ვადიმ ჩეხა
აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი
ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები
- ვადიმ ჩეხა დაიბადა 1973 წლის 9 ივლისს ქ. ბიისკში (ალთაის მხარე), რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
- 1995 წელს დაამთავრა ვ. პ. ასტაფიევის სახელობის კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის სპეციალობით. სწავლა გააგრძელა იურიდიულ ფაკულტეტზე ალთაის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1998 წელს დაასრულა. 2006 წელს კი დაამთავრა ტომსკის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი. ფლობს იურიდიული მეცნიერებების დოქტორისა და ასოცირებული პროფესორის წოდებებს.
- ფლობს არაერთ უწყებრივ ჯილდოს.
- გახლავთ 200-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი იურიდიულ და ეკონომიკურ თემებზე.
პროფესიული კარიერა
- 2006 წლამდე მუშაობდა სამართალდამცავ სისტემაში, ქ. კრასნოიარსკის ადმინისტრაციაში სპეციალისტად, სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსის მოადგილედ.
- 2006-2008 წლებში კრასნოიარსკის მხარის პროფესიული განათლებისა და მეცნიერების სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიული განყოფილების უფროსი იყო.
- 2008-2010 წლებში ვ. პ. ასტაფიევის სახელობის კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე იყო.
- 2011-2013 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე განათლებისა და მეცნიერების სფეროს ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში („როსობრნადზორი“).
- 2013-2015 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.
კარიერა „როსსოტრუდნიჩესტვოში“
- 2015-2017 წლებში გახლდათ დსთ-ს ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი.
- 2017-2018 წლებში მუშაობდა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიული განყოფილების უფროსად.
- 2018 წლის 7 ოქტომბერს გახდა აფხაზეთში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩის მრჩეველი.
- 2021 წლის 27 სექტემბერს რადიო „სპუტნიკ აფხაზეთთან“ ჩეხამ ინტერვიუ ჩაწერა. მან აფხაზეთის განათლების სისტემის პოტენციალზე ისაუბრა. ამავე ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ ჩეხა თავის თანამდებობას ტოვებს. მიზეზად მან სამწლიანი კონტრაქტის ვადის ამოწურვა დაასახელა.
აფხაზეთთან ურთიერთობა
- 2018 წლის 2 ნოემბერს სიტყვით გამოვიდა ფესტივალზე „ხალხთა მეგობრობა“, რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო „როსსოტრუდნიჩესტვო“. ფესტივალი გაიმართა მასშტაბური ღონისძიების - „რუსეთ-აფხაზეთი. კულტურათა დიალოგი“-ს ფარგლებში.
- 2018 წლის 23 ნოემბერს იყო მრგვალი მაგიდის - „კინო საზღვრების გარეშე“ - მოდერატორი. სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა თემაზე: „რუსეთი და აფხაზეთი: საერთო გზა ხელოვნებაში“. ასევე განაცხადა, რომ ის ხედავს აფხაზეთის კინოშემოქმედებით პოტენციალსა და მზადყოფნას, რასაც „როსსოტრუდნიჩესტვო“ აქტიურად ადევნებს თვალს. ამავე წლის 27 ნოემბერს კულტურულ ფესტივალზე - „პაემანი რუსეთთან. პაემანი მოსკოვთან“, ჩეხამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკას „აფხაზური ჰოლივუდის“ შექმნისთვის საჭირო ყველა რესურსი აქვს.
- 2018 წლის 12 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ წაიკითხა ლექცია თემაზე „იურისტის კარიერა თანამედროვე საზოგადოებაში“.
- 2018 წლის 18 დეკემბერს გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მუშაობის ძირითად მიმართულებებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. მნიშვნელოვან მიმართულებებად დაასახელა ჰუმანიტარული სფერო, ახალგაზრდული პოლიტიკა, ისტორიულ-პატრიოტული ხასიათის ღონისძიებების ორგანიზება. მან ასევე განაცხადა, რომ ორგანიზაცია აქტიურად უწყობს ხელს აფხაზეთში რუსული ენის საყოველთაოდ გავრცელებას, რუსული ლიტერატურის პოპულარიზაციას და, ზოგადად, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
- 2019 წლის 18 დეკემბერს რადიო „სპუტნიკ აფხაზიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ რამდენიმე როლი აქვს აფხაზეთში - ის არის შუამავალი, ორგანიზატორი და თანამონაწილე, რომელიც გამუდმებით ეძებს იმ სფეროებს, რომლებშიც რუსეთის ფედერაცია და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობას შეძლებენ.
- 2019 წლის 23 დეკემბერს ჩაატარა აფხაზეთში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია. სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ორგანიზაციის წვლილი აფხაზური და რუსული სასწავლო დაწესებულებების დაახლოების თვალსაზრისით, ორგანიზაციის საქმიანობა კულტურულ სფეროში და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისთვის მუშაობა, რისი ნათელი მაგალითიცაა „უკვდავი პოლკის“ აქციის აქტიური მხარდაჭერა.
- 2020 წლის 27 მაისს შეხვდა სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსს, ბესლან ეშბას. შეხვედრის ფარგლებში მათ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. შეხვედრის დასასრულს ჩეხამ ბესლან ეშბას აჩუქა წიგნი რუსეთის ისტორიის შესახებ.
- 2020 წლის 8 აგვისტოს დაესწრო აფხაზეთის დე ფაქტო განათლების მინისტრის მიერ გამართულ პრესკონფერენციას. თავის გამოსვლაში ჩეხამ განაცხადა, რომ 50 აფხაზი აბიტურიენტი რუსეთის უნივერსიტეტებში გააგრძელებდა სწავლას. აღნიშნული პროექტი „როსსოტრუდნიჩესტვოს“ აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.
- 2020 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთის „დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების“ დღე მიულოცა დე ფაქტო კულტურის მინისტრს, გუდისა აგრბას. აღნიშნულ მოვლენას ჩეხამ „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“ უწოდა.
- დაესწრო რუსი თანამემამულეების კონფერენციას, რომელიც 2020 წლის 5 სექტემბერს გაიმართა აფხაზეთში. მონაწილეებმა განიხილეს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, რაც მიზნად ისახავს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის დაახლოებას საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვადასხვა სფეროში.
- 2020 წლის 18 სექტემბერს შეხვდა გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კონსტანტინ ფილიას. შეხვედრაზე განიხილეს ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროებში.
- 2020 წლის 22 სექტემბერს დაესწრო 1992-1993 წლების „სამამულო ომში აფხაზების გამარჯვების“ დღისადმი მიძღვნილ გამოფენას. ჩეხა გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა და ღონისძიების ორგანიზატორს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დიპლომი გადასცა.
- 2020 წლის 24 სექტემბერს გაიმართა „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტის დელეგაციების შეხვედრა, რომელზეც განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას ჩეხაც დაესწრო. მან „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორი დააჯილდოვა საპატიო ნიშნით „მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის“.
- 2021 წლის 24 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, აფხაზეთისთვის მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდასა და მომზადებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ჩეხა „ღირსებისა და დიდების“ III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.