მთავარი ფიგურები

ვიტალი მუტკო

რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • ვიტალი მუტკო დაიბადა 1958 წლის 8 დეკემბერს სტანიცა კურინსკაიაში, კრასნოდარის მხარეში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • განათლება მიიღო ლენინგრადში. 1987 წელს საწყალოსნო ტრანსპორტის ინსტიტუტი, 1999 წელს კი, ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც მისი სადიპლომო თემა იყო „სპორტული ღონისძიებების მაგალითზე თანამდებობრივი დანაშაული“.
  • 1993-2003 წლებში  საფეხბურთო კლუბ „ზენიტ“-ის პრეზიდენტი იყო.
  • 2001 წელს მისი ინიციატივით რუსეთის საფეხბურთო პრემიერ-ლიგა დაფუძნდა. მას სხვადასხვა თანამდებობები ეკავა რუსეთის საფეხბურთო სამყაროში.
  • 2002 წელს აირჩიეს რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრად.
  • 2005-2017 წლებში რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო.
  • 2006 წელს სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკისა და ფინანსების სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
  • 2009 წელს ფიფა-ს აღმსარულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
  • 2009 წელს რუსეთის მთავრობის მხრიდან 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის კურატორად დაინიშნა.
  • სხვადასხვა წლებში დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენებით: ორდენი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის“, ღირსების ორდენი, მეგობრობის ორდენი და სხვ.

სპორტული სკანდალები

  • 2010 წელს იგი რუსეთის დელეგაციის წევრი იყო, როდესაც ციურიხში 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ორგანიზატორ ქვეყანას ირჩევდნენ. დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის გამოსვლას ინგლისურ ენაზე, კერძოდ ფრაზას „Let me speak from my heart“, რომელიც მკვეთრად გამოხატული რუსული აქცენტით იყო ნათქვამი. მისმა გამოსვლამ დიდი პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტში და მისი ვიდეო რგოლი «Виталий Мутко фром хиз харт»-მა მალე მოიპოვა პოპულარობა. მისი ინგლისური რუსეთის მთავრობაშიც მუდმივი ხუმრობების საგანი იყო. 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მუტკოს დაბადების დღე დამტვრეული ინგლისურით მიულოცა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი - ინგლისური ენის თვითმასწავლებელი აჩუქა
  • მუტკოს სახელი არაერთხელ არის ნახსენები დოპინგის საწინააღმდეგო საერთაშორისო სააგენტოს მოხსენებაში, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა. დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშში 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დოპინგის სახელმწიფო სისტემაა შესწავლილი, სადაც მუტკოს სახელიც ფიგურირებს. 2016 წლის 19 ივლისს მუტკოს 2016 წლის რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე აკრედიტაცია ჩამოართვეს. 2017 წლის 5 დეკემბერს კი - მუტკოს სამუდამოდ აუკრძალეს ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი სტატუსით დასწრება.
  • 2017 წლის 25 დეკემბერს მუტკო რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. 30 დეკემბერს კი - 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა დატოვა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შეფასებით, მუტკო რუსეთში არსებული „ინსტიტუციური“ დოპინგ სისტემის ფუნქციონირებასთან იყო დაკავშირებული. მის წინააღმდეგ საფეხბურთო სანქციები არ დაუწესებიათ, მაგრამ მას ჩემპიონატის ჩატარების კურატორის პოსტის დატოვება მოუწია. მუტკო, რომელიც შვიდი წელი კურირებდა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის მომზადებას, რუსეთის მონაწილეობით ყველა შეხვედრას დაესწრო, მაგრამ ფიფა-ს მაღალჩინოსნებისგან შორს იჯდა, მასზე არსებული არაოფიციალური აკრძალვის გამო. 

პროფესიული კარიერა

  • 1977-1978 წლებში თავისი კარიერის საწყის ეტაპზე მუტკომ მუშაობა დაიწყო მეზღვაურ-მოტორისტის რანგში სამდინარო გემებზე.
  • 1980 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, რის შემდეგადაც დაიწყო მისი პარტიული კარიერა. 1983-1991 წლებში სანქტ-პეტერბურგის კიროვის რაიონში სახალხო დეპუტატთა რაიონულ საბჭოში მუშაობდა ინსტრუქტორად, განყოფილების უფროსად, მდივნად, თავმჯდომარედ, რაიონის ადმინისტრაციის უფროსად.
  • 1992-1996  წლებში სანქტ-პეტერბურგის მთავრობაში ვიცე-მერი, სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მუტკოს სანქტ-პეტერბურგის მერ ანატოლი სობჩაკთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამავე პერიოდში სობჩაკთან მუშაობდა ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევიც. 1996 წელს სობჩაკმა არჩევნები წააგო და მუტკომაც დატოვა თანამდებობა.
  • 2003 წლის 29 ოქტომბრიდან 2008 წლის 12 მაისამდე სანქტ-პეტებურგის მთავრობიდან რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს წევრი იყო.
  • 2008 წლის 12 მაისიდან 2012 წლის 21 მაისამდე სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრი იყო. სამინისტრო მთავრობის სტრუქტურის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა. სპორტის კურატორი მინისტრის რანგში რუსული სპორტის არასახარბიელო შედეგების გამო მას ხშირად აკრიტიკებდნენ, მათ შორის სახელისუფლო პარტიის წევრებიც.
  • 2012 წლის 21 მაისიდან 2016 წლის 19 ოქტომბრამდე დიმიტრი მედვედევის მთავრობაში რუსეთის სპორტის მინისტრი იყო.
  • 2016 წლის 19 ოქტომბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის მოადგილედ დაინიშნა.
  • 2018 წლის 18 მაისს პუტინის ახალ მთავრობაში შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი. მისი პასუხისმგებლობის სფეროდ განისაზღვრა მშენებლობისა და რეგიონული განვითარების საკითხები. ასევე მუტკო კურირებას გაუწევს „ნაციონალურ პოლიტიკას და ნაციონალურ ურთიერთობებს მთლიანობაში“. დანიშვნის შემდეგ მუტკომ განაცხადა, რომ მისი ახალი თანამდებობა განსხვავდება მისი პასუხისმგებლობის ძველი სფეროებიდან, მაგრამ მშენებლობის საკითხი მისთვის ნაცნობია. ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, მუტკო ყველაზე დაბალრეიტინგული მინისტრი იყო. 
  • 2018 წლის აგვისტოში მედვედევმა მუტკო კაზაკობის განვითარების კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა
  • მუტკო ვიცე-პრემიერის რანგში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორიც იქნება. 2018 წლის 5 ივნისს,  იგი რუსეთსა და აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარედაც დაინიშნა. მან ამ პოსტზე ალექსანდრე ხლოპონინი შეცვალა, რომელიც პუტინის ახალ მთავრობაში ვერ მოხვდა. ხლოპონინი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან წლებია მუშაობდა და ამ სფეროში დიდი გამოცდილება ჰქონდა. მუტკოს ფიგურას ექსპერტთა ნაწილი სუსტ ფიგურად მიიჩნევს. რუსი ექსპერტების შეფასებით, ხლოპონინს საკმარისი გამოცდილება ჰქონდა მართვისა და ბიზნესის კუთხით, მაშინ როცა მუტკო ერთ-ერთ ყველაზე სუსტ მმართველად ითვლება მთავრობაში. 
  • 2019 წლის 22 იანვარს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებლობის სფეროები გაანაწილა. მუტკო პასუხისმგებელი იქნება რამდენიმე სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე, მათ შორის „ჩრდილოეთ  კავკასიის ფედერალური ოლქის განვითარებისა“ და „საგარეოპოლიტიკური საქმიანობის“ (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილში) პროგრამებზე. „საგარეოპოლიტიკური საქმიანობის“ სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 20 მარტს დაამტკიცეს. სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პერიოდია 2013-2020 წლები. პროგრამის მიზანია საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ინტერესების ყოველმხრივი და ეფექტური უზრუნველყოფა, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისათვის მისაღები საგარეო პირობების შექმნა.
  • 2020 წლის 21 იანვარს რუსეთის ფედერაციის ახალი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეები და მინისტრები დაამტკიცეს. სამთავრობო ცვლილების შედეგად მუტკომ ვიცე-პრემიერის თანამდებობა დატოვა.
  • 2020 წლის 28 იანვარს მუტკო სახელმწიფო კომპანია „ДОМ.РФ“-ის გენერალურ დირექტორად აირჩიეს. დირექტორის პოზიციაზე იგი 2020 წლის 29 იანვრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით იმუშავებს. სააქციო საზოგადოება „ДОМ.РФ“ საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც რუსეთში საცხოვრებელი სახლების ბაზრის განვითარებაზე მუშაობს. სახელმწიფო კომპანიის მიზანია იპოთეკური დაკრედიტების ბაზრისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის განვითარება. კომპანიის აქციების 100% სახელმწიფოს ეკუთვნის.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2018 წლის 27 ივნისს მუტკომ მოსკოვში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს გენადი გაგულიასთან. შეხვედრის საგანი 2017-2019 წლების აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების საკითხი იყო.  
  • 2018 წლის 19 აგვისტოს მუტკო მოსკოვში ვიზიტად მყოფ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს გენადი გაგულიას შეხვდა. შეხვედრაზე 2017-2019 წლების აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების საკითხი და ასევე 2020-2022 წლების გეგმა განიხილეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების გაფართოების შესაძლებლობები და აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის ტელეკომუნიკაციების მოდერნიზაციის საკითხები. 
  • 2018 წლის 25 სექტემბერს მუტკო მოსკოვში შეხვდა აფხაზეთის ახლად დანიშნულ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ვალერი ბგანბას. შეხვედრაში ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევიც მონაწილეობდა. შეხვედრის მონაწილეებმა სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, კერძოდ 2017-2019 წლების აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების საკითხი.
  • 2019 წლის 18-19 დეკემბერს აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. 19 დეკემბერს, სოხუმში, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 შეხვედრა ჩატარდა. სხდომის თანათავჯდომარეები იყვნენ მუტკო და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა.  რუსეთის დელეგაციის წევრები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევი, მისი მოადგილე იგორ კოშინი და სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დელეგაციის წევრები იყვნენ საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი და მისი მოადგილე დენის ტრავინი. შეხვედრაზე კომისიამ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა დაამტკიცა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2018 წლის 25 მაისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მუტკომ თავისი პირველი შეხვედრა გამართა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციის საკითხი განიხილეს.
  • 2018 წლის 15 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის რიგით მე-19 შეხვედრა გაიმართა, რომლის თავმჯდომარეც რუსეთის მხრიდან მუტკო იყო, ცხინვალის რეგიონის მხრიდან კი - დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევი და მისი მოადგილე იგორ კოშინი, ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი. შეხვედრაზე 2018 წლისთვის ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ფინანსური დახმარებისა და 2018-2019 წლებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების საკითხები განიხილეს. მუტკომ საინვესტიციო პროგრამების განხორციელების დონე მოიწონა. მისი თქმით, 2018 წელს დაგეგმილი 18 მიმდინარე პროექტიდან 11 დასრულებულია. შეხვედრის დასასრულს კომისიის მე-19 შეხვედრის პროტოკოლის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. პროტოკოლს მუტკომ და ფუხაევმა მოაწერეს ხელი. 
  • 2019 წლის 12 აპრილს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რუსული მხარის სხდომა გაიმართა. სხდომას მუტკო ხელმძღვანელობდა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრმა სერგეი ჩებოტარევმაც. სხდომაზე ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამასთან, მიმდინარე საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან და 2019 წელს ცხინვალის რეგიონისთვის ფულის გამოყოფობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
  • 2019 წლის 19 აპრილს, ცხინვალში, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-20 სხდომა გაიმართა. სხდომაზე ცხინვალის რეგიონის 2020-2022 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამა მოიწონეს. სხდომის თანათავჯდომარეები იყვნენ მუტკო და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვიც. სხდომის დასასრულს მუტკომ და ფუხაევმა რიგით მე-20 სამთავრობათაშორისი კომისიის პროტოკოლს მოაწერეს ხელი.