ახალი ამბები

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში

2021 / 09 / 22

ავტორი: სალომე აბრამიშვილი

2021 წლის 17-19 სექტემბერს რუსეთში მე-8 მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები გაიმართა. სახელმწიფო დუმის დეპუტატები შერეული სისტემით - 225 დეპუტატი პარტიული სიით, ხოლო დანარჩენი 225 - ერთმანდატიანი ოლქებიდან ხუთი წლის ვადით აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის დუმის არჩევნები სამდღიანი ფორმატით წელს პირველად ჩატარდა. ხმის მიცემა 17 სექტემბერს დაიწყო, 19 სექტემბერი კი კენჭისყრის მთავარ დღედ გამოცხადდა. ამომრჩევლებს ხმის დაფიქსირება როგორც ონლაინ, ასევე საარჩევნო უბნებზე შეეძლოთ. ელექტრონულად ხმის მიცემის საშუალება მოსკოვისა და კიდევ ექვსი რეგიონის მაცხოვრებლებს - მურმანსკის, კურსკის, ნიჟნი ნოვგოროდის, როსტოვისა და იაროსლავის რეგიონებსა და სევასტოპოლის მხარეში მცხოვრებ მოქალაქეებს მიეცათ.

348 საარჩევნო უბანი რუსეთის საზღვრებს გარეთ, 144 ქვეყანაში გაიხსნა. კენჭისყრაში მონაწილეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა რუსული პასპორტის მფლობელმა მოქალაქეებმაც მიიღეს, რომელთა ე.წ. „პასპორტიზაციის პროცესი“ და მათთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება რუსეთმა მათი დამოუკიდებლობის აღიარებამდე, 2008 წლის აგვისტომდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არჩევნებში ხმა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზების მოსამსახურეებმა მისცეს. საერთო ჯამში, შვიდი საარჩევნო უბანი ჩამოყალიბდა საზღვარგარეთ სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე, მათ შორის ერთი გუდაუთში, ორი ცხინვალსა და ჯავაში, ხოლო სამი სომხეთში - გიუმრსა და ერევანში 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე კენჭისყრისათვის.

არჩევნები აფხაზეთში

აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2011 წლიდან ტარდება. 2016 წელს კენჭისყრაში მონაწილეობა აფხაზეთის ტერიტორიიდან 20 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო, აქედან 75%-მა ხმა სახელისუფლო პარტიას - „ერთიანი რუსეთი“ მისცა. 2021 წლის არჩევნები კი 19 სექტემბერს, ერთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობა

აფხაზეთის „ვიცე-პრეზიდენტმა“ ბადრა გუნბამ დუმის არჩევნების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა 13 სექტემბერს გამართა. გუნბას განცხადებით, აფხაზეთი მეხუთე ადგილს იკავებს რუსეთის საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობით და მან საკუთარ პასუხისმგებლობად გამოაცხადა არჩევნების ჩასატარებლად მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. „ვიცე-პრეზიდენტმა“ დე ფაქტო შს სამინისტროსა და საგზაო მილიციას არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგი და წესრიგის დაცვა, ხოლო „ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს“ საუბნო კომისიის მუშაობაში დახმარება დაავალა.

აფხაზეთის „შს სამინისტროს“ თანამშრომლებმა „სამინისტროს სასწავლო ცენტრის კინოლოგიის სამსახურთან“ ერთად საარჩევნო უბნები და მიმდებარე ტერიტორიები არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ტექნიკური აღჭურვილობისა და ძაღლების გამოყენებით დაათვალიერეს. ისინი 18 სექტემბრიდან ყველა საარჩევნო უბანს 24 საათის განმავლობაში კურირებდნენ. გუდაუთის რაიონის სოფ. ბამბორაში მე-7 რუსული სამხედრო ბაზისთვის გახსნილ საარჩევნო უბანს კი გერმანული ნაგაზები იცავდნენ და ამომრჩევლებს ყნოსვით ამოწმებდნენ.

გარდა ამისა, საარჩევნო კომისიის წევრები მკაცრად აკონტროლებდნენ კოვიდ რეგულაციების დაცვას. ამომრჩევლებს ნიღბისა და ხელთათმანების ტარებას სთხოვდნენ და ტემპერატურასაც უზომავდნენ.

არჩევნების მიმდინარეობა აფხაზეთში. წყარო: sputnik-abkhazia.ru

საარჩევნო უბნების განლაგება აფხაზეთის ტერიტორიაზე

აფხაზეთში რუსეთის დუმის არჩევნები წელს 19 სექტემბერს ცხრა საარჩევნო უბანზე ჩატარდა. ქ. სოხუმში ორი, ხოლო გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელში, გალსა და სოფ. ბამბორაში თითო საარჩევნო უბანი გაიხსნა. მოქალაქეებს ორი ბიულეტენი გადაეცათ. მათ ხმა მისცეს 14 პარტიას, ასევე ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს.

არჩევნები ცხინვალის რეგიონში

3 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ცხინვალის რეგიონში ვადამდელი არჩევნები მოეწყო მე-4 რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეებისა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ოფიცრებისთვის, რომელთა რაოდენობაც 3.5 ათასს შეადგენდა. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმ მიზეზით იყო განპირობებული, რომ სამხედროები საარჩევნო უბნებიდან შორეულ რეგიონებში არიან განლაგებული. რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, მათ ხმა სამი დღის განმავლობაში - 17-19 სექტემბერს მისცეს. ცხინვალის რეგიონში არჩევნების მონიტორინგს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული დამკვირვებლები აწარმოებდნენ.

საარჩევნო უბნების განლაგება ცხინვალის რეგიონში

ცხინვალის რეგიონში სულ 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. აქედან ცხრა სამოქალაქო პირებს, ერთი კი მე-4 რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეებს ემსახურებოდა. ცხინვალში ექვსი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა, ხოლო ჯავაში, ყორნისში, ახალგორსა და  კვაისაში თითო. ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო უბანზე გამოცხადებას ვერ ახერხებდნენ, წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე საცხოვრებელ ადგილზე აძლევდნენ ხმას.

არჩევნების შეფასება ცხინვალის რეგიონში

„პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა ხმა არჩევნების პირველივე დღეს „სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოს“ შენობაში მისცა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარი „ძლიერ რუსეთს“ დაუჭირა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ და რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პატივისცემისკენ მოუწოდა.

19 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში სპეციალური ვიზიტით აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დაურ კოვე და „თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე“, გენერალ-პოლკოვნიკი ბესლან ცვიჟბა იმყოფებოდნენ, რომლებიც ცხინვალის რეგიონში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაარსების 31-ე წლისთავისადმი“ მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებზე დასწრების მიზნით ჩავიდნენ. მათ ხმა ცხინვალში, „რუსეთის ფედერაციის საელჩოში“ მისცეს.

როგორც „საელჩოს“ საუბნო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრ იუტკინი აღნიშნავს, არჩევნები დარღვევების გარეშე, მშვიდ, სადღესასწაულო გარემოში ჩატარდა, სადაც ამომრჩევლები ბუშტებითაც კი მოდიოდნენ.

არჩევნების დღეს პოლიციის რაზმები 24 საათის განმავლობაში პატრულირებდნენ. მათ უსაფრთხოების მიზნით წინასწარ საარჩევნო უბნებიც შეამოწმეს.

„პრეზიდენტი“ ანატოლივი ბიბილოვი „რუსეთის საელჩოს“ საარჩევნო უბანზე. წყარო: sputnik-ossetia.ru

საერთაშორისო დამკვირვებლები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან

მოსკოვში არჩევნებზე დასასწრებად დამკვირვებლები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც მიიწვიეს. აფხაზეთიდან საერთაშორისო დამკვირვებლის რანგში პარლამენტის „დეპუტატები“ ვალერი აგრბა და ასტამურ ლოგუა, ასევე „აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“ თამაზ გოგია იმყოფებოდნენ. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, მოსკოვში კენჭისყრაზე დასასწრებად „პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი“ პეტრ გასიევი და „საბიუჯეტო და საგადასახადო კომიტეტის ხელმძღვანელი“ ელენა ჯიოევა ჩავიდნენ.

არჩევნების შედეგები

საერთო ჯამში, აფხაზეთში გახსნილ ცხრა საარჩევნო უბანზე არჩევნებში მონაწილეობა 14 549-მა ადამიანმა მიიღო. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პირველ დღეს 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, მეორე დღეს ამომრჩეველთა რაოდენობა 3.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო ყველაზე მაღალი აქტივობა 19 სექტემბერს, არჩევნების ბოლო დღეს დაფიქსირდა. საბოლოო ჯამში, ცხინვალის რეგიონში 11 000-მა რუსეთის მოქალაქემ მისცა ხმა. ამომრჩევლების უმეტესობა საპენსიო ასაკის იყო, ახალგაზრდები კი ნაკლები აქტივობით გამოირჩეოდნენ. აფხაზეთში ხმის მიცემით რუსმა დამსვენებლებმაც ისარგებლეს.

აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ წინასწარი მონაცემებით, სახელისუფლო პარტიამ - „ერთიანი რუსეთი“ აფხაზეთის ყველა საარჩევნო უბანზე მოიპოვა გამარჯვება, ხოლო ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კანდიდატებმა იური გრიგორიევმა (პარტია „სამართლიანი რუსეთის“ მაჟორიტარი კანდიდატი იმიერბაიკალეთის მხარეში), ალექსეი გორდეევმა (პარტია „ერთიანი რუსეთის“ მაჟორიტარი კანდიდატი ვორონეჟის მხარეში), ალექსანდრ ხინშტეინმა (პარტია „ერთიანი რუსეთის“ მაჟორიტარი კანდიდატი სამარის ოლქში) და სვეტლანა ჟუროვამ (პარტია „ერთიანი რუსეთის“ მაჟორიტარი კანდიდატი ლენინგრადის ოლქში) გაიმარჯვეს.

წინასწარი შედეგებით, 450-წევრიან სახელმწიფო დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერმა პარტიამ „ერთიანი რუსეთი“. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი კიდევ ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა: „კომუნისტური პარტია“, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“, „სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები-სიმართლისთვის“ და „ახალი ხალხი“. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება 24 სექტემბერსაა მოსალოდნელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, საქართველოს საგარეო უწყება გმობს აღნიშნულ ფაქტს და ამ ნაბიჯს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯად აფასებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და ამით სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს. აღნიშნული განცხადებით სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართავს და მოუწოდებს მას, ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე. საქართველოს განცხადებას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევის ღია მცდელობა უწოდა. მათ აღნიშნეს, რომ არჩევნების აფხაზეთში ჩატარება არ არღვევს საქართველოს ინტერესებს და საქართველოს ხელისუფლებამ სპეკულირება მათი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და თავის უდანაშაულო მსხვერპლად წარმოჩენა უნდა შეწყვიტოს.

Go BackGo Back