ვიზიტების ქრონოლოგია

ვლადიმერ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში

2011 წლის 2 ივნისს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი დაუგეგმავად ესტუმრა აფხაზეთს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს მისი მეორე ვიზიტი იყო აფხაზეთში. პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ბაღაფში, რომელიც 2005 წლიდან აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი იყო, 2011 წლის 29 მაისს მოსკოვის კლინიკაში გარდაიცვალა. იგი ფილტვების ოპერაციას იკეთებდა. პუტინმა პირადად მიაგო პატივი ბაღაფშის ხსოვნას და ბაღაფშის ქალიშვილსა და ქვრივს მიუსამძიმრა. 

პუტინი ვიზიტის დროს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ანქვაბს და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, სერგეი შამბას შეხვდა. შეხვედრის დროს პუტინმა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებს განუცხადა, რომ აფხაზეთს შეუძლია რუსეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, მათ შორის 10 მლრდ რუსული რუბლის (360 მლნ აშშ დოლარი) დახმარების, რომელიც კრემლმა 2011 წელს გამოუყო აფხაზეთს.

პუტინმა ანქვაბს განვითარების პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა. პუტინმა შამბას განუცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ „ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ურთიერთობა ყველა მიმართულებით აღდგება. ჩვენ მხარს დავუჭერთ თქვენს საგარეო კავშირებს ყველა სახელმწიფოსთან, უახლოესი მეზობლების ჩათვლით. დრო ყველა ჭრილობას მოაშუშებს. იმედი მაქვს აფხაზი და ქართველი ხალხის ურთიერთობა აღდგება“. შეხვედრის დროს პუტინმა შამბას ასევე განუცხადა, რომ რუსეთმა შეიძლება გაზარდოს აფხაზეთის ფინანსური დახმარება.

პუტინს ვიზიტის დროს თან ახლდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ნარიშკინი, რეგიონული განვითარების მინისტრი ვიქტორ ბასარგინი და კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ ტკაჩევი.