4 დეკემბერს ცხინვალის რეგიონში, ა. თიბილოვის სახელობის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტში ეთნოგრაფიისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გაიხსნა.
საზეიმო გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი, ასევე მარატ კულახმეტოვი (რუსეთის „ელჩი“ ცხინვალის რეგიონში) და სხვები.
უნივერსიტეტის რექტორმა, ვადიმ თედეევმა განაცხადა, რომ ექსპონატებს ერთი წლის მანძილზე აგროვებდნენ, თავად მუზეუმი კი, ფაქტობრივად, ერთ კვირაში გაიხსნა. აქ თავმოყრილია არქეოლოგიური, ისტორიული, ეთნოგრაფიული ექსპონატები, მათ შორის, კოსტიუმები, ძველებური იარაღები და სხვა ნივთები, რომლებიც კონკრეტულმა პირებმა შესწირეს მუზეუმს.
მარატ კულახმეტოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო მუზეუმს „დიდი სამამულო ომის“ დროინდელ იარაღსა და მუნდირს გადასცემს. ანატოლი ბიბილოვმა კი რექტორს 1917 წლის გამოშვების პისტოლეტი გადასცა და აღნიშნა, რომ „ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდა არასოდეს დაკარგავს აქტუალურობას“.