მთავარი ფიგურები

ლეონიდ კალაშნიკოვი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე

ლეონიდ კალაშნიკოვი სახელმწიფო დუმაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეა. მისი უშუალო მოვალეობაა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარება. თავისი თანამდებობიდან გამომდინარე იგი ხშირად აკეთებს კომენტარებს საქართველოს საკითხზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. იგი ასევე პერიოდულად მასპინძლობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებს და თავადაც მნიშვნელოვანი მოვლენების დროს სტუმრობს აღნიშნულ რეგიონებს.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • ლეონიდ კალაშნიკოვი დაიბადა 1960 წლის 6 აგვისტოს, სოფ. სტეპნოი დვარეცში, კაბანის რაიონში, ბურიატიის ასსრ-ში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • მშობლების ადრეულ ასაკში დაკარგვის გამო ქ. ულან-უდეში საბავშვო სკოლა-ინტერნეტში იზრდებოდა.
  • 1982 წელს ქ. ულან-უდეში დაამთავრა აღმოსავლეთ-ციმბირის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მანქანათმშენებლობის სპეციალობით. სტუდენტობის პერიოდში სერიოზულად იყო სპორტით გატაცებული. იგი წყალქვეშა ცურვასა და ხუთჭიდში სპორტის ოსტატი იყო. რუსეთის ნაკრების სახელით საერთაშორისო დონის შეჯიბრებებში მონაწილეობდა.
  • საბჭოთა პერიოდში პარტიული ცხოვრება ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო, როდესაც კომკავშირის სკოლა დაამთავრა. 1985 წელს კი - საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა.
  • ამჟამად კალაშნიკოვი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში პარტიის მდივანია.
  • კალაშნიკოვის სახელი ფიგურირებს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხზე ევროკავშირისა და კანადის მიერ დაწესებულ სანქციების სიაში

პროფესიული კარიერა

  • 1982 წლიდან, სწავლის დამთავრების შემდეგ, კალაშნიკოვმა მუშაობა დაიწყო ოდესაში მანქანათმშენებლობის ქარხანაში.
  • 1983 წლიდან მუშაობა დაიწყო „ავტოვაზ“-ის ქარხანაში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე ოსტატიდან დაწყებული ქარხნის კომკავშირის ხელმძღვანელად დამთავრებული. „ვაზ“-ის ქარხანაში პარტიული კომიტეტის მდივნის მოადგილე იყო. ამავე პერიოდში ქ. ტოლიატიში საქალაქო საბჭოს დეპუტატად აირჩიეს.
  • 1990-იან წლებში სამრეწველო-კომერციული ფირმის „ინკომ ავტო“-ს ხელმძღვანელი იყო.
  • 1996 წლიდან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. 1996 წლიდან „ერთიანი ელექტროენერგეტიკული კომპლექსის“ კორპორაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. იგი ანატოლი ჩუბაისის ენერგეტიკის სფეროს რეფორმის წინააღმდეგ გამოდიოდა.
  • საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეწყვეტილი პარტიული ცხოვრება 2000 წლიდან კვლავ განაახლა, როდესაც კალაშნიკოვი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წევრი და პარტიის ლიდერის გენადი ზიუგანოვის მრჩეველი გახდა.
  • 2006 წელს „მუშათა გაზეთი“-ის მთავარ რედაქტორად დაინიშნა.
  • 2008 წელს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი გახდა. მდივნის რანგში იგი საერთაშორისო და ეკონომიკურ კავშირებს კურირებდა.
  • 2010 წლის აპრილში ერთ-ერთი დეპუტატის გარდაცვალების გამო სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახდა. იგი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.
  • 2011 წელს კომუნისტური პარტიის სიით აირჩიეს მეექვსე მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრად სამარის ოლქიდან. იგი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.
  • 2016 წელს კომუნისტური პარტიის სიით მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრი გახდა. 6 ოქტომბერს კალაშნიკოვი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო პარტია კომიტეტში უმრავლესობით იყო წარმოდგენილი. კომიტეტის თავმჯდომარედ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ არჩევნების შემდეგ მალევე განაცხადა პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა, რომელიც თავადაც ამ კომიტეტის წევრი იყო. კალაშნიკოვმა დანიშვნის მეორე დღესვე კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობების საკითხები განიხილა.
  • კალაშნიკოვის მიწვევით 2017 წლის 11 ივლისს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტში  შეხვედრა გამართა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სამმა დეპუტატმა, გიორგი ლომიამ, ადა მარშანიამ და ნატო ჩხეიძემ. შეხვედრაზე საპარლამენტაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრიდან სამ თვეში, 2017 წლის 3 ოქტომბერს კალაშნიკოვი კიდევ ერთხელ შეხვდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებს. შეხვედრის დროს კალაშნიკოვმა რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელი იყო. კალაშნიკოვისა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მორიგი შეხვედრა, მოსკოვში, 2019 წლის 15 ივლისს გაიმართა.
  • 2021 წელს კომუნისტური პარტიის სიით მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრი გახდა. 6 ოქტომბერს კალაშნიკოვი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2018 წლის ივნისში, კალაშნიკოვი მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო სპიკერს ვალერი კვარჩიას შეხვდა, რომელთანაც ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილა
  • 2018 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ათი წლისთავზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სოხუმში რუსეთის დელეგაციას, მათ შორის კალაშნიკოვსაც შეხვდა. კალაშნიკოვის განცხადებით, აფხაზეთის რესპუბლიკა იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა დაიცვა დამოუკიდებლობა. 
  • 2019 წლის 9 ოქტომბერს, აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაში ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობა რუსეთის წარმომადგენლებმაც მიიღეს. მათ შორის იყო კალაშნიკოვიც.
  • 2022 წლის 17 თებერვალს აფხაზეთის დე ფააქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა  მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის წევრებსაც შეხვდა. შეხვედრაზე კომიტეტის ბაზაზე კომისიის შექმნაზე ისაუბრეს, რომელიც ბიზნესისთვის აფხაზეთის მიმზიდველობის საკითხს განიხილავს. კალაშნიკოვის განცხადებით, საკითხი არძინბასთან შეხვედრაზე განიხილეს. კომისიის შექმნის ინიციატივა არძინბას ეკუთვნოდა.
  • 2022 წლის 25 მაისს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტში რუსულ-აფხაზური სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რუსი დეპუტატების გარდა, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც. რუსეთის მხრიდან არაერთი საყვედური გაისმა. კალაშნიკოვმა აფხაზურ მხარეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის („არჩევნებში“ მონაწილეობის მსურველებისთვის და ჩინოვნიკებისთვის აფხაზური ენის სავალდებულო ცოდნის მოთხოვნა) გამო უსაყვედურა, რომელიც, მისი აზრით, რუსული ენის დისკრიმინაციას მოახდენს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ განცხადება გააკეთა აფხაზეთში რუსული ენის გამოყენების შესახებ.
  • 2022 წლის 1 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ოკუპირებულ აფხაზეთს. ვოლოდინის ვიზიტის ოფიციალური მიზანი იყო რუსეთის სახელმწიფო დუმასა და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა. ვოლოდინის დელეგაციის წევრები იყვნენ: სახელმწიფო დუმის თამჯდომარის მოადგილე სერგეი ნევეროვი, კალაშნიკოვი და მისი პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპალოვი, ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე სანგაჯი ტარბაევი, საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სვეტლანა ჟუროვა.
  • 2023 წლის 26 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა. დელეგაციის ვიზიტი რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების (2008 წლის 26 აგვისტო) 15 წლისთავს უკავშირდებოდა. დელეგაციის წევრი იყო კალაშნიკოვიც, რომელიც „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვეს.