ვიზიტების ქრონოლოგია

სერგეი ლავროვის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში

2008 წლის 15 სექტემბერს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დასრულებიდან მალე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ეს იყო ლავროვის პირველი  ვიზიტი ცხინვალში. მანამდე, 9 სექტემბერს, რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.

ლავროვი ცხინვალში სოხუმიდან ჩავიდა და მისი ვიზიტი რამდენიმე საათს გაგრძელდა. რუსეთის დელეგაციაში ლავროვის მოადგილე, პოსტსაბჭოთა ქვეყნების კურატორი, გრიგორი კარასინი, საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვენების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი ანდრეი კელინი, სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო და საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი შედიოდნენ.

ლავროვი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა, რომელთანაც ცხინვალში რუსეთის ფედერაციის საელჩოს გახსნის საკითხი განიხილა. კოკოითიმ მოლაპარაკების დაწყებამდე ლავროვს მთავრობის სახლში მცირე ექსკურსია მოუწყო. მოლაპარაკებები შეხვედრების ოთახში, მერვე სართულზე გაიმართა, რომელიც ომის შედეგად ყველაზე ნაკლებად დაზიანდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა. კოკოითის გარდა, ლავროვი 2008 წლის აგვისტოს ომამდე შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურს მარატ კულახმეტოვს და თბილისიდან ჩამოსულ ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. 

ლავროვმა ცხინვალში ვიზიტის დროს არაერთი განცხადება გააკეთა:

  • რუსეთი და ცხინვალის რეგიონი, როგორც მოკავშირე სახელმწიფოები, ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბებას აპირებენ.
  • ცხინვალის რეგიონის ქართულ ანკლავებში კონფლიქტამდე მოეწყო საცეცხლე წერტილები ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალის დასაცხრილად. სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე ქართული ანკლავების სოფლები დატოვეს ქალებმა და ბავშვებმა. არის ეჭვი, რომ იქ დარჩენილი მამაკაცები იარაღდებოდნენ. არსებობს ფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ანკლავების შიგნით ცეცხლის გახსნის მიზნით გამაგრებულ ადგილებს აწყობდნენ.
  • საომარი მოქმედებების დროს ორივე მხარე ზედმეტ მოქმედებებს მიმართავდა, მაგრამ ეს იყო საომარი მოქმედებები და ყველა მხარეს აქვს თავისი სიმართლე (განაცხადა ლავროვმა ცხინვალის რეგიონში ქართული ანკლავების ნგრევის შესახებ). 
  • მოსკოვს აქვს ინფორმაცია, რომ საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ ტერაქტებსა და პროვოკაციებს აპირებს. ზოგიერთი მონაცემებით, რამდენიმე ხნის წინათ საქართველოს ციხეებიდან რამდენიმე ასეული ბანდიტი გამოუშვეს, მსგავსი პროვოკაციებისა და ტერაქტების მოწყობის ვალდებულებით. 

ცხინვალში რუსეთის „საელჩოს“ თანამშრომლების განთავსების შესახებ ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ნახავს რაიმე შესაძლებლობას თანამშრომლები დროებით განათავსოს ისე, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა არ დაზარალდეს. მისი თქმით, ცხინვალის რეგიონში რუსეთის „საელჩოს“ ორგანიზება უფრო რთული იქნება, ვიდრე აფხაზეთში. 

ლავროვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ორდღიანი ვიზიტის მთავარი შედეგი უახლოეს პერიოდში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ საბაზისო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ განცხადების გაკეთება იყო. ლავროვმა ეკონომიკის, სოციალურ, სამხედრო, სასაზღვრო სფეროში თანაშრომლობის შესახებ შეთანხმებების მთელი სერიის ხელმოწერის შესახებაც განაცხადა

ლავროვის პირველმა ვიზიტმა ცხინვალის რეგიონში დიპლომატიური კუთხით მალე გამოიღო შედეგები. ცხინვალის რეგიონში რუსეთის პირველი „ელჩი“ ელბრუს კარგიევი 2008 წლის 25 სექტემბერს დაინიშნა. რუსეთის „საელჩომ“ ცხინვალში საქმიანობა კი, 2009 წლის აპრილში დაიწყო.