ძირითადი უწყებები

შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, უსაფრთხოების სფეროში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე რუსეთის ფედერაციის კონტროლის გაზრდის მიზნით, სოხუმსა და ცხინვალში შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრები დაფუძნდა.

საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრების დაარსება

ცხინვალის რეგიონი

2016 წლის 4 ივლისს, ცხინვალში, რუსეთის ფედერაციის შს მინისტრის მოადგილემ, იგორ ზუბოვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრმა, ახსარ ლავოევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის“ შესახებ. ცენტრის შექმნა გათვალისწინებული იყო ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2015 წლის 18 მარტს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შეთანხმებით. შეთანხმების მე-4 მუხლის თანახმად,  ორგანიზებულ დანაშაულთან და სხვა მძიმე სახის დანაშაულთან ბრძოლაში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, მხარეები ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერის მიუხედავად, ცენტრის ამოქმედება დროში გაიწელა. ცენტრის ამოქმედების შეფერხების გამო, 2017 წლის ოქტომბერში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს სამინისტროში კოლეგიაც კი შეიქმნა, რომელსაც ცენტრის ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა მოეგვარებინა. საბოლოოდ, ცენტრი 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა, 2019 წელს კი, შეთანხმების ხელმოწერის სამი წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს.

აფხაზეთი

2017 წლის 18 მაისს, ქ. სოჭში, რუსეთის ფედერაციის შს მინისტრის მოადგილემ, იგორ ზუბოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა, ასლან კობახიამ „შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცენტრის შექმნა გათვალისწინებული იყო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმებით. შეთანხმების მე-10 მუხლის თანახმად, ორგანიზებულ დანაშაულთან და სხვა მძიმე სახის დანაშაულთან ბრძოლაში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, მხარეები ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, აფხაზეთში ცენტრის დაფუძნების საკითხმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ცენტრის დაფუძნების შეთანხმების რატიფიკაცია აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2017 წლის 26 ივლისს მოახდინა. გადაწყვეტილებას 34 დეპუტატიდან  მხოლოდ 23-მა დაუჭირა მხარი, 9 წინააღმდეგი იყო, ორი კი სხდომას არ ესწრებოდა. ცენტრის დაფუძნების მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ „ერთობლივი ცენტრის დაფუძნებით ხელისუფლებამ უარი თქვა აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე“. მომხრეების შეფასებით კი, ცენტრის საქმიანობა, რომელსაც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის“ ჩატარების უფლება არ ექნებოდა, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას გაააქტიურებდა.

ძირითადი განსხვავები

აფხაზეთში ცენტრის შექმნის მომხრეებს არსებული ნეგატიური განწყობების გათვალისწინება მოუწიათ, რის შედეგადაც  სოხუმში ცენტრს უფრო ნაკლები უფლებამოსილება აქვს, ვიდრე ცხინვალში.

აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, ცენტრის თანამშრომლების მაქსიმალური რაოდენობა 20-ს არ უნდა აღემატებოდეს. აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონში ცენტრის ოფიცრებს იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლებაც ექნებათ და ასევე შეეძლებათ ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განხორციელება. ცხინვალში ცენტრის თანამშრომლები სამსახურებრივ მანქანებზე სპეციალური ციმციმასა და ხმოვანი სიგნალის გამოყენებასაც შეძლებენ. გარდა ამისა, ცხინვალის რეგიონში ცენტრის დირექტორი დე ფაქტო შს სამინისტროს კოლეგიის წევრია. ამავე დროს, ცხინვალის შემთხვევაში შეთანხმებაში მითითებულია, რომ ცენტრის სამუშაო ენა რუსული იქნება.

ცენტრის სტრუქტურა და ამოცანები

ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ერთობლივი გადაწყვეტილებით, სამი წლის ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრები. მსგავსი გადაწყვეტილებით ინიშნება და თავისუფლდება დირექტორის მოადგილეც. ცენტრის დირექტორი და მისი მოადგილე ვერ იქნება ერთი და იგივე მხარის წარმომადგენელი. ცენტრის დირექტორის პოსტს მხარეების წარმომადგენლები როტაციის პრინციპით დაიკავებენ.

ცენტრის საქმიანობას რუსეთი აფინანსებს. ცენტრის დირექტორის ხელფასი გათანაბრებულია სამმართველოს უფროსის თანამდებობას, რომელიც შედის რუსეთის შს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მთავარი სამმართველოს (დეპარტამენტი) შემადგენლობაში.

ცენტრი უზრუნველყოფს შემდეგი ამოცანების შესრულებას:

  • მხარეების სამართალდამცავ ორგანოებს შორის ოპერატიულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის ორგანიზება, ასევე აუცილებელი ოპერატიული და კრიმინალისტიკური მონაცემების წარმოება.
  • იმ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების შესახებ სპეციალიზებული მონაცემთა ბანკის ფორმირება და წარმოება, რომელთა უკანონო საქმიანობა რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ინტერესებს ეხება.
  • ორგანიზებულ დანაშაულსა და სხვა სახიფათო ტიპის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.
  • იმ პირებზე ძებნის განხორციელება და იმ პირების გადაცემა, რომლებიც სისხლის სამართლებრივ დევნას ან განაჩენის აღსრულებას თავს არიდებენ.
  • იმ სახიფათო ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შეთანხმებული აუცილებელი ქმედებების განხორციელებაში მხარდაჭერა, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოებას.
  • თანამშრომლობის ეფექტურობის გაზდრისათვის წინადადებების შემუშავება და წარდგენა.