მთავარი ფიგურები

მიხაილ ზუსკო

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • მიხაილ ზუსკო დაიბადა 1972 წლის 24 მაისს რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1993 წელს დაამთავრა რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი.
  • სამხედრო განათლება მიღებული აქვს ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საერთო-საჯარისო აკადემიასა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიაში.
  • გავლილი აქვს ყველა ძირითადი სამეთაურო-საშტაბო თანამდებობა ოცეულის მეთაურიდან არმიის მეთაურამდე.
  • აქვს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონსა და ჩრდილო-დასავლეთ სტრატეგიულ მიმართულებაზე რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრების დაცვის გამოცდილება.
  • მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის წოდება.

სამხედრო კარიერა

  • მონაწილეობდა ჩეჩნეთის პირველ ომში (1994-1996 წწ).
  • 2007-2011 წლებში იყო სოსნოვი-ბორის გარნიზონის (ბურიატიის რესპუბლიკა, რუსეთი) მე-11 ცალკეული სადესანტო მოიერიშე ბრიგადის მეთაურის მოადგილე, შემდეგ კი თავად გახდა მეთაური.
  • 2011-2014 წლებში გახლდათ რუსეთის 49-ე არმიის 34-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური ყარაჩაი-ჩერქეზეთში.
  • „მიხაილო სტეპანოვიჩ ორლოვის“ სახელით მონაწილეობდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში 2014 წელს, რის შემდეგაც ის დააწინაურეს.
  • რუსეთის 58-ე და მე-8 არმიების მეთაურის პირველი მოადგილე იყო.
  • 2015 წელს გახდა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 49-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაურის მოადგილე.
  • 2019 წლის ივლისში დაიკავა 49-ე არმიის ხელმძღვანელის თანამდებობაც. მან ამ პოზიციაზე გენერალ-ლეიტენანტი სერგეი სევრიუკოვი ჩაანაცვლა.
  • 2020 წლის აგვისტოში დაინიშნა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის ხელმძღვანელად. მან ამ თანამდებობაზე გენერალ-მაიორი სერგეი რიჟკოვი ჩაანაცვლა. 58-ე საერთო-საჯარისო არმიის შემადგენლობაში შედის ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა.
  • 2020 წლის 7 ოქტომბერს ვლადიკავკაზში სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის ალექსანდრ დვორნიკოვის მიერ საზეიმო ვითარებაში გადაეცა პირადი შტანდარტი.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2020 წლის 24 ნოემბერს შეხვდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს იბრაგიმ გასეევს. შეხვედრის ფარგლებში მათ განიხილეს 2021 წლის ერთობლივი გეგმები. ზუსკომ მთავარ მიმართულებად რეგიონის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება დაასახელა.
  • 2020 წლის 24 ნოემბერს ასევე შეხვდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს. შეხვედრის ფარგლებში ბიბილოვმა ზუსკოს 58-ე არმიის მეთაურად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. ამავე შეხვედრაზე ზუსკომ წარადგინა რომან ვიაზოვსკი, რომელიც მე-4 სამხედრო ბაზის ხელმძღვანელად ოქტომბერში დაინიშნა.
  • 2021 წლის 21 იანვარს გაიმართა მიხაილ ზუსკოს მორიგი შეხვედრა ანატოლი ბიბილოვთან. ზუსკომ ახსენა დოკუმენტების პაკეტი, რომელიც 24 ნოემბრის შეხვედრის შედეგად შემუშავდა და ეხება რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესში.