ახალი ამბები

რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს უმასპინძლა

2020 / 11 / 12

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები, მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელებისა და საგარეო-პოლიტიკური კოორდინაციის საკითხები განიხილეს.

შეხვედრა სამი საათი გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრამდე ბჟანიამ ორი კვირა კარანტინში გაატარა.

ამ ეტაპზე შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ბჟანიამ პუტინთან შეხვედრა რუსეთში მეექვსე ვიზიტის დროს მოახერხა. წინა შეხვედრების შესახებაც, როგორც წესი, მწირი ინფორმაცია ვრცელდებოდა.

პირველად ბჟანია მოსკოვს 5 მაისს ეწვია ფინანსთა და ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრებთან, ვლადიმირ დელბასა და კრისტინა ოზგანთან ერთად. მეორეჯერ, 24 ივნისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. მესამე ვიზიტი, 30 ივლისს შედგა. ვიზიტის შედეგად აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი დე ფაქტო ადმინისტრაციული საზღვრის გახსნის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. მეოთხეჯერ ბჟანია მოსკოვს 7 სექტემბერს ესტუმრა. ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს და ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს მიხაილ ბაბიჩს შეხვდა. მეხუთეჯერ, ბჟანია მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი კოზაკს, მიხაილ ბაბიჩს და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსს ალექსეი ფილატოვს 29 ოქტომბერს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელებისა და აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხი განიხილეს.

Go BackGo Back