მთავარი ფიგურები

სერგეი სკვორცოვი

ცხინვალის რეგიონში დსთ-ს ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი (ყოფილი)

კარიერა „როსსოტრუდნიჩესტვოში“

  • სერგეი სკვორცოვმა „როსსოტრუდნიჩესტვოში“ მუშაობა 2004 წელს დაიწყო.
  • სხვადასხვა წლებში მუშაობდა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობაში  ჯერ მონღოლეთში, შემდეგ კი - მოლდოვაში.
  • 2018 წელს სკვორცოვი დაინიშნა ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელად. მან ამ პოსტზე მიხაილ სტეპანოვი შეცვალა.
  • 2023 წლის ივლისში სკვორცოვმა ცხინვალის რეგიონში თავისი 5 წლიანი მოღვაწეობა დაასრულა. 26 ივლისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა სკვორცოვს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და რუსეთსა და რეგიონს შორის მეგობრული ურთიერთობის გამყარებისთვის „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა. 

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2018 წლის 1 აგვისტოს სკვორცოვმა გამართა პირველი პრესკონფერენცია, რომელზეც ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მან ახალგაზრდებთან უფრო აქტიური მუშაობა დაასახელა და განაცხადა, რომ აუცილებელია კავშირების განმტკიცება ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ფედერაციის ახალგაზრდა თაობებს შორის.
  • 2018 წლის 22 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აქციაში. სკვორცოვმა განაცხადა, რომ ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან ე.წ. სამხრეთ ოსეთი და რუსეთის ფედერაცია „ერთი მთელია“.
  • 2018 წლის 6 სექტემბერს დაესწრო რუსულენოვანი სკოლის გახსნას ქ. ახალგორში. აღნიშნული სკოლა რუსეთის ფინანსური დახმარებით გაიხსნა.
  • 2019 წლის 25 აპრილს დაესწრო ფესტივალს „ჩემი საყვარელი რუსეთი!“, რომელიც რუსული კულტურის გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად ტარდება ცხინვალის რეგიონში.
  • 2019 წლის 30 აგვისტოს სიტყვით გამოვიდა აქციაზე „მადლობა რუს ჯარისკაცს“. სკვორცოვმა განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცი ყოველთვის დაეხმარება ცხინვალის რეგიონს, „მტრებმა კი უნდა იცოდნენ, რომ ჩარევა არ ღირს იქ, სადაც რუსი ჯარისკაცია“.
  • 2019 წლის 18 დეკემბერს დაესწრო „რუსული სიტყვა სამხრეთ ოსეთში“ ჟურნალის სპეციალური გამოშვების პრეზენტაციას.
  • 2020 წლის 17 თებერვალს დაესწრო სამხატვრო კონკურსს „მე ვხატავ გამარჯვებას“, რომელიც „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა. სკვორცოვმა განაცხადა, რომ კონკურსის მიზანია აღნიშნული ისტორიული მოვლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებრივი ინტერესის გაღვივება.
  • 2020 წლის 3 თებერვალს გაიმართა საბავშვო ნახატების კონკურსი „სამხრეთ ოსეთის ბავშვების თვალით დანახული რუსეთი“, რომელშიც სკვორცოვი ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო.
  • 2020 წლის 26 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო საზეიმო აქციაში და დამსწრე საზოგადოებას ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის აღიარების“ 12 წლისთავი მიულოცა.
  • 2023 წლის 31 იანვარს „რუსულმა სახლმა“ დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საბიბლიოთეკო ფონდს 20 ათასი სახელმძღვანელო გადასცა. სკვორცოვის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება რუსეთის სახელმწიფო პროგრამის - „განათლების განვითარება“ მორიგი ეტაპია.