მთავარი ფიგურები

მიხაილ გალუზინი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • მიხაილ გალუზინი დაიბადა 1960 წლის 14 ივნისს, ქ. მოსკოვში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1983 წელს დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი.
  • ინგლისურის გარდა ფლობს იაპონურ ენას.
  • 2014 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
  • დაჯილდოებულია ალექსანდრე ნეველის ორდენით (2020) რუსეთის საგარეოპოლიტიკური კურსის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის და მრავალწლიანი  დიპლომატიური საქმიანობისთვის, და მეგობრობის ორდენით (2016), 2016 წელს სოჭში რუსეთ-სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის გამართვაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.

პროფესიული  კარიერა

  • გალუზინი საბჭოთა და რუსი დიპლომატია. 1983 წლიდან დიპლომატიაშია და მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, როგორც ცენტრალურ აპარატში, ასევე უცხოეთში, ელჩის პოზიციებზე.
  • 1983-1986 წლებში იაპონიაში საბჭოთა კავშირის საელჩოს თანამშრომელია.
  • 1992-1997 წლებში იაპონიაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელია.
  • 1997-1999 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში აზიის მეორე დეპარტამენტში განყოფილების უფროსია.
  • 1999-2001 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში აზიის მეორე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.
  • 2001-2008 წლებში იაპონიაში რუსეთის საელჩოში მრჩეველი-დესპანია.
  • 2008-2010 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორია.
  • 2010-2012 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში აზიის მესამე დეპარტამენტის დირექტორია.
  • 2012 წლის 11 ოქტომბრის - 2018 წლის 29 იანვრის პერიოდში ინდონეზიაში რუსეთის ელჩია. შეთავსებით რუსეთის ელჩი იყო ასევე: კირიბატიში, აღმოსავლეთ ტიმორში, პაპუა-ახალ გვინეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში კი რუსეთის  მუდმივი წარმომადგენელი.
  • 2018 წლის 29 იანვრის - 2022 წლის 25 ნოემბრის პერიოდში იაპონიაში რუსეთის ელჩია. ელჩის რანგში იგი კურილის კუნძულებთან დაკავშირებით იაპონიასთან მიმდინარე ტერიტორიული დავის საკითხში მოსკოვის ინტერესებს იცავდა. 2022 წლის ნოემბერში გალუზინმა განაცხადა, რომ რუსულ მხარეს სურს იაპონიასთან ავიამიმოსვლის აღდგენა, თუმცა იაპონია წინააღმდეგია. გარდა ამისა, ელჩის თანამდებობის დატოვებამდე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, მან რუსეთ-იაპონიის ურთიერთობის გაფუჭებაში ბრალი იაპონიას დასდო.
  • 2022 წლის 25 ნოემბერს იგი გაათავისუფლეს იაპონიაში ელჩის მოვალეობის შესრულებისგან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. მისი საკურატორო სფერო რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან და დსთ-ის ქვეყნებთან, ასევე საქართველოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობაა. მან, ამ მიმართულებით ანდრეი რუდენკო შეცვალა, რომელიც მინისტრის მოადგილის რანგში, აზიის მიმართულების კურატორი გახდა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2023 წლის 26 იანვარს რუსეთში აფხაზეთის „ელჩმა“ ალხას კვიცინიამ „რწმუნებათა სიგელის“ ასლი გადასცა გალუზინს. კვიცინია „ელჩად“ 2022 წლის 30 ნოემბერს დაინიშნა.
  • 2023 წლის 30  მარტს გალუზინი შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ტუჟბასა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველს, კონსტანტინე კოჩიევს. რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა განიხილეს დისკუსიაში რუსეთის, დე ფაქტო ცხინვალისა და აფხაზეთის წარმომადგენელთა ჩართულობის პერსპექტივა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მეშვეობით ოკუპირებული რეგიონებისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა.
  • 2023 წლის 31 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალურ კრებაში დე ფაქტო რესპუბლიკასთან ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიკაციის საკითხზე განხილვის პროცესში თავის წარმომადგენლად გალუზინი დანიშნა.
  • 2023 წლის 6 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბა მოსკოვში გალუზინს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელშიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინ კოჩიევიც მონაწილეობდა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 58-ე მორიგი რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს.
  • 2023 წლის 14 აგვისტოს გალუზინი რუსეთში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „ელჩებს“ შეხვდა. შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომისა და მოსკოვის მიერ მათი აღიარების საკითხზე ისაუბრეს.