რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს, თუმცა რუსეთის ეკლესია მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიის სახით გარკვეულწილად ჩართულია აფხაზეთში მიმდინარე რელიგიურ პროცესებში. მაიკოპისა და ადიღეს არქიეპისკოპოსი ტიხონი პერიოდულად აფხაზეთში გამართულ მნიშვნელოვან საერო ღონისძიებებშიც მონაწილეობს.
მაიკოპისა და ადიღეს არქიეპისკოპოსი ტიხონი, ერისკაცობაში ვლადიმირ ლობკოვსკი, დაიბადა 1968 წლის 1 დეკემბერს, სტანიცა ბრიუხევოცკოში, კრასნოდარის მხარეში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
1976-1986 წლებში სწავლობდა საშუალო სკოლაში.
1987-1989 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში.
1997-2001 წლებში კიევის სასულიერო სემინარიაში, 2001-2004 წლებში კი - კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა.
სასულიერო კარიერა
1989 წლის 28 აგვისტოს კრასნოდარისა და ნოვოროსიისკის არქიეპისკოპოსმა ისიდორემ დიაკვნად აკურთხა.
ბერად აღიკვეცა 1989 წლის 19 დეკემბერს.
1990-1997 წლებში სხვადასხვა ეკლესიებში მსახურობდა.
1997 წელს სიკტივკარის ეპარქიაში მამათა მონასტერში მსახურობდა და ასევე იყო სიკტივკარის სასულიერო აკადემიის პრორექტორი. 1998 წლიდან დაუბრუნდა კრასნოდარის მხარეს, სადაც სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა.
2001 წელს იღუმენობა მიანიჭეს.
2004 წელს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.
2009 წლის 27 მაისს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიის მმართველად დაინიშნა.
2016 წლის 20 ნოემბერს რუსეთის პატრიარქმა კირილმა ეპისკოპოსობა უბოძა.
აფხაზეთთან ურთიერთობა
2010 წლის 12 თებერვალს მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიის ეპისკოპოსი ტიხონი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის „ინაგურაციას“ დაესწრო.
2011 წლის 15 მაისს აფხაზეთში, ახალი ათონის მონასტერში საეკლესიო-სახალხო შეკრებაზე „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ შექმნის შესახებ განაცხადეს, რამაც აფხაზეთში სხვადასხვა რეგლიგიურ ჯგუფებს შორის მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. არაკანონიკური მიტროპოლიის შექმნაში აქტიური როლი შეასრულეს ადგილობრივმა სასულიერო პირებმა, დოროფეი დბარმა და ანდრე ამპარმა, რომლებიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიის უშტატო სასულიერო პირებად ითვლებოდნენ. ისინი მაიკოპის ეპისკოპოსის ტაძარში აკურთხეს ბერებად. მიტროპოლიის შექმნის გამო 2011 წლის 26 მაისს დბარს და ამპარს მაიკოპისა და ადიღეს ეპისკოპოსმა ერთი წლით აუკრძალა სასულიერი საქმიანობა.
დბარსა და ამპარზე დაწესებული ერთწლიანი აკრძალვა 2012 წლის 11 ივნისს ადიღესა და მაიკოპოს ეპისკოპოსის ბრძანებით კიდევ სამი წლით გახანგრძლივდა, რადგან მათი მხრიდან არ გამოითქვა სურვილი თავისი ქმედებები მოენანიებიათ. 2012 წლის 22 ივნისს დბარმა და ამპარმა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის სრული გაწყვეტის შესახებ განაცხადეს. მათ მაიკოპისა და ადიღეს ეპისკოპოსის ტიხონის მიერ 2012 წლის 11 ივნისს გამოცემული განკარგულება დახიეს. დბარისა და ამპარის განცხადებით, „ამიერიდან მათ არანაირი ურთიერთობა არ აქვთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიასთან, ამიტომ ყველა ძველ და ახალ განკარგულებას ძალა აღარ აქვს“.