ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 108-ე შეხვედრა: შეფასებები

2022 / 09 / 24

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2022 წლის 23 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 108-ე შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.

თანათავმჯდომარეების შეფასებები

შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ოსური მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ე.წ. გამშვები პუნქტების დროებითი გახსნის შესახებ რელიგიურ დღესასწაულებსა და 2022 წლის ბოლომდე, ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში. თუმცა მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ოსურ მხარეს საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების სრულად აღდგენისკენ.

თანაფასილიტატორებმა  ასევე აღნიშნეს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დღის წესრიგში მდგარი ისეთი პრობლემებიც, როგორებიცაა განათლების ხელმისაწვდომობა, „ბორდერიზაცია“, სარწყავ და სასმელ წყალზე წვდომა და სხვ.

თბილისის შეფასება

შეხვედრაზე ოფიციალური თბილისის მხრიდან ორი ძირითადი საკითხი დადგა დღის წესრიგში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ცნობით, სუს-ის  საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ შეხვედრაზე უკანონო დაკავებების საკითხზე ისაუბრა და ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩორჩანასა და ოკუპირებული თიღვის მუნიციპალიტეტის სოფ. წნელისის მიჯნაზე განთავსებული საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

ცხინვალის შეფასება

108-ე შეხვედრაზე განსახილველად ოსურმა მხარემაც  ორი საკვანძო საკითხი გამოჰყო. ე.წ. „პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ“ და „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის“ ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა  პირველ რიგში ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს დემონტაჟის საკითხი დააყენა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პრობლემა ცხინვალის რეგიონის ინტერესის შესაბამისად გადაიჭრება. კოჩიევმა ასევე აღნიშნა საოკუპაციო ხაზის „უკანონო გადაკვეთის“ ფაქტების მზარდი ტენდენციაც, რაც მისი თქმით, ოსურ მხარეს შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებების გატარებისაკენ უბიძგებს.

რა არ შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

შეთანხმება ისევ მიუღწეველი დარჩა ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოსთან დაკავშირებით და ცხინვალის ციხეშიც ისევ რჩებიან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძეც.

რა შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

რიგით 108-ე რაუნდზე გასული შეხვედრისაგან განსხვავებით არ გაჟღერებულა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე უკანონო სამხედრო წვრთნების საკითხი.

შემდეგი შეხვედრა

მხარეების შეთანხმებით, მომდევნო, 109-ე შეხვედრა, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გაიმართება.

 

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის თაობაზე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.

Go BackGo Back