ახალი ამბები

აფხაზეთი: რუსეთის დაფინანსებით ჯანმრთელობისა და დასვენების ცენტრი გაიხსნა

2019 / 03 / 23

2019 წლის 23 მარტს, აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფ. დრანდაში ჯანმრთელობისა და დასვენების ცენტრი „როდნიკი“ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიების მასპინძელი აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენელი ვლადიმირ ნეკრასოვი იყო. ცენტრი საზეიმოდ გახსნეს აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა და აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ასტამურ ქეცბამ.

ნეკრასოვის განცხადებით, საინვესტიციო პროექტის განხორციელება ერთი წლის წინათ რუსეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით დაიწყო და პროექტს სოციალური მნიშვნელობა აქვს.

ცენტრის მშენებლობის საინვესტიციო პროექტი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენლობის პატრონაჟით, კერძო რუსული ინვესტიციებით განხორციელდა. აფხაზეთში პროექტის ბენეფიციარია „აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო სახლი“. ცენტრის ბაზაზე აფხაზეთში პირველი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება იმუშავებს. პროექტის რეალიზაცია გულრიფშის რაიონში სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და საკურორტო-რეკრეაციული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს.

Go BackGo Back