ალექსანდრ დვორნიკოვი
რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური (ყოფილი)
ძირითადი ბიოგრაფიული ცნობები
- ალექსანდრ დვორნიკოვი დაიბადა 1961 წლის 22 აგვისტოს, ქ. უსურიისკში, პრიმორსკის მხარეში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
- 1978 წელს დაამთავრა უსურიისკის სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებელი.
- 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი.
- 1991 წელს დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.
- 2005 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია.
- სამხედრო კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება და არაერთი ჯილდო: „სამხედრო დამსახურებისათვის“, ორდენი თავდადებისათვის, „სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის“ III და IV ხარისხის ორდენები, „სამშობლოსათვის სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისათვის“ III ხარისხის ორდენი და ასევე რუსეთის ფედერაციისა და სსრკ-ის სხვა სახელმწიფო და საუწყებო ორდენები.
- დვორნიკოვი გენერალ-პოლკოვნიკია.
სამხედრო კარიერა
- დვორნიკოვი სასწავლებლის დასრულების შემდეგ შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა, მათ შორის იყო ოცეულისა და ასეულის მეთაური, ბატალიონის შტაბის უფროსი.
- 1991 წლიდან ჯერ მოადგილე, შემდეგ კი ჯარების დასავლეთ დაჯგუფების მოტომსროლელი ბატალიონის მეთაური იყო.
- 1995-2000 წლებში მოსკოვის სამხედრო ოლქში პოლკის მეთაური და პოლკის შტაბის უფროსი იყო.
- 2000-2003 წლებში ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში დივიზიის შტაბის უფროსი და შემდეგ მოტომსროლელი დივიზიის მეთაური იყო.
- 2005 წლიდან გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ ციმბირის სამხედრო ოლქში ჯერ არმიის მეთაურის მოადგილე, შემდეგ კი - არმიის შტაბის უფროსი იყო.
- 2008-2010 წლებში შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის არმიის მეთაური იყო.
- 2012 წლის აპრილში ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურის პირველ მოადგილედ, შტაბის უფროსად დანიშნეს.
სირიაში რუსეთის ჯარების მეთაური
- 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით სირიაში რუსეთის საჯარისო დანაყოფების პირველი მეთაური იყო. რუსეთი სირიაში სამხედრო კონფლიქტში 2015 წლის 30 სექტემბერს ჩაერთო. რუსული მედიის ინფორმაციით, სირიაში დვორნიკოვის მოღვაწეობის პერიოდში რუსეთის ავიაციამ 9 ათასი საბრძოლო გაფრენა განახორციელა, კასპიის ზღვის აკვატორიიდან განხორციელდა ფრთოსანი რაკეტების გაშვება, განადგურდა სირიის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ მყოფი 200-ზე მეტი ნავთობ მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმო. რუსეთის ავიაციის მონაწილეობით სირიის პრეზიდენტმა კონტროლი აღადგინა 400 დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის ისტორიული მნიშვნელობის პალმირაზე.
სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური
- 2016 წლის 20 სექტემბერს დვორნიკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, სამხრეთის სამხედრო ოლქის (სსო) ჯარების მეთაურად დაინიშნა. დვორნიკოვი უკვე 1 ივლისიდან ასრულებდა სსო-ის მეთაურის მოვალეობას და მან ოფიციალურ დანიშვნამდე აფხაზეთში ვიზიტიც მოასწრო. დვორნიკოვმა სსო-ის მეთაურად ალექსანდრ გალკინი შეცვალა, რომელიც ამ ოლქის მეთაური იყო 2010 წლის დეკემბრიდან. დვორნიკოვის დაქვემდებარებაშია სსო-ის შემადგენლობაში შემავალი მე–7 სამხედრო ბაზა გუდაუთაში და მე–4 სამხედრი ბაზა ცხინვალსა და ჯავაში.
- 2023 წლის 23 იანვარს დვორნიკოვი სერგეი კუზოვლევმა ჩაანაცვლა.
აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა
- 2017 წლის 2 თებერვალს იგი პირადად ჩავიდა ცხინვალში და რუსული სამხედრო ბაზის საბრძოლო მომზადების დონე დაუგეგმავად შეამოწმა.
- 2017 წლის 16 მაისს დვორნიკოვმა აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სამხედრო ტექნიკის მდგომარეობა შეამოწმა.
- 2017 წლის 30 ივნისს დვორნიკოვი აფხაზეთს ესტუმრა და აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ მერაბ ქიშმარიას შეხვდა. შეხვედრაზე სამხედრო სფეროში ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.
- ვიზიტის პერიოდში დვორნიკოვი წებელდას სამხედრო პოლიგონზე აფხაზურ-რუსულ ერთობლივ ტაქტიკურ წვრთნებსაც დაესწრო.
- 2017 წლის ნოემბერში გუდაუთაში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედროების 78 ოჯახმა ახალი ბინები მიიღო. ახალი ბინების გასაღები სამხედროებს უშუალოდ დვორნიკოვმა გადასცა.
- 2018 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ორმხრივი წვრთნები ჩატარდა, სადაც დვორნიკოვმა მეთაურების არასტანდარტული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი შეამოწმა. წვრთნებში 2 ათასი სამხედრო და 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა.
- 2019 წლის ივლისში სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის მოტომსროლელი შენაერთების მოწინავე დანაყოფებმა ცხინვალის რეგიონის მთიან ადგილებში, მამისონის უღელტეხილისა და როკის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიებზე, დესანტირება განახორციელეს. დესანტირება ოლქის სამხედრო შენაერთების საბრძოლო მომზადების შემოწმების ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც დვორნიკოვი ხელმძღვანელობდა. სულ სამხედრო წვრთნებში 6000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და დაახლოებით 1500-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული.