მთავარი ფიგურები

ევგენი პრიმაკოვი

დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს თავმჯდომარე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ევგენი პრიმაკოვი (ევგენი პრიმაკოვი უმცროსი) დაიბადა 1976 წლის 29 აპრილს ქ. მოსკოვში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში. მისი ბაბუა, ასევე ევგენი პრიმაკოვი (1929-2015), ცნობილი საბჭოთა და რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელსაც სხვადასხვა პერიოდში ეკავა მაღალი თანამდებობები: საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი (1991-1996), საგარეო საქმეთა მინისტრი (1996-1998), პრემიერ-მინისტრი (1998-1999). ცნობილია, რომ ევგენი პრიმაკოვ უფროსს კავშირები ჰქონდა საქართველოსთან, სადაც მან თავისი ბავშვობა გაატარა. მისი პირველი მეუღლე, ევგენი პრიმაკოვი უმცროსის ბებია, ეთნიკურად ქართველი ლაურა ხარაძე იყო, რომელიც 1987 წელს გარდაიცვალა.
  • 1999 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით.
  • 2010 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსული ჰუმანიტარული მისიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი  და გენერალური დირექტორი გახდა. ორგანიზაციის მიზანია ომებისა და კატასტროფების შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და ბალკანეთში. იგი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელია.

ჟურნალისტური კარიერა

  • ევგენი პრიმაკოვს მდიდარი ჟურნალისტური გამოცდილება აქვს. ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდში მისი ფსევდონიმი იყო ევგენი სანდრო. სახელი სანდრო მამის, ალექსანდრ პრიმაკოვის პატივსაცემად აიღო, რომელიც ხუთი წლის ასაკში გარდაეცვალა.
  • პრიმაკოვი მცირე ხნით ჟურნალისტად მუშაობდა რადიო „Эхо Москвы“-ში, სააგენტო „ИТАР-ТАСС“-ში, ჟურნალ „Коммерсант-Деньги“-ში.
  • 2002 წლიდან სატელევიზიო არხის - „ТВС“-ის საინფორმაციო პროგრამის სამხედრო კორესპონდენტი იყო. მუშაობდა ისრაელსა და ერაყში.
  • 2003 წლიდან სატელევიზიო არხის - „НТВ“-ს საინფორმაციო და სამხედრო კორესპონდენტი იყო. ძირითადად მუშაობდა ცხელ წერტილებში: ისრაელში, პალესტინაში, ავღანეთში, პაკისტანში, ლიბიაში, ერაყში.
  • 2005-2007 წლებში სატელევიზიო არხის - „НТВ“-ს ახლო აღმოსავლეთის ბიუროს ხელმძღვანელი იყო. მუშაობდა კონფლიქტის ზონაში და აშუქებდა ლიბანის მეორე ომს და ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებს.
  • 2007-2011 წლებში „პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამების დირექციის კორესპონდენტი იყო. 2008-2011 წლებში ისრაელში „პირველი არხის“ ბიუროს ხელმძღვანელი იყო.
  • 2015 წელს სატელევიზიო არხ „Россия-24“-ზე „საერთაშორისო მიმოხილვის“ პროგრამის ავტორი და წამყვანი იყო.
  • 2017 წლის ნოემბერში რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მდივანი გახდა.

საერთაშორისო კარიერა

  • 2011-2014 წლებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში მუშაობდა. 2011-2013 წლებში მუშაობდა კომისარიატის წარმომადგენლობაში თურქეთში, 2013-2014 წლებში კი - იორდანიაში.

პოლიტიკური კარიერა

  • 2017-2018 წლებში რუსეთის პრეზიდენტის კვოტით რუსეთის ფედერაციის მე-6 მოწვევის საზოგადოებრივი პალატის წევრი იყო. პალატაში საინფორმაციო საზოგადოების, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის განვითარების კომისიას ხელმძღვანელობდა.
  • 2017 წლის 30 მაისს საერთაშორისო საკითხებსა და ჰუმანიტარული პროექტების სფეროში მე-7 მოწვევის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის მრჩევლად დაინიშნა.
  • 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს საპრეზიდენტო კანდიდატ ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
  • 2018 წლის 9 სექტემბერს სარატოვის ოლქიდან მე-7 მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატად აირჩიეს. სახელმწიფო დუმაში საერთაშორისო საქმეთა კომიტეტისა და სახელისუფლო ფრაქცია „ერთიანი რუსეთის“ წევრი იყო. 25 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საპარლამენტაშორისი ჯგუფის თანათავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს.
  • 2019 წლის ივნისში ქართული სატელევიზიო არხის - „რუსთავი 2“-ის გადაცემაში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებული შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ, პრიმაკოვმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო რუსულ-ქართული ურთიერთობების გაყინვა.
  • 2020 წლის 25 ივნისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა. პრიმაკოვმა ამ პოსტზე ელეონორა მიტროფანოვა შეცვალა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2020 წლის 30 სექტემბერს რუსეთის ფედერაციაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩი ზნაურ გასიევი პრიმაკოვს მოსკოვში შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სააგენტოს როლზე ჰუმანიტარული კავშირებისა და ახალგაზრდული და საერთაშორისო სამეცნიერო თანაშრომლობის განვითარებაში, ცხინვალის რეგიონში თანამემამულეების მხარდაჭერაზე.

აფხაზეთთა ურთიერთობა

  • 2022 წლის 10 თებერვალს აფხაზეთის საგარეო საქმეთა „მინისტრი“ ინალ არძინბა, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, პრიმაკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამუშაოების გააქტიურებაზე, აფხაზი ახალგაზრდების მხარდაჭერის გაფართოებასა და ერთობლივი საინფორმაციო პროექტების განხორციელებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და რუსეთს შორის საგანმანათლებლო სფეროში კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში პერსპექტიული აფხაზი ახალგაზრდების სწავლის შესაძლებლობის, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხები.