მთავარი ფიგურები

დიმიტრი კოზაკი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • დიმიტრი კოზაკი დაიბადა 1958 წლის 7 ნოემბერს სოფ. ბანდუროვოში, კიროვოგრადის ოლქში, უკრაინის სსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1976-1978 წლებში მსახურობდა საბჭოთა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური დანიშნულების ნაწილებში, უნგრეთში.
  • 1978-1980 წლებში სწავლობდა ვინიცის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
  • 1980-1985 წლებში სწავლობდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა იურისპრუდენციის სპეციალობით.
  • 2014 წლის აპრილში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სიაში მოხვდა.

პროფესიული კარიერა

  • 1985-1989 წლებში ლენინგრადის პროკურატურაში საერთო ზედამხედველობის განყოფილებაში მუშაობდა სტაჟიორად, ბოლოს კი უფროს პროკურორად.
  • 1989-1990 წლებში ლენინგრადში სამშენებლო-ინოვაციური კონცერნის „მონოლით-კიროვსტროის“ იურიდიული განყოფილების უფროსი იყო.

სანქტ-პეტერბურგში პოლიტიკური კარიერა

  • კოზაკის სანქტ-პეტერბუგში მოღვაწეობის პერიოდში ვლადიმერ პუტინი 1990-1996 წლებში სანქტ-პეტერბურგის მერიაში სხვადასხვა თანამდებობებზე მოღვაწეობდა.
  • 1990-1994 წლებში ლენინგრადის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოში იურიდიულ სამმართველოში მუშაობდა განყოფილების უფროსად, ბოლოს კი სამმართველოს უფროსი იყო.
  • 1994 წელს სანქტ-პეტერბურგის საქალაქო საბჭოს აპარატის იურიდიული სამმართველოს უფროსი იყო.
  • 1994-1996 წლებში სანქტ-პეტერბურგის მერიის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ამ პერიოდში ქალაქის მერი ანატოლი სობჩაკი იყო. 1996 წელს სობჩაკის არჩევნებში მარცხის მიუხედავად, კოზაკმა შეინარჩუნა თანამდებობა და შემდგომში დააწინაურეს.
  • 1996-1998 წლებში სანქტ-პეტერბუგის გუბერნატორის კანცელარიის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
  • 1998-1999 წლებში სანქტ-პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორი იყო. თანამდებობა გუბერნატორ ვლადიმირ იაკოვლევთან უთანხმოების გამო დატოვა.

რუსეთის მთავრობაში საქმიანობა

  • 1999 წელს რუსეთის მთავრობის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე იყო.
  • 1999-2000 წლებში რუსეთის მთავრობის აპარატის უფროსი - რუსეთის ფედერაციის მინისტრი იყო. ამ პერიოდში, რამდენიმე თვე მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინი იყო.
  • 2000-2003 წლებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.
  • 2003-2004 წლებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე იყო.
  • 2004 წელს ხელახლა გახდა რუსეთის მთავრობის აპარატის უფროსი - რუსეთის ფედერაციის მინისტრი.
  • 2004-2007 წლებში სამხრეთის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო.
  • 2007-2008 წლებში რეგიონალური განვითარების მინისტრი იყო.
  • 2008-2020 წლებში მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო, როგორც ვლადიმერ პუტინის, ასევე დიმიტრი მედვედევის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში.
  • 2020 წლის 15 იანვარს დიმიტრი მედვედევის მთავრობა გადადგა. კოზაკი ახალ მთავრობაში ვეღარ მოხვდა და 24 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. დამატებით მესამე მოადგილის შტატი სპეციალურად მისთვის შეიქმნა. მისი საკურატორო სფეროა პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული საკითხები და უკრაინასთან ურთიერთობა, რომელსაც ადრე პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი კურირებდა. სურკოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წასვლის შემდეგ (2020 წლის 18 თებერვალი), კოზაკი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორიც გახდა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2008 წლის 7 მარტს სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე საუბრის დროს, რეგიონული განვითარების მინისტრის ამპლუაში, კოზაკმა განაცხადა, რომ სოჭში ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისთვის შესაძლოა აფხაზეთის რესურსებიც გამოიყენონ. კოზაკის განცხადებით, აფხაზეთთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობა გაადვილებულია რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აფხაზეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების რეჟიმიდან გამოსვლის შესახებ.
  • 2017 წლის თებერვალში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დელეგაციამ კოზაკის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ქ. სოჭში გამართულ საინვესტიციო ფორუმში.
  • 2020 წლის 8 სექტემბერს, მოსკოვში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი, კოზაკს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდა ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ბაბიჩი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას კურირებს. შეხვედრაზე განიხილეს: 2021 წლისთვის საბიუჯეტო სფეროსა და საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდის, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების, განათლებასა და კულტურის მიმართულებით გაცვლითი პროგრამების სფეროში თანაშრომლობის საკითხები.
  • 2020 წლის 29 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში კოზაკს შეხვდა. ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში 26 ოქტომბერს დაიწყო. კოზაკთან შეხვედრაზე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორები: ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი.
  • 2020 წლის 12 ნოემბერს აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის  ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა დამტკიცდა. რუსეთის მხრიდან პროგრამას ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა და კოზაკმა, აფხაზური მხრიდან - დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა. პროგრამის მიზანია რუსეთის მიერ ინიცირებულ ან მხარდაჭერილ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის სრულყოფილი მონაწილეობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. პროგრამის ფარგლებში, 2-3 წლის განმავლობაში, 45 ღონისძიების განხორციელებაა დაგეგმილი.
  • 2020 წლის 11-19 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში მორიგი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის მთავრობის არაერთ წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრების მთავარი მიზანი ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 12 ნოემბერს ქ. სოჭში მიღწეული შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. 14 დეკემბერს ბჟანია კოზაკს შეხვდა. კოზაკთან შეხვედრაზე ენერგეტიკის საკითხი, დე ფაქტო საზღვარზე არსებული ვითარება და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში პროექტების განხორციელების საკითხი განიხილეს.
  • 2021 წლის 20 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია „ოფიციალური“ ვიზიტით ესტუმრა რუსეთს. 23 აპრილს ბჟანია კოზაკს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერი საინვეტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი იყო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ივანოვი და მინისტრის მოადგილე სერგეი ნაზაროვი.
  • 2021 წლის 29 ივლისს, მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასლან ბჟანია კოზაკს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე დახმარების, ვაქცინის ახალი პარტიის მიწოდების, ივლისში სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციაში დახმარებისა და რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ბჟანია ასევე შეხვდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსს იგორ მასლოვს.
  • 2022 წლის 25 მარტს, რუსეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დიმიტრი კოზაკს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს რუსეთისა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, რუსეთის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის ფინანსური დახმარება, ნავთობმომარაგება, საინვესტიციო პოლიტიკა, საერთო პროექტების რეალიზაცია და ა.შ.
  • 2022 წლის 26-29 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს - ანტონ ვაინოს და კოზაკს.
  • 2022 წლის 28 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში კოზაკს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი და მისი მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, კერძოდ დე ფაქტო რესპუბლიკაში ავიამომისვლის აღდგენისა და 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2008 წლის 22 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, კოზაკი, რეგიონული განვითარების მინისტრის რანგში, არსებული ვითარების გასაცნობად ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. 25 აგვისტოს მთავრობის პრეზიდიუმის შეხვედრაზე კოზაკმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონის აღდგენისთვის 25 მლრდ რუბლი იყო საჭირო.
  • 2008 წლის 16 სექტემბერს, ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგების სალიკვიდაციო ფედერალური შტაბის შეხვედრაზე, ცხინვალის რეგიონში აღდგენითი სამუშაოების წარმოება კოზაკს დაეკისრა. „სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური და სოციალური სფეროს აღდგენისა და განვითარების სამუშაოების შემდგომ კოორდინაციას, რეგიონული განვითარების სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი დიმიტრი კოზაკი განახორციელებს“, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა.
  • 2008 წლის ოქტომბერში კოზაკი ვიცე-პრემიერად დაინიშნა და ცხინვალის რეგიონის აღდგენითი სამუშაოების კურატორობა რეგიონული განვითარების ახალმა მინისტრმა გადაიბარა.
  • 2020 წლის 28 თებერვალს, მოსკოვში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კოზაკს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის რანგში, პირველად შეხვდა. შეხვედრაზე სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის, ტრანსკავკასიური მაგისტრალის მოდერნიზაციისა და საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში საკვები პროდუქტებისა და ავტოტრანსპორტის შეტანის საკითხი. რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სერგეი ჩებოტარევი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი.
  • 2020 წლის 8 სექტემბერს, მოსკოვში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი, კოზაკს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდა ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ბაბიჩი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას კურირებს. შეხვედრაზე განიხილეს: 2021 წლისთვის საბიუჯეტო სფეროსა და საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდის, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების, განათლებასა და კულტურის მიმართულებით გაცვლითი პროგრამების სფეროში თანაშრომლობის საკითხები.
  • 2021 წლის 11 სექტემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში კოზაკს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაში რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი და „მთავრობის“ სხვა წევრებიც მონაწილეობდნენ. მხარეებმა რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ცხინვალის რეგიონის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასის მომატების საკითხები განიხილეს. 
  • ცხინვალის რეგიონის არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მხარდაჭერის მოპოვების  მიზნით, ორივე კანდიდატი კოზაკს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, ალან გაგლოევი კოზაკს 2022 წლის 16 აპრილს შეხვდა, ანატოლი ბიბილოვი კი 20 აპრილს.
  • 2022 წლის 15 ივნისს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია, დე ფაქტო პრეზიდეტ ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით, რუსულ მხარეს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის გამართვის საკითხი იყო. რუსეთის დელეგაციაში შედიოდნენ კოზაკი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ კოსაჩევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი  და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი და  პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე სერგეი ბოვენკო.
  • 2023 წლის 17 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, კოზაკს შეხვდრა წინა დღით, გაგლოევი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. კოზაკთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს: 2023-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი პროგრამის განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა. კოზაკმა ოკუპირებულ რეგიონში შიდა სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
  • 2023 წლის 30 მაისს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალან გაგლოევი კოზაკს შეხვდა. გაგლოევმა და კოზაკმა ორმხრივ თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის მიერ დაფინანსებული დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა.
  • 2023 წლის 25 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, კოზაკი „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა. გაგლოევმა მას ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გაგლოევის მოსკოვში ვიზიტი რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების (2008 წლის 26 აგვისტო) 15 წლისთავს უკავშირდებოდა.