ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 110-ე შეხვედრა: შეფასებები

2023 / 01 / 19

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2023 წლის 17 იანვარს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 110-ე შეხვედრა გაიმართა, რასაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ტიბორ კოზმა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი ვიორელ მოშანუ თანათავმჯდომარეობდნენ.

თანათავმჯდომარეების შეფასებები

შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა მხარეებს დეკემბრის ბოლო ათი დღის განმავლობაში ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტების (სგპ) გახსნის გადაწყვეტილება მოუწონეს, თუმცა გამოთქვეს სინანული, რომ მსგავსი მიდგომა შობის დღესასწაულზე არ გამოიყენეს. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მხარეებს ე.წ. სგპ-ების მუდმივი გახსნის საკითხში თანამშრომლობისკენ, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

თბილისის შეფასება

შეხვედრაზე ოფიციალური თბილისის მხრიდან ამჯერადაც ორი საკვანძო საკითხი დადგა დღის წესრიგში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ შეხვედრაზე უკანონო დაკავებების საკითხზე ისაუბრა, მოითხოვა ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლება და ოსური მხარისგან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტების შეწყვეტა. ანთაძემ ხაზი უკანონოდ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის გაზრდილ დინამიკასაც გაუსვა, რაც მისი თქმით, ხელს უშლის ადგილზე მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას.

ცხინვალის შეფასება

110-ე შეხვედრაზე ოსურმა მხარემ სამ ძირითად საკითხზე ისაუბრა. ე.წ. „პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ“ და „სამხრეთ ოსეთის დელეგაციის“ ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა  პირველ რიგში, წინა შეხვედრის მსგავსად, ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს დემონტაჟის საკითხი დააყენა. მისი თქმით, საგუშაგო და ყოველდღიურად იქ მყოფი 12-15  შეიარაღებული პოლიციელისგან შემდგარი ჯგუფი აშინებს ოს მოსახლეობას და ხელს უშლიან ადგილზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას. საგუშაგოსთან ერთად მან საქართველოს მხრიდან  ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტების შესახებაც ისაუბრა და უკმაყოფილება გამოხატა „სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში“ საქართველოს მხრიდან გადასული უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილებასთნ დაკავშირებით.

რა არ შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

არ შეცვლილა მდგომარეობა და მხარეთა პოზიციები ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოსთან დაკავშირებით. ცხინვალის ციხეში ისევ რჩებიან დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის: ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე, კახაბერ ნათაძე, ლაშა ხეთერელი, გელა იობაშვილი და მიმდინარე თვეში დაკავებული სამი მოქალაქე, რომელთაგან ერთი სოსო დვალიშვილია, ორის ვინაობას კი ამ ეტაპისთვის სუს-ი არ აკონკრეტებს. წინა შეხვედრის მსგავსად, ოსური მხარისაგან 110-ე რაუნდზეც გაიჟღერა უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ცხინვალის რეგიონის ე.წ. საჰაერო სივრცის დარღვევის ბრალდებამ.

რა შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

109-ე რაუნდისგან განსხვავებით, აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა სარწყავი წყლის მიწოდების შესახებ ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობას გააგრძელებენ, რათა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. წინაგარას და მიმდებარე ქართულ-ოსურ სოფლებს სარწყავი წყალი კვლავ შეუფერხებლად მიეწოდოთ.

შემდეგი შეხვედრა

მხარეების შეთანხმებით, მომდევნო, 111-ე შეხვედრა, მიმდინარე წლის 2 მარტს გაიმართება, 3 მარტს კი მხარეები სარწყავი წყლის მიწოდების ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით  შეხვდებიან ერთმანეთს.

 

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის თაობაზე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აღნიშნული ფორმატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა. ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, აფხაზეთის მიმართულებით კი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ დროებით შეწყვეტილია. IPRM- შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.

Go BackGo Back