მთავარი ფიგურები

ანა პოპოვა

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დსთ-ის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ანა პოპოვა დაიბადა 1975 წლის 1 იანვარს.
  • 1998 წელს დაამთავრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი, 2002 წელს კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტურა. პოპოვა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატია.
  • პოპოვას რუსეთის ფედერაციის ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის მესამე საკლასო ჩინი აქვს.

პროფესიული კარიერა

  • 1998-2002 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციებში. გარკვეული პერიოდი იყო სახელმწიფო დუმის დეპუტატის თანაშემწე.
  • 2003-2007 წლებში მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ სახას (იაკუტია) რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლობაში საერთაშორისო საკითხების, საგარეოეკონომიკური კავშირებისა და ხელისუფლების ფედერალურ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოში.
  • 2010-2012 წლებში მუშაობდა რეგიონული განვითარების სამინისტროს საერთაშორისო კავშირების, რეგიონთაშორისი განვითარებისა და სასაზღვრო თანამშრომლობის დეპარტამენტში.
  • 2013-2014 წლებში რეგიონული განვითარების სამინისტროში სახელმწიფო დარგობრივი პროგრამების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.

კარიერა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში

  • 2015-2017 წლებში ეკონომიკური განვითარების სამინისტროში რეგიონთაშორისი განვითარებისა და სასაზღვრო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.
  • 2017-2020 წლებში ეკონომიკური განვითარების სამინისტროში საგარეოეკონომიკური საქმიანობის განვითარებისა და  რეგულირების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.
  • 2020-2023 წლებში ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ინტეგრაციული პროექტებისა და დსთ-ის ქვეყნების დეპარტამენტის, დსთ-ის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა:
    • 2021 წლის 30 მარტს რუსეთისა და ჩინეთის რეგიონებს შორის სავაჭრო პოტენციალის განვითარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე პოპოვამაც ისაუბრა. შეხვედრა ორ ქვეყანას შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საკითხებს ეხებოდა.
    • 2021 წლის 25-26 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა XIX ფორუმი „რუსეთის რეგიონებსა და ქალაქებში სტრატეგიული დაგეგმარება: 2020 წლის რეალობა და ათწლეულის დღის წესრიგი“. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და კონტროლის პალატა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პოპოვაც.
  • 2023 წლის თებერვალ-დეკემბერში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მ.შ.-ია. 2020 წლიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი იყო.
  • 2023 წლის 2 დეკემბერს დანიშნეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დსთ-ის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2017 წლის 27 ოქტომბერს სოხუმში აფხაზეთ-რუსეთის VIII საქმიანი ფორუმი ჩატარდა. ფორუმის ორგანიზებაში ჩართული იყო პოპოვაც, რომელმაც განაცხადა, რომ მრგვალი მაგიდების თემატიკა, რომელიც ფორუმის ფარგლებში იყო დაგეგმილი, უფრო ფართო იქნებოდა. პოპოვას განცხადებით, ფორუმზე განიხილავდნენ რეგიონთაშორისი და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებს.
  • 2023 წლის 16 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა კრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენის შესახებ“. ხელმოწერის საზეიმო ცერემონიას პოპოვაც დაესწრო.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2023 წლის 30 ივნისს რუსეთის დელეგაციამ ცხინვალის რეგიონში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების პოლიგონის მდგომარეობა შეამოწმა. ობიექტი 2020 წელს ააშენეს. რუსეთის დელეგაციას დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევიც ახლდა. რუსეთის დელეგაციის წევრები იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი და პოპოვა. ამავე დღეს რუსეთის დელეგაციამ რუსეთის დაფინანსებით აშენებული ობიექტებიც მოინახულა.