მთავარი ფიგურები

ანდრეი რუდენკო

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ანდრეი რუდენკო დაიბადა 1962 წლის 24 სექტემბერს, ქ. მოსკოვში, რსსფრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1985 წელს დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  • ინგლისურის გარდა ფლობს ჩინურ ენას.
  • 2018 წლის 3 სექტემბერს მიენიჭა 1 კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
  • 2019 წლის 29 მაისს უმაღლესმა ევრაზიის ეკონომიკურმა საბჭომ „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ მედალით დააჯილდოვა.

პროფესიული  კარიერა

  • 1985 წლიდან, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.
  • მუშაობდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე, როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ასევე უცხოეთში.
  • 2007-2011 წლებში  სამინისტროს საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი იყო.
  • 2011-2016 წლებში ვენაში, ავსტრიაში, ეუთო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო. ამ პერიოდში წარმომადგენლობის უფროსი იყო ანდრეი კელინი (2011-2015), რომელიც 2005-2011 წლებში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი და სამხრეთ კავკასიის კურატორი იყო. 2015-2016 წლებში წარმომადგენლობის უფროსი ალექსანდრ ლუკაშევიჩი იყო. რუდენკო ეუთო-ში მუშაობის პერიოდში, ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე, ხშირად გამოდიოდა მოხსენებებით, მათ შორის მან არაერთი შეფასება გააკეთა  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგებზე.
  • 2016 წლის მარტში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეორე დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. რუდენკო ბელორუსიას, უკრაინასა და მოლდავეთთან ურთიერთობებს კურირებდა. ამავე წლიდან სამინისტროს კოლეგიის წევრია.
  • 2019 წლის 19 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მისი საკურატორო სფეროა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, ასევე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა.
  • 2022 წლის დეკემბერში რუდენკო აზიის მიმართულების კურატორი გახდა. დსთ-ის ქვეყნებთან, ასევე საქართველოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის კურატორი კი, მიხაილ გალუზინი გახდა, რომელიც 25 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.

აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2019 წლის 24 სექტემბერს, მოსკოვში, რუდენკომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ვითარება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან განიხილა. შეხვედრის მიზანი 8 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მომზადება იყო.
  • 2019 წლის 25 სექტემბერს, რუდენკომ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გრიგორი კარასინის წასვლის შემდეგ (2019 წლის 10 სექტემბერი), აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატის შენარჩუნების საკითხი განიხილება. მისი თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ თბილისთან დიალოგის ეს არხი შენარჩუნდება.
  • 2019 წლის 30 სექტემბერს, მოსკოვში, რუდენკო აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მომზადება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს აფხაზურ-რუსული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და საგარეო-პოლიტიკური ურთიერთქმედების ძირითადი მიმართულებები.
  • 2019 წლის 4 ოქტომბერს, მოსკოვში, რუდენკო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მომზადება.
  • 2019 წლის 8 ოქტომბერს, რუდენკომ განაცხადა, რომ რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობები აღადგინოს და იმედი აქვს, რომ მდგომარეობა ივნისის მოვლენებამდე (იგულისხმება 2019 წლის 20 ივნისს თბილისში მომხდარი მოვლენები) არსებულ ვითარებას დაუბრუნდება. რუდენკოს განცხადებით, 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ და მათი საუბარი იყო კონკრეტული და რუსულ მხრეს მდგომარეობის ნორმალიზაციის იმედი აქვს.
  • 2019 წლის 8-9 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი გაიმართა. შეხვედრაში პირველად მიიღო მონაწილეობა რუდენკომ. მანამდე ჟენევის შეხვედრებში რუსეთს გრიგორი კარასანი წარმოადგენდა.
  • 2019 წლის 1 ნოემბერს, რუდენკო რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ელჩს, იგორ ახბას შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების საკითხები და აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების გამყარების მიმართულებით საგარეო-პოლიტიკური ქმედებები განიხილეს. ამავე დღეს, რუდენკო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარსაც შეხვდა. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ვითარება და ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
  • 2019 წლის 5 დეკემბერს, მოსკოვში, რუდენკო აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მომზადება. ამავე დღეს, რუდენკო პოლიტიკური პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
  • 2019 წლის 10-11 დეკემბერს, ჟენევაში, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 50-ე რაუნდი გაიმართა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი რუდენკო იყო.
  • 2019 წლის 19 დეკემბერს, რუდენკო აბხაზ-აბაზინთა მსოფლიო კონგრესის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მუსა ეკზეკოვს შეხვდა. შეხვედრაზე სამინისტროსა და კონგრესს შორის თანამშრომლომობის გაგრძელების საკითხები განიხილეს.
  • 2020 წლის 6 თებერვალს რუდენკო სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს. განსაკუთრებული ყურადღება საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონთან არსებულ დე ფაქტო საზღვარზე, არსებულ ვითარებას დაეთმო. მხარეებმა დაძაბულობის დეესკალაციისთვის გადასადგმელი შესაძლო ნაბიჯები განიხილეს.
  • 2020 წლის 2 მარტს რუდენკო რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩს ზნაურ გასიევს შეხვდა. შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის ჟენევის დისკუსიებისა და რეგიონული უსაფრთხოების თემები.
  • 2021 წლის 3 მარტს, მოსკოვში, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში 2021-2022 წლების კონსულტაციების გეგმას მოეწერა ხელი. შეხვედრას რუდენკო და დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი დენის გონჩარიც ესწრებოდნენ.
  • 2021 წლის 9 მარტს რუდენკომ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები მიიღო. შეხვედრის განხილვის თემა სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოება იყო.
  • 2021 წლის 25-26 მარტს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 52-ე რაუნდი გაიმართა. შეხვედრაში რუდენკოც მონაწილეობდა. მისი თქმით, 52-ე რაუნდს „დიდი გარღვევა“ არ მოჰყოლია, თუმცა დიალოგი უნდა გაგრძელდეს
  • 2021 წლის 16 ივნისს რუდენკო ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. მხარეებმა ივნისის ბოლოს დაგეგმილი მორიგი რაუნდის დეტალებზე იმსჯელეს.
  • 2021 წლის 26 ივნისს რუდენკო შეხვდა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის „დელეგაციების“ ხელმძღვანელებს - მურატ ჯიოევსა (პოსტკონფლიქტურ საკითხებში ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელს) და ირაკლი ტუჟბას (აფხაზეთის საგარეო საქმეთა „მინისტრის“ მოადგილეს). შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა და საკონსულტაციო სახის იყო.
  • 2021 წლის 29-30 ივნისს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას რუდენკოც დაესწრო. ის რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. შეხვედრის ფარგლებში რუსული მხარე გამოვიდა იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივით, რომელიც თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს ერთმანეთის მიმართ ძალის არგამოყენებას დააკისრებს.
  • 2021 წლის 8 ოქტომბერს რუდენკო შეხვდა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის „დელეგაციების“ ხელმძღვანელებს - მურატ ჯიოევსა (პოსტკონფლიქტურ საკითხებში ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელს) და ირაკლი ტუჟბას (აფხაზეთის საგარეო საქმეთა „მინისტრის“ მოადგილეს). შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 54-ე რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა და საკონსულტაციო სახის იყო.
  • 2021 წლის 3 დეკემბერს რუდენკო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების აფხაზეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას შეხვდა. შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდის დღის წესრიგსა და პოზიციებზე შეთანხმდნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეთანხმების დადების საკითხს ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და ასევე რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემას. შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზეც.
  • 2022 წლის 9 მაისს რუდენკომ განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევის გამარჯვების შემდეგ, რუსეთს იმედი აქვს, რომ „სამხრეთ ოსეთთან ურთერთობებში შენარჩუნდება მემკვიდრეობითობა“.
  • 2022 წლის 19 მაისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. რუდენკოს განცხადებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით შეძლებენ, ისე რომ უარის თქმა არ მოუწევთ საკუთარ „მოქალაქეობაზე“. რუდენკოს თქმით, რატიფიკაცია აჩვენებს „სამხრეთის ოსეთისადმი, რომელიც ჩვენი უახლოესი მეზობელია, ჩვენი მხარდაჭერის უცვლელ ხაზს“.
  • 2022 წლის 15 ივნისს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია, დე ფაქტო პრეზიდეტ ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით, რუსულ მხარეს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის გამართვის საკითხი იყო. რუსეთის დელეგაციაში შედიოდნენ პრეზიდენის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ კოსაჩევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი  და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე სერგეი ბოვენკო და რუდენკო.