მთავარი ფიგურები

გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • გრიგორი კარასინი დაიბადა 1949 წლის 23 აგვისტოს.
  • 1971 წელს დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი.
  • 2018 წლის 11-13 ნოემბერს მოსკოვში ვიზიტის დროს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა კარასინი „საერთაშორისო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის“ დააჯილდოვა. მედოევმა ანალოგიური ჯილდო ასევე გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორს, ალექსეი პავლოვსკის. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მედოევმა „რუსეთში ცხინვალის რეგიონის ახალი საელჩოც“ მოინახულა
  • აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

პროფესიული კარიერა

  • კარასანი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატია. იგი 1972 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია. თავისი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში სხვადასხვა დიპლომატიური თანამდებობები ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატში და უცხოეთში (სენეგალი, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი).
  • 1992-1993 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსი იყო.
  • 1993-1996 წლებში სამინისტროში ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
  • 1996-2000 წლებში მინისტრის მოადგილე იყო.
  • 2000-2005 წლებში დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი იყო.
  • 2005 წლის ივნისიდან მინისტრის მოადგილე იყო.
  • 2005 წლის ოქტომბერში სტატს-მდივნად - მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. იგი დსთ-ის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მუშაობას კურირებდა. მისი პასუხისმგებლობის სფეროში ასევე შედიოდა ფედერალური კრების ორივე პალატასთან, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ასევე სამინისტროს საკანონმდებლო საქმიანობა.
  • 2019 წლის 10 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, კარასინი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. 23 აგვისტოს, კარასინი 70 წლის გახდა, რის გამოც იგი აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობას ვეღარ დაიკავებდა. აგვისტოში პუტინმა კარასინი დააჯილდოვა მესამე ხარისხის ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის“. კარასინი ევგენი ივანოვმა შეცვალა, რომელიც 2019 წლის 10 სექტემბერს სტატს-მდივნად - მინისტრის მოადგილედ პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა.
  • 2019 წლის 12 სექტემბერს კარასინი სახალინის ოლქიდან ფედერაციის საბჭოს სენატორად დანიშნეს. ფედერაციის საბჭოში იგი მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
  • 2021 წლის 17 მარტს კარასანი ფედერაციის საბჭოში საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. მან ამ პოსტზე კონსტანტინ კოსაჩევი შეცვალა.

აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • კარასინი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველი დიპლომატი იყო, რომელიც საქართველოში მთავრობის ცვლილების შემდეგ, 2012 წლის 14 დეკემბერს, ჟენევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს შეხვდა (აბაშიძე ამ პოსტზე 2012 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა). პირველ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ  და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებულ საკითხებზე პირდაპირ დიალოგს. ამ შეხვედრით აბაშიძე-კარასინის ფორმატს ჩაეყარა საფუძველი. 2008 წლიდან მოყოლებული კარასინი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხშირად აკეთებს კომენტარებს ჟენევის დისკუსიისა და აბაშიძე-კარასინის შეხვედრებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 
  • 2008 წლის 15 სექტემბერს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დასრულებიდან მალე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ეს იყო ლავროვის პირველი  ვიზიტი ცხინვალში. მანამდე, 9 სექტემბერს, რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. ლავროვი ცხინვალში სოხუმიდან ჩავიდა. რუსეთის დელეგაციაში ლავროვის მოადგილის რანგში კარასინიც შედიოდა
  • 2011 წლის 25 აპრილს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. ერთი დღის შემდეგ კი, იგი სოხუმს ეწვია. ლავროვის დელეგაციაში სხვებთან ერთად კარასინიც შედიოდა
  • 2015 წლის მაისში ცხინვალის რეგიონთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების რატიფიკაციის საკითხის ფედერაციის საბჭოში განხილვის დროს რუსეთის პრეზიდენტმა კარასინი თავის წარმომადგენლად დანიშნა
  • 2017 წლის 15 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე მოსკოვში კარასინს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, საგარეო პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტი, რეგიონში არსებული ვითარება და ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის საკითხები განიხილეს.    
  • კარასინი ხშირად გამოთქვამს მოსაზრებებს საქართველოში ნატო-ს საქმიანობასთან დაკაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი შეფასებისას 2017 წლის 26 სექტემბერს მან განაცხადა, რომ „ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა ფართოვდება საქართველოში, სამხედრო წვრთნები რეგულარულად იმართება, რომლის მასშტაბებიც ყოველწლიურად იზრდება და შეიარაღებული ძალებისა და მათი მენეჯმენტისათვის ნატო-ს სტანდარტები მკვიდრდება, რაც დესტაბილიზაციის სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიას და  რუსეთის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ უსაფრთხოებას.“ 
  • 2018 წლის 22 იანვარს კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთში ცხინვალის რეგიონის „ელჩს“ ზნაურ გასიევს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის ორმხრივი თანამშრომლობისთვის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის დახვეწის საკითხი. მხარეებმა მოსკოვში ცხინვალის რეგიონის  დე ფაქტო დიპლომატიური მისიისთვის ახალი შენობის საკითხიც განიხილეს
  • 2018 წლის 24 აპრილს კარასინი მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი მედოევს ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე სასაუბრად შეხვდა.
  • 2018 წლის 10 ოქტომბერს კარასინმა საქართველოს მხარის შემოთავაზებაზე - რუსეთს ლუგარის ლაბორატორიაში სწავლებაში მიეღო მონაწილეობა - უარი თქვა. მისი განცხადებით, „რუსეთს არ სურს კვლევითი ცენტრის საქმიანობის ლეგიტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება“. მისი თქმით, „ლუგარის ლაბორატორია საფრთხეს წარმოადგენს, რადგან არავის ესმის, თუ რას და რატომ იკვლევენ და აწარმოებენ“. კარასინის შეფასებით, „ერთი ვიზიტით შეუძლებელია იმის გაგება, თუ რაზე მუშაობს ლაბორატორია“. მან ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალისა და სოხუმის განცხადებით, ქართული ტერიტორიიდან მათ ტერიტორიაზე რეგიონისათვის არადამახასიათებელმა დაავადებებმა შეაღწიეს
  • 2023 წლის 31 მარტს კარასინი დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველს, კონსტანტინ კოჩიევს შეხვდა. კარასინის განცხადებით, დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა მომავალში „შეიძენს ახალ იმპულსს“, რადგანაც აღნიშნული თანამშრომლობა დაფუძნებულია ისტორიულ მეგობრობასა და ნდობაზე.
  • 2023 წლის 7 ივლისს კარასინი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენით“ დააჯილდოვეს. კარასინს ჯილდო დე ფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველმა კონსტანტინ კოჩიევმა გადასცა.
  • 2023 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა. დელეგაციის ვიზიტი რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების (2008 წლის 26 აგვისტო) 15 წლისთავს უკავშირდებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო კარასინი, რომელიც „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვეს.