ვიზიტების ქრონოლოგია

ვლადიმერ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში

2017 წლის 8 აგვისტოს, ოთხწლიანი ინტერვალის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთს  რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავზე ხანმოკლე (სულ 2 საათით) ვიზიტით ესტუმრა. პუტინი ბიჭვინთაში ვერტმფრენით ჩაფრინდა, სადაც სამთავრობო, საბჭოთა ლიდერების ყოფილ აგარაკზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას პირისპირ შეხვდა.

2013 წელსაც, ამ აგარაკზე შედგა პუტინის სტუმრობა. პრეზიდენტის რანგში ეს პუტინის მეორე ვიზიტი იყო აფხაზეთში, სულ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის რანგში მეოთხე. პუტინის ვერტმფრენის გარდა, ბიჭვინთის საკურორტო ზონაში ვერტმფრენის დასაჯდომ ადგილას შვიდი ვერტმფრენი დაჯდა, რომლის შემდეგაც შეხვედრა დაიწყო ხაჯიმბასთან. შეხვედრა ნახევარი საათი გაგრძელდა. ამის შემდეგ დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პუტინი და ხაჯიმბა ვერტმფრენით სოჭში გაემართნენ, სადაც საბრძოლო სამბოს ტურნირს დაესწრნენ.

პუტინის დელეგაციაში სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად იყო მისი თანაშემწე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი ვლადისლავ სურკოვი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასანიც. აფხაზური მხარიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ, უშიშროების საბჭოს მდივანმა მუხამედ კილბამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დაურ არშბამ, პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბარციცმა და სხვებმა.

პროტოკოლურ შეხვედრამდე ხაჯიმბამ და პუტინმა ჟურნალისტების წინაშე განცხადებები გააკეთეს. ლიდერების შეხვედრა და გაფართოებული შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერე სამედიცინო სფეროში შეთანხმებას. შეთანხმების გაფორმების შემდეგ ლიდერებმა ჟურნალისტებთან მოკლე განცხადებები გააკეთეს. 

ვიზიტის კონტექსტი

პუტინის ვიზიტი აფხაზეთში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე შედგა. მანამდე გუდაუთის რაიონის სოფ. პრიმორსკოეში (2017 წლის 2 აგვისტო) აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებას 64 ადამიანის დაშავება და სანქტ-პეტერბურგიდან ორი ტურისტის დაღუპვა მოყვა. ცოტა უფრო ადრე გუდაუთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივის მხრიდან რუს ტურისტებზე თავდასხმის (2017 წლის 11 ივლისი) შედეგად რუსეთის მოქალაქე დაიღუპა, რასაც რუსულ საინფორმაციო სივრცეში ანტიაფხაზური განწყობების გაღვივება მოჰყვა, რამაც ტურისტულ სეზონსაც დიდი დარტყმა მიაყენა. რუსულ მედიაში პუტინის ჩასვლას ნაკლებად მიექცა ყურადღება, ძირითადი აქცენტი პრიმორსკოეში აფეთქებასა და რუს ტურისტებზე თავდასხმაზე გაკეთდა. 

ამ ვიზიტით, პუტინი შეეცადა თანამემამულეები დაეწყნარებინა, რომ რუსეთი სახელმწიფო დონეზე აფხაზეთს პერსპექტიულ პარტნიორად განიხილავდა და მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სურდა.

პუტინის ვიზიტი ასევე დაემთხვა აფხაზეთში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მორიგ რაუნდს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტების განხილვას უკავშირდებოდა. კერძოდ, აფხაზების ნაწილი რუსეთთან თანამშრომლობის ზოგიერთი საკითხზე ენთუზიამზს არ გამოხატავდნენ, რაც მოლაპარაკებებისა და რატიფაკიციების პროცესის გაჭიანურებაშიც გამოიხატებოდა.

პუტინის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე, თბილისში, 1 აგვისტოს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იმყოფებოდა, რომელმაც საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და დაგმო რუსეთის მხიდან საქართველოს მიმართ აგრესია და მისი ტერიტორიების ოკუპაცია. პენსი თბილისში ვიზიტის დროს ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნებსაც დაესწრო. 

სამედიცინო დაზღვევის შესახებ შეთანხმება

პუტინის ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სამედიცინო დაზღვევის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ და რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრმა  ვერონიკა სკვარცოვამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ შემდეგ სფეროებში: რუსეთის ფედერაციის  სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სფეროში აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაზღვევის ორგანიზების შესახებ და რუსეთის ფედერაციის სამედიცინო ორგანიზაციებში მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ. შეთანხმება აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს რუსეთში სამედიცინო დაზღვევისა და სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობას მისცემს. 

სამედიცინო დაზღვევის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერების აზრით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებული პირების საქართველოში სამედიცინო მომსახურების მიზნით გადასვლამ საგანგაშო ფორმა მიიღო. ხელმოწერის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია რომ ხელმოწერის შემდეგ საქართველოში წამსვლელი აფხაზების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. 

სამედიცინო დაზღვევის სფეროში შეთანხმების რატიფიცირება 2018 წლის თებერვალში მოხდა. 2018 წლის მაისში კი - აფხაზეთის ტერიტორიაზე სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პოლისების გაცემის შვიდი პუნქტი გაიხსნა

ვაჭრობის ხელშეწყობა

ვიზიტის დროს პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ორმხრივ ვაჭრობაში საბაჟო გაფორმებისა და ფიტოსანიტარული კონტროლის წესი შეიცვლება. პუტინის განცხადებით, აფხაზური ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთში უპირველეს ყოვლისა შედგება ხილისა და ბოსტნეულისგან და აფხაზეთიდან ზოგიერთ ქვეყანაში პროდუქციის შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ძალიან კარგი შესაძლებლობაა აფხაზური პროდუქციის მიწოდება რუსულ ბაზარზე შემდგომშიც გაიზარდოს. ვიზიტის დროს პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსული ბანკების მხარდაჭერით, სხვადასხვა პროექტები ხორციელდება ტურიზმის, სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში, მთლიანობაში 1 მლრდ რუბლის ოდენობით. 

ვიზიტის დროს პუტინმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში საინვესტიციო პროგრამების დაფინანსება 2017-2019 წლებში 6 მლრდ რუბლი იქნება. 

პუტინის განცხადებით, აფხაზეთთან რუსეთს აერთიანებს საერთო ისტორია და სულიერი ნათესაობა, რუსეთი შემდგომშიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, საიმედოდ უზრუნველყოფს მის უსაფთრხოებას და უზრუნველყოფს საერთაშორისო მასშტაბით პოლიტიკურ მხარდაჭერას. პუტინის განცხადებით, შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის თანამედროვე სახელმწიფოდ გადაქცევას. შეხვედრაზე ორი მხარის მეწარმეების პირდაპირ კავშირებზეც შეთანხმდნენ.

უსაფრთხოების სფერო - შს სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი

პუტინმა ამავე შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა, რომ შს სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის სტრუქტურის შექმნა აამაღლებს ერთობლივ ძალისხმევას კრიმინალთან ბრძოლის კუთხით და გამოთქვა იმედი, რომ ახალი სტრუქტურა აფხაზეთში რუსი ტურისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

აფხაზეთსა და რუსეთს შორის შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის შესახებ შეთანხმებას 2017 წლის 18 მაისს მოაწერეს ხელი. შეთანხმების რატიფიცირება აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2017 წლის 26 ივლისს მოახდინა