიური ფედერალური სააგენტოს უფროსი ვლადიმირ უიბა და რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე ანატოლი გულინი.
სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის გეგმა სამ ეტაპს მოიცავს, რომელიც ერთმანეთის პარარელურად განხორციელდება. მთელი გეგმის განხორციელებაზე ერთი წელია განსაზღვრული.
პირველი ეტაპი მოიცავს უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში მოსახლეობის დისპანსერიზაციას. ეს უკვე რიგით მესამე დისპანსერიზაცია იქნება და აფხაზეთის ყველა რაიონს მოიცავს. მეორე ეტაპი კარდიოქირურგიის განყოფილების გახსნას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, განყოფილების მშენებლობისთვის რუსეთის მთავრობას უკვე გამოყოფილი აქვს რესურსები. დასკვნითი მესამე ეტაპი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.
წახნაკიას განცხადებით, რუსეთის დელეგაციის ვიზიტი 2018 წლის დეკემბერში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ ვერონიკა სკვარცოვასთან მიღწეული შეთანხმების შედეგია.