კონსტანტინ ზატულინი
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
კონსტანტინ ზატულინი რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც წლებია პოსტსაბჭოთა ქვეყნების, განსაკუთრებით კი კონფლიქტური რეგიონების მიმართულებით მუშაობს. სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის რანგში იგი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აქტიური ლობისტი და მხარდამჭერია. ზატულინი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ხშირად აკეთებს განცხადებებს, ამ რეგიონებში ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით მუდმივად ესწრება და განსაკუთრებით ხშირად სტუმრობს აფხაზეთს, სადაც რუს პოლიტიკოსებს შორის გამორჩეულ და საპატივსაცემო ფიგურად ითვლება. იგი საქართველოში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარებითაც გამოირჩევა.
ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები
- კონსტანტინ ზატულინი დაიბადა 1958 წლის 7 სექტემბერს სამხედრო მოსამსახურის ოჯახში, ქ. ბათუმში, აჭარის ასსრ-ში, საქართველოს სსრ-ში, საბჭოთა კავშირში. ბათუმში გატარებული ბავშვობის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ქ. სოჭში გადავიდა, სადაც ზატულინმა საშუალო სკოლა დაამთავრა.
- 1981 წელს დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1985 წელს კი ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
- 2002-2016 წლებში საავტორო გადაცემები მიყავდა „ტვ ცენტრ“-ის არხზე, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრობლემებზე.
- 2010 წელს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო, რის გამოც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასასურველ პირად გამოაცხადა.
- 2014 წელს ზატულინი ყირიმის რუსეთთან შეერთების აქტიური მხარდაჭერი იყო. 2014 წლის ივნისიდან საზოგადოებრივ საწყისებზე ყირიმის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველია. 2015 წლიდან მასზე უკრაინაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მანამდეც თავისი საქმიანობისა და განცხადებების გამო ზატულინს არაერთხელ ჰქონდა აკრძალული უკრაინაში შესვლა. მაგ. 1994-1996 წლებში ზატულინი ყირიმში სტუმრობისას უკრაინის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა, რის გამოც 1996-2007 წლებში იგი უკრაინაში არასასურველ პიროვნებად გამოაცხადეს.
- ზატულინი დიასპორისა და ინტეგრაციის ინსტიტუტის (ინსტიტუტის ძველი და უფრო ცნობილი სახელია დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტი) დირექტორი და საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს წევრია.
- ზატულინს მიღებული აქვს არაერთი ორდენი და ჯილდო პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედი სეპარატისტული რეჟიმებისგან, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისგან. 2003 წელს აფხაზეთისგან მიიღო მესამე ხარისხის ორდენი „ღირსება და დიდება“. 2008 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთისადმი გაწეული დიდი მხარდაჭერის გამო, აფხაზეთის პირველი საპატიო მოქალაქე გახდა, თავის კოლეგა დეპუტატ სერგეი ბაბურინთან ერთად. 2018 წლის 23 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა „სამხრეთ ოსეთის ხალხის სამამულო ომში გამარჯვების მე-10 წლისთავის“ მედალით დააჯილდოვა, 5 სექტემბერს კი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ღირსების ორდენით. 2019 წლის 14 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედმა „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ უნივერსიტეტისა და ზოგადად დე ფაქტო რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეებს, მათ შორის ზატულინს. როგორც „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ აღნიშნეს, აფხაზეთისადმი ზატულინის ბოლო დამსახურებაა აფხაზეთისა და რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო დოკუმენტების ურთიერთაღიარების დოკუმენტის მომზადება, რასაც სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
- გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი, მათ შორის 2011 წელს გამოსცა წიგნი „რუსეთი და აფხაზეთი: ორი ქვეყანა - ერთი ხალხი“. წიგნის პრეზენტაცია სოხუმში 2011 წლის 3 ივნისს გაიმართა, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დაკრძალვიდან მეორე დღეს. ზატულინის განცხადებით, წიგნი ძირითადად ეძღვნება პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც თავიდან აფხაზეთისათვის არასასურველ გარემოში განვითარდა და ბოლოს და ბოლოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა.
პოლიტიკური კარიერა
- უნივერისტეტის დასრულების შემდეგ 1987-1989 წლებში კომუნისტური პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მუშაობდა.
- 1989-1993 წლებში საბჭოთა კავშირის საწარმოების ახალგაზრდა ხელმძღვანელების ასოციაციის დირექტორი იყო.
- 1991-1992 წლებში მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის გუნდის წევრი გახდა. 1997-2010 წლებში ლუჟკოვის მრჩეველი იყო.
- 1993 წელს შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „მეწარმეები ახალი რუსეთისათვის“, რომელმაც პარტნიორ პარტიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დუმის პირველი მოწვევის არჩევნებში. ზატულინი სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახდა, სადაც ახლად შექმნილი დსთ-ის საქმეთა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.
- ზატულინი მეორე მოწვევის სახელმწიფო დუმაში ვეღარ მოხვდა. იგი ამ პერიოდში უკვე დაპირისპირებულია რუსეთის მოქმედ ხელისუფლებასთან. 1996 წელს დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტი (ამჟამად დიასპორისა და ინტეგრაციის ინსტიტუტი) დაარსა, რომლის უცვლელი დირექტორია დღემდე.
- 2001 წელს სახელისუფლო პარტია „ერთიანი რუსეთის“ დამფუძნებელი და წევრი იყო.
- 2003 წელს მეოთხე მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრი გახდა, სადაც დსთ-ის საქმეთა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის რიგითი წევრი იყო.
- 2007 წელს მეხუთე მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრი გახდა, სადაც 2008-2011 წლებში დსთ-ის საქმეთა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. იგი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტებთან ურთიერთობის სადეპუტატო ჯგუფის წევრი იყო.
- 2015 წლის 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრად დაინიშნა.
- 2016 წლის 18 სექტემბერს სახელისუფლო პარტია „ერთიანი რუსეთის“ სიით, ქ. სოჭიდან მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატად აირჩიეს, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
- 2021 წელს სახელისუფლო პარტია „ერთიანი რუსეთის“ სიით, ქ. სოჭიდან მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატად აირჩიეს, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა
- 2004 წლის 19 მარტს ზატულინმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე გააკეთა განცხადება. მისი შეფასებით, „საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ერთი დღეც კი არ ყოფილა ერთიანი. თუმცა, საქართველოსთვის უნიტარული სახელმწიფოს შექმნის გეგმის განხორციელება სასიკვდილოდ სახიფათოა“. ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიის ლიდერს შორის არსებული დაპირისპირების შეფასებისას ზატულინმა განაცხადა, რომ „შიდაქართული კონფლიქტები უკვე შეეხო რუსეთის ინტერესებს, რადგან იგი ვითარების სერიოზულ დესტაბლიზაციას იწვევს რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე. გარდა ამისა, ეკონომიკური ბლოკადით, რომელიც თბილისმა ავტონომიას დაუწესა, უკვე დღეს წუხდებიან რუსი სამხედროები და მათი ოჯახები (რომლებიც ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ცხოვრობენ)“.
- 2004 წლის ოქტომბერ-ნოემბერში აფხაზეთში გამართულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებს ზატულინი დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო. არალეგიტიმური არჩევნების დროს პოლიტიკური პროცესები სკანდალურად განვითარდა. საბოლოო ჯამში კონკურენტები, სერგეი ბაღაფში და რუსეთის ფავორიტი რაულ ხაჯიმბა, 2005 წლის 12 იანვარს დაგეგმილ არჩევნების გადამწყვეტ ტურში ერთობლივად - პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ტანდემში წარდგნენ.
- 2008 წლის 21 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან მოკლე ხანში ზატულინმა განაცხადა, რომ „სახელმწიფო დუმამ უნდა მიიღოს შესაბამისი განცხადება და უნდა დააყენოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი და ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ბრძანება, რომლითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იხელმძღვანელებს“. ზატულინის აზრით, რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო ყოფნა უნდა უზრუნველყოს.
- 2010 წლის 3 აპრილს სოხუმში კონფერენციაზე „რუსეთი-აფხაზეთი, 200 წელი ერთად“ ზატულინმა და ცნობილმა აფხაზმა ისტორიკოსმა და საზოგადო-პოლიტიკურმა მოღვაწემ სტანისლავ ლაკობამ აფხაზეთის ისტორიისა და XIX საუკუნეში რუსულ-აფხაზური ურთიერთობების ზოგიერთ საკითხზე იკამათეს. ზატულინმა უკმაყოფილება გამოთქვა ლაკობას მოსაზრების გამო, რომელიც სასწავლო წიგნებშიც არის შეტანილი, რომ აფხაზეთის მმართველის პროთურქულად განწყობილი შვილი ავტორიტეტით სარგებლობდა აფხაზურ საზოგადოებაში, პრორუსულად განწყობილი მეორე ძმა კი - არა.
- 2011 წლის 2 ივნისს ზატულინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. დაკრძალვის ცერემონიას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინიც დაესწრო. დაკრძალვიდან მეორე დღეს სოხუმში ზატულინის წიგნის - „რუსეთი და აფხაზეთი: ორი ქვეყანა - ერთი ხალხი“ პრეზენტაცია მოეწყო.
- 2014 წლის 24 აგვისტოს აფხაზეთში გამართულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებს ზატულინი დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო. არჩევნების შედეგად აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გახდა. მისი შეფასებით, „ხაჯიმბას გამარჯვება სამართლიანი იყო“. ხაჯიმბას შეფასებისას ზატულინმა განაცხადა, რომ „ხაჯიმბა 2004 წელთან შედარებით ძალიან შეიცვალა. იგი სერიოზული საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე გახდა, რისი დადასტურებაც მისი განცხადებაა, რომ ყველა დამარცხებული კანდიდატი დასაქმდება“. ზატულინმა ასავე განაცხადა, რომ „რუსეთს ოფიციალურ დონეზე არ ჰქონდა ფსონი დადებული არჩევნებში მონაწილე რომელიმე კანდიდატზე, როგორც ეს 2004 წელს იყო. თუმცა, გარკვეული პირადი სიმპატიები იყო, მაგალითად, მე ახლა შემიძლია ვაღიარო, რომ ხაჯიმბას მიმართ ვიყავი კეთილგანწყობილი.“
- 2017 წლის 12 მარტს ზატულინი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის არალეგიტიმურ არჩევნებს რუსი დეპუტატების დელეგაციასთან ერთად დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო. შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული მისი შეფასებით, „არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა“.
- 2018 წლის 26 იანვარს სახელმწიფო დუმაში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის გარკვეული კატეგორიის რუსეთის მოქალაქეების წამლებითა და სამედიცინო ნაწარმით უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის დროს ზატულინი წინადადებით გამოვიდა აფხაზეთში რუსეთის სამედიცინო ცენტრი გაეხსნათ, რასაც მისი აზრით მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა ექნებოდა. ზატულინის განცხადებით, „აფხაზეთის მოსაზღვრე ზუგდიდის რაიონში სამედიცინო ცენტრია გახსნილი, სადაც სრულიად უფასოდ, პრობლემების გარეშე იღებენ აფხაზეთის მოქალაქეებს, მხოლოდ იმისთვის რომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე იმკურნალონ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჰუმანური მიზნების გარდა თუ რისთვის კეთდება ეს.“
- 2018 წლის 27 ივლისს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ზატულინმა განაცხადა, რომ დღევანდელი დღისთვის ვერ ხედავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დსთ-ში შესვლის პერსპექტივებს. მისი თქმით, „დსთ - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე შეიქმნა, სადაც შედიოდა საქართველოც, როგორც მოკავშირე სახელმწიფო. ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი კი საქართველოს ავტონომიები იყვნენ და არა ცალკე მოკავშირე რესპუბლიკები.“
- 2018 წლის 3 აგვისტოს ზატულინი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული პრეს-ტურის ფარგლებში მოეწყო.
- 2018 წლის აგვისტოში ზატულინი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებიდან 10 წლისთავზე ესტუმრა. ზატულინმა აფხაზეთში 22-23 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. იგი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბასაც შეხვდა. 26 აგვისტოს ზატულინი ცხინვალის რეგიონის საპატიო სტუმარი იყო. მისი განცხადებით, იგი ბოლოს ცხინვალში 2008 წლის 10 აგვისტოს ომის მიმდინარეობის დროს იმყოფებოდა და ამის შემდეგ ცვლილებები სახეზეა. ზატულინის თქმით, ახლა მათი ამოცანაა ისწრაფონ რუსეთსა და ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს შორის წინაღობების, კერძოდ სასაზღვრო, საბაჟო და სხვა ბარიერების სრული მოხსნისთვის.
- 2018 წლის 30 სექტემბერს სოხუმში „1992-1993 წლების სამამულო ომში აფხაზი ხალხის გამარჯვების“ 25-ე წლისთავზე რუსული დელეგაციაც იმყოფებოდა, რომლის ხელმძღვანელიც ზატულინი იყო. 29-20 სექტემბერს გაგრაში XVII ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირი მოეწყო, რომელიც ყოველწლიურად ეწყობა ზატულინისა და დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის ორგანიზებით. ზატულინის ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტისა და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის საერთაშორისო, საპარლამენტაშორისი კავშირებისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც სოციალური სფეროს, თავდაცვისა და უშიშროების საკითხები განიხილეს.
- 2019 წლის 28 ივნისს, სოხუმში, მრგვალი მაგიდა - „სურთ თუ არა რუსებს ომი?“ გაიმართა, რომელიც ვეტერანი მშვიდობისმყოფელების, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ინსტიტუტის ინიციტიავით ჩატარდა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ზატულინმაც.
- 2019 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც დამკვირვებლის სტატუსით რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიის საერთაშორისო პრეს-ცენტრში რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებმა არჩევნების მიმდინარეობა შეაფასეს. დელეგაციის სახელით შეფასებები ზატულინმა გააკეთა. ზატულინის განცხადებით, „არჩევნები - აფხაზი ხალხის შიდა საქმეა და მოსკოვი ნებისმიერ მის არჩევანს პატივს სცემს“. მან პოლიტიკურ ჯგუფებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არჩევნები დესტაბილიზაციის მიზეზი არ უნდა გახდეს. მისი შეფასებით, დამკვირვებლებს არჩევნებზე სერიოზული დარღვევები არ დაუფიქსირებიათ.
- 2020 წლის 19 მარტს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ რატიფიკაცია გაუკეთა დამატებით შეთანხმებას, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის ცალკეული კატეგორიის მოქალაქეების წამლებით დახმარებას 2022 წლის ბოლომდე ითვალისწინებს. შეთანხმების განხილვის დროს ზატულინა რუსეთის მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დახმარებისკენ მოუწოდა. ზატულინმა ასევე გამონაკლისის სახით მოითხოვა რუსეთში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა. სამედიცინო დახმარების კონტექსტში ზატულინმა აფხაზეთში რუსული საავადმყოფოს მშენებლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რადგან მისი აზრით, საკითხი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, საქართველომ შეცვალა ტაქტიკა და აფხაზეთში მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.
- 2022 წლის 12 აპრილს ახლადარჩეული აფხაზეთის არალეგიტიმური პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა. საპატიო სტუმრის რანგში სხდომას ზატულინიც ესწრებოდა.
- 2022 წლის 31 მაისს მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით „აფხაზური ფორუმი“ გაიმართა. ფორუმის მიზანი იყო რუსული აუდიტორიისთვის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია, რუსეთის რეგიონებში აფხაზეთის საინვესტიციო იმიჯის მიმზიდველობის ფორმირება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ზატულინიც.
- 2022 წლის 1 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ოკუპირებულ აფხაზეთს. ვოლოდინის ვიზიტის ოფიციალური მიზანი იყო რუსეთის სახელმწიფო დუმასა და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა. ვოლოდინის დელეგაციის წევრები იყვნენ: სახელმწიფო დუმის თამჯდომარის მოადგილე სერგეი ნევეროვი, სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი და ზატულინი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპალოვი, ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე სანგაჯი ტარბაევი, საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სვეტლანა ჟუროვა.