23 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში „სიმამაცისა და ეროვნული ერთიანობის დღე“ აღნიშნეს და ყვავილებით შეამკეს გმირების მემორიალი. კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის გამო შეზღუდული იყო მონაწილეთა რაოდენობა.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრო ანატოლი ბიბილოვი (ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი), გენადი ბეკოევი (დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი), მარატ კულახმეტოვი (რუსეთის ფედერაციის „ელჩი“) და სხვანი. სიტყვით გამოსვლისას ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „1989 წლის 23 ნოემბერს ქართველი ნეოფაშისტები ცდილობდნენ ცხინვალში შესვლას“, თუმცა ისინი „ოსმა პატრიოტებმა“ შეაჩერეს; დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, სწორედ „ამ დღიდან დაიწყო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა“.
ანატოლი ბიბილოვს აღნიშნული დღე მიულოცა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, დენის პუშილინმაც.