დენის გონჩარი
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობას დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტი (4ДСНГ) კურირებს. დეპარტამენტის პასუხისმგებლობის სფეროა აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, 2008 წლიდან კი - საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. 2019 წლის 4 აპრილიდან დეპარტამენტის დირექტორია დენის გონჩარი, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის „საელჩოების“ საქმიანობის კოორდინაცია და საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის მექანიზმის ფარგლებში რუსეთში ოკუპირებული რეგიონების „ელჩებთან“ საკონსულტაციო შეხვედრების გამართვა.
ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები
- დენის გონჩარი დაიბადა 1973 წლის 9 ნოემბერს.
- 1996 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი.
- 2017 წლის 10 თებერვალს მიენიჭა მე-2 კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
- დაჯილდოებულია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით „წარჩინებისთვის“.
- ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და არაბულ ენებს.
პროფესიული კარიერა
- გონჩარი 1996 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ასევე უცხოეთში.
- 2003 წელს გონჩარი საქართველოში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, საელჩოს პრეს-ატაშე იყო. ამ პერიოდში საქართველოში რუსეთის ელჩი ვლადიმირ ჩხიკვიშვილი (2002-2006) იყო. საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში გონჩარი პერიოდულად აკეთებდა კომენტარებს სხვადასხვა საკითხებზე:
- 2003 წლის 21 ოქტომბერს, გონჩარმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშის, ვალერი ლასტოვსკის ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრის შესახებ. გონჩარმა კომენტარი გააკეთა ლასტოვსკის ჯანმრთელობისა და ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ.
- 2003 წლის 22 ნოემბერს, გონჩარის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თბილისში რუსეთის საელჩოს შენობის უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. გონჩარის თქმით, საელჩომ ქართულ მხარეს საელჩოს შენობის გარე დაცვის გაძლიერების თხოვნით მიმართა.
- 2003 წლის 5 დეკემბერს, გონჩარმა საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა საელჩოს მრჩეველ-დესპანზე, ვიქტორ რინზაზე შეიარაღებული თავდასხმის დროული გამოძიება.
- 2007-2011 წლებში ეუთო-ში (ვენა, ავსტრია) რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მრჩეველია.
- 2011-2018 წლებში აშშ-ში რუსეთის ფედერაციის საელჩოს უფროსი მრჩეველი, მრჩეველი-დესპანია.
- 2017 წლის 22 ივლისი-2017 წლის 21 აგვისტოს პერიოდში აშშ-ში რუსეთის საელჩოში ელჩის მოვალეობას ასრულებდა. გონჩარმა ელჩის მოვალეობის შესრულება სერგეი კისლიაკის მიერ მისიის დასრულების შემდეგ დაიწყო, რომლის სახელიც აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში ფიგურირებს.
- 2018-2019 წლებში, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, გონჩარი საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
- 2019 წლის 4 აპრილს პრეზიდენტის ბრძანებით, გონჩარი დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. მან ამ პოსტზე ალექსეი პავლოვსკი შეცვალა, რომელიც დეპარტამენტის დირექტორი იყო 2011-2019 წლებში. პავლოვსკი 2019 წლის 3 აპრილს ავსტრალიაში რუსეთის ელჩად დაინიშნა.
აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა
- 2019 წლის 20 ივნისს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო-პოლიტიკური კოორდინაციის მექანიზმის ფარგლებში მორიგი კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღო რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩმა იგორ ახბამ და გონჩარმა. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობის აქტუალური თემები, საგარეო პოლიტიკური კოორდინაციის ძირითადი საკითხები, მათ შორის აფხაზეთის მაცხოვრებლების რუსეთის სასწავლებლებში სწავლის საკითხიც.
- 2021 წლის 3 მარტს, მოსკოვში, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში 2021-2022 წლების კონსულტაციების გეგმას მოეწერა ხელი. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და გონჩარიც ესწრებოდნენ.
- 2022 წლის 10 დეკემბერს გონჩარმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან - „ТАСС“ ინტერვიუში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების შესახებაც ისაუბრა. გონჩარის განცხადებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკები რუსეთის უახლოესი მოკავშირეები არიან და ამას ადასტურებს უკანასკნელ პერიოდში გააქტიურებული „პარლამენტთაშორისი“ დიალოგი.
- 2023 წლის 4 აგვისტოს გონჩარმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან - „ТАСС“ ინტერვიუში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებაც ისაუბრა: 11-12 ივლისს ჟენევაში დისკუსიების მორიგი რაუნდის შედეგების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ აღნიშნული მოლაპარაკების ფორმატში მიმდინარე სამუშაო ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება; რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის, „სამხრეთი ოსეთისა“ და საქართველოს გავლით სატრანზიტო მიმოსვლის პრობლემა პერიოდულად განიხილება ერევანთან; ვემზადებით რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავისთვის; აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი გადახედვას არ ექვემდებარება; რუსეთის მიზანია გრძელვადიანი სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარება მოძმე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ხალხებთან, რომლებთანაც ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ისტორიული კავშირები.
- 2023 წლის 3 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვდა. ბჟანია-ლავროვის შეხვედრის შემდეგ ლავროვმა და არძინბამ ხელი მოაწერეს „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“. შეხვედრაში რუსეთის მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ გონჩარი, მისი მოადგილე ალექსეი სინეგუბოვი და აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ მიხაილ შურგალინი.
- 2023 წლის 3 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევს შეხვდა. გაგლოევ-ლავროვის შეხვედრის შემდეგ ლავროვმა და ჯიოევმა ხელი მოაწერეს „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“. შეხვედრაში რუსეთის მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ გონჩარი, მისი მოადგილე ალექსეი სინეგუბოვი და ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი.
- 2023 წლის 17 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი გონჩარს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განიხილებეს რეგიონული უსაფრთხოებისა და რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმა”.
- 2023 წლის 9 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ გონჩარს დაბადების დღე მიულოცა.
- 2023 წელის 11 დეკემბერს რუსეთში აფხაზეთის „ელჩი“ ალხას კვიცინია გონჩარს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკის, სოციალური სფეროს, საგარეოპოლიტიკური კოორდინაციის საკითხები.