ახალი ამბები

აფხაზეთი: რუსეთში სამედიცინო მომსახურება 1500-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

2019 / 03 / 27

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის თამაზ წახნაკიას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პოლისი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 50 000-მა რუსეთის მოქალაქემ მიიღო, მათ შორის 1500-ზე მეტმა 2018 წელს ამ პოლისების საფუძველზე სამედიცინო დახმარება მიიღო, ძირითადად, კრასნოდარის მხარეში, როსტოვის ოლქში, ასევე მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებში.

2018 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთის მხარესთან რამდენიმე შეთანხმებას მოაწერა ხელი, მათ შორის კრასნოდარის მხარის ჯანდაცვის სამინისტროსთან. წახნაკიას განცხადებით, 2018 წელს მიიღეს და განახორციელეს 12 მიზნობრივი პროგრამა, მათ შორის: სამედიცინო პოლისების გაცემის პუნქტების ორგანიზების პროგრამა, ზოგიერთი კატეგორიის მოქალაქეების სამკურნალო პრეპარატებით უზრუნველყოფის პროგრამა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მოქალაქეების მკურნალობის პროგრამა. წახნაკიამ პროგრამების განხორციელების დეტალებზე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე 2018 წელს გაწეული საქმიანობის შეჯამების დროს ისაუბრა.

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ და რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრმა  ვერონიკა სკვარცოვამ 2017 წლის 8 აგვისტოს ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ შემდეგ სფეროებში: რუსეთის ფედერაციის  სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სფეროში აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაზღვევის ორგანიზების შესახებ და რუსეთის ფედერაციის სამედიცინო ორგანიზაციებში მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ. შეთანხმება აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს რუსეთში სამედიცინო დაზღვევისა და სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობას აძლევს. 

Go BackGo Back