ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით „საზღვრის“ დამრღვევთა რაოდენობა შემცირდა

2019 / 03 / 26

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, 2018 წელს საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის დარღვევისთვის 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, რაც 2017 წელთან შედარებით სამჯერ ნაკლები მაჩვენებელია. სამსახურის განცხადებით, დამრღვევთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის დაცვის სამსახურისა და აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზღვრის დაცვის სამმართველოს მიერ დე ფაქტო საზღვრის დაცვის საკითხისადმი მიდგომების დახვეწით არის განპირობებული.

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 24 „დამრღვევი“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს, 7-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებულთა დიდი ნაწილის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამოიყენეს: 100-ზე მეტს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს, 12 აფხაზეთის ტერიტორიიდან გააძევეს, სხვების მიმართ პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდა.

2009 წლის 30 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ“. შეთანხმების ძალით რუსეთმა ოკუპირებული რეგიონების საზღვრების, საზღვაო საზღვრის ჩათვლით, დაცვის ვალდებულება აიღო.

Go BackGo Back