მთავარი ფიგურები

მაქსიმ რეშეტნიკოვი

 რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • მაქსიმ რეშეტნიკოვი დაიბადა 1979 წლის 11 ივლისს ქ. პერმში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 2000 წელს დაამთავრა პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ეკონომისტ-მათემატიკოსის“ სპეციალობით. 2002 წელს ასევე მიიღო „ლინგვისტ-მთარგმნელის“ დიპლომი. იგი ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატია.
  • უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში ჩართულობის გამო იგი დასავლეთის სანქციების სიაშია.

პროფესიული კარიერა

  • 1998-2002 წლებში სააქციო საზოგადოება „პროგნოზ“-ში მთავარი სპეციალისტი და პროექტების ხელმძღვანელია.
  • 2000-2005 წლებში პერმის ოლქის ადმინისტრაციაში საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვის განყოფილების უფროსი და რეგიონული ფინანსებისა და ინვესტიციების განყოფილების უფროსია.
  • 2005-2007 წლებში პერმის ოლქის დაგეგმვის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და პერმის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეა.
  • 2007-2009 წლებში რეგიონული განვითარების სამინისტროს საბიუჯეტო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რუსეთის სუბიექტების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ეფექტურობის მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტის დირექტორია.
  • 2009 წელს პერმის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.
  • 2009-2010 წლებში მთავრობის სახელმწიფო მართვის, რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დეპარტამენტის დირექტორია.
  • 2010-2011 წლებში მოსკოვის მერისა და მთავრობის აპარატის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეა. რეშეტნიკოვის კარიერა მოსკოვში, მოსკოვის მერად სერგეი სობინიანის დანიშვნის შემდეგ დაიწყო.
  • 2012-2017 წლებში მოსკოვის მთავრობის მინისტრი, ქალაქ მოსკოვის ეკონომიკური პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
  • 2017 წლის სექტემბრიდან 2020 წლის იანვრამდე პერმის მხარის გუბერნატორია. გუბერნატორის არჩევნებში 82.06% მიიღო.
  • 2020 წლის 21 იანვარს დაინიშნა ეკონომიკური განვითარების მინისტრად. მინისტრად დანიშვნის შემდეგ არაერთი სახელმწიფო კომპანიის მმართველობაში მონაწილეობს.

აფხაზეთთან ურთიერთობა       

  • 2022 წლის 13 ივლისს დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი რეშეტნიკოვსა და მის მოადგილეს, დიმიტრი ვოლვაჩს შეხვდა. შეხვედრაზე ერთიანი სამართლებრივი სივრცის შექმნის საკითხზე ისაუბრეს, განიხილეს „სახელმწიფოთაშორისი“ მხარდაჭერის პროგრამები, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი და ერთობლივი საინვესტიციო პროექტები.
  • 2022 წლის 28 ივლისს დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი კოზაკს შეხვდა. შეხვედრას რეშეტნიკოვიც ესწრებოდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, კერძოდ დე ფაქტო რესპუბლიკაში ავიამომისვლის აღდგენისა და 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს.
  • 2022 წლის 4 აგვისტოს რეშეტნიკოვმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც 2022-2025 წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამას რუსეთი აფინანსებს.
  • 2022 წლის 11-12 აგვისტოს რეშეტნიკოვი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთში იმყოფებოდა. მან, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ორი დღის განმავლობაში შეხვედრები დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბთან და დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანთან გამართა. ვიზიტის ძირითადი ნაწილი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმო.
  • 2023 წლის 24 თებერვალს დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა რეშეტნიკოვსა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრე ნოვაკს. შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის, „კანონმდებლობათა“ ჰარმონიზაციის, გაზიფიცირებისა და ინვესტიციების დაცვის საკითხი. გარდა ამისა, შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
  • 2023 წლის 16 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში რეშეტნიკოვმა და დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა კრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენის შესახებ“.
  • 2023 წლის 4 ივლიის რეშეტნიკოვი აფხაზეთში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. დე ფაქტო ვიცე-პრემიერ კრისტინა ოზგანთან ერთად მოინახულა რუსეთის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა. იგი დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბსაც შეხვდა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2022 წლის 14 ივნისს მოსკოვში ვიზიტად მყოფი დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რეშეტნიკოვსაც შეხვდა.