მთავარი ფიგურები

ინალ არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი

(რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე; რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) 

ინალ არძინბა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში დეპარტამენტის ყოფილი უფროსია. იგი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირის, ვლადისლავ სურკოვის მხარდაჭერით სარგებლობს. მისი აფხაზური წარმოშობისა და თანამდებობის მიუხედავად, ამ ეტაპზე არძინბას აქტიურობა აფხაზეთის მიმართულებით ძირითადად „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ მოძრაობის საქმიანობაში და აფხაზეთის თემატიკაზე გამართულ შეხვედრებში მონაწილეობაში ვლინდება.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ინალ არძინბა დაიბადა 1990 წლის 26 ივლისს სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ში, საქართველოს სსრ-ში, საბჭოთა კავშირში. არსებული ინფორმაციით იგი აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავია. მამამისი ბათუ არძინბა 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე ომის მონაწილე და ლეონის ორდენის კავალერია.
  • 2007 წელს არძინბამ დაამთავრა სოხუმის N10 საშუალო სკოლა.
  • სოხუმში სკოლის დასრულების შემდეგ 2007-2012 წლებში მოსკოვში ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც გამოცდის გარეშე მოხვდა, რადგან სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, რუსეთის მთავრობის მიერ აფხაზებისთვის გამოყოფილი კვოტებით ისარგებლა
  • სტუდენტობის პერიოდში წიგნი - „აფხაზეთის ეროვნული ეკონომიკა“ გამოსცა. წიგნში 2020 წლამდე აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისადმი ახალი მიდგომებია განხილული. წიგნის ერთ-ერთი რეცენზენტი ალექსანდრე ანქვაბია, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი იყო 2011-2014 წლებში.
  • 2014 წელს „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალგაზრდა ლიდერების“ რეიტინგის სათავეში მოხვდა.
  • 2017 წლის 2 დეკემბერს პუტინის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის მე-3 კლასის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველის საკლასო ჩინი მიენიჭა
  • 2018 წლის 18 ივნისს, არძინბამ 2017 წლის ოქტომბერში სოჭში გამართული მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტების ფესტივალის ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის პუტინსგან საპატიო სიგელი მიიღო.
  • არძინბას კოლეგები მისი მუშაობის საკმაოდ მკაცრი სტილის გამო „დობერმანს“ ეძახიან

პროფესიული კარიერა

  • არძინბას 2012 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რუსეთის უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია „როსგოსტრახ“-ში სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში კომპანიის პრეზიდენტის თანაშემწის პოზიცია ეკავა
  • არძინბა 2012 წელს რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვაშინგტონში გამართულ „ახალგაზრდული რვიანის“ სამიტზე, რომელიც „დიდი რვიანის“ სამიტის პარარელურად გაიმართა. სამიტის მსვლელობისას არძინბა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების საერთაშორისო აღიარების საკითხსაც ლობირებდა.
  • 2013 წელს რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა „ახალგაზრდული ოციანის“ სამიტზე სანქტ-პეტერბურგში და „ახალგაზრდული რვიანის“ სამიტზე ლონდონში. სანქტ-პეტერბურგის სამიტზე საბოლოო დეკლარაცია პირადად პუტინს წარუდგინა
  • 2014 წლიდან იწყება არძინბას კარიერა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. იგი გარკვეული პერიოდი დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში კონსულტანტი იყო, შემდეგ კი - სურკოვის პირველი მოადგილე. სურკოვთან მუშაობის პერიოდში არძინბას უკრაინის რეგიონების დესტაბილიზაციის პროექტების კურატორობა ევალებოდა. უკრაინაში მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი, კერძოდ, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ცვლილების მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დარღვევაში. იგი კრემლში დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა
  • უკრაინას არძინბაზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. იგი 2015 წელს სურკოვთან ერთად უკრაინის მტრების სიაშიც კი მოხვდა. 2015 წლის დეკემბერში არძინბას სამხრეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციაში დასდეს ბრალი, 2016 წლის მარტში კი, ე.წ. „ბესარაბიის პროექტის“ (პროექტი ოდესის ოლქში ბესარაბიის სახალხო რესპუბლიკის შექმნას ითვალისწინებდა) განხორციელებაში არძინბა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმაც დაადანაშაულა.
  • 2017 წლის 26 ივნისს არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განკარგულებით, დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. მანამდე მას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დსთ-ს საქმეთა სამმართველოში მთავარი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. არსებული ინფორმაციით, 2018 წლის 11 მაისს, არძინბამ დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
  • 2018 წლის 24 ოქტომბერს არძინბა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. საბჭო უნდა გადაიქცეს სტრუქტურად, რომელიც გააერთიანებს საზოგადოებრივ მოღვაწეებს, ახალგაზრდა საჯარო მოხელეებს, ძალოვანი უწყებებისა და სახელმწიფო კორპორაციების წარმომადგენლებს, მეწარმეებსა და ექსპერტებს. საბჭოს პრეზენტაციის დროს არძინბამ განაცხადა, რომ საბჭო კონფესიათაშორისი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც სოციალური პრობლემებით იქნება დაკავებული. არძინბას  თქმით, ორგანიზაცია ოთხი მიმართულებით იმუშავებს: განათლება, ქველმოქმედება, კულტურულ-მასობრივი აქციების ორგანიზება და საერთაშორისო საქმიანობა. არძინბას განცხადებით, საბჭოს მთავარი მიზანია ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდა და სულიერი განვითარება. მისი თქმით, ორგანიზაცია „ფართო მასებზეა“ ორიენტირებული და არა „ეკლესიურ ახალგაზრდებსა და საეკლესიო სტრუქტურებზე“. საბჭოს პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო ამერიკელმა მსახიობმა სტივენ სიგალმაც, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელია რუსულ-ამერიკული ჰუმანიტარული კავშირების საკითხებში. ამ პოსტზე დანიშვნა არძინბას რუსეთის პატრიარქმაც მიულოცა
  • 2021 წლის 17 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ბრძანებით, ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. მან დაურ კოვე შეცვალა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2017 წლის 5 ივნისს არძინბამ მონაწილეობა მიიღო მოსკოვში აფხაზური დიასპორის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ დამფუძნებელ ყრილობაში, რომლის მიზანია ჰუმანიტარული პროექტების განხორციელება. მოძრაობას მხარი დაუჭირა ცნობილმა ფეხბურთელმა ახრიკ ცვეიბამაც, რომელიც 1985-1989 წლებში „თბილისის დინამოში“ თამაშობდა.
  • 2017 წლის 18 აგვისტოს არძინბა სოხუმში ახალგაზრდა აფხაზ დიპლომატებს, ეკონომისტებს და საინფორმაციო ტექნოლოგიის სფეროს სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე არძინბამ აფხაზი ახალგაზდრობის მიერ მომზადებულ სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებს დაუჭირა მხარი. შეხვედრას „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ მოძრაობის მონაწილეებიც ესწრებოდნენ.
  • 2017 წლის 7 ნოემბერს არძინბა შეხვდა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში აფხაზ სტუდენტებს, სადაც აფხაზური ენის შენარჩუნების საკითხებზე და ახალგაზრდობისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე ისაუბრა
  • 2018 წლის 15 ივნისს მოსკოვში რუსეთისა და აფხაზეთის ახალგაზრდა ლიდერების ფორუმთან დაკავშირებულ პრეს-კონფერენციას, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც მონაწილეობდა, არძინბაც დაესწრო
  • 2018 წლის 30 სექტემბერს „აფხაზი ხალხის სამამულო ომში გამარჯვების დღეს“ მოსკოვში საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი გაიმართა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ მოძრაობისა და „აფხაზეთის მეგობრების“ გუნდებს (რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული) შორის. „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ მოძრაობის გუნდის კაპიტანი არძინბა იყო
  • 2019 წლის 5 თებერვალს „Российская газета“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, აფხაზეთის საზოგადოებრივმა პალატამ რუსეთის საზოგადოებრივ პალატასა და დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდთან თანამშრომლობით სოციოლოგიური კვლევა - „აფხაზეთი-2018: საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები და პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს“, ჩაატარა. კვლევის მიხედვით, აფხაზეთის მომავალი ლიდერების რეიტინგის სათავეში ინალ არძინბა მოხვდა. რუსულ გაზეთში ინფორმაციის გამოქვეყნებამ აფხაზეთში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. შექმნილი გაუგებრობა, სავარაუდოდ, გამოკითხვაში არძინბას უპირობო ლიდერობამ გამოიწვია. არის მოსაზრება, რომ რუსეთში გარკვეული ჯგუფები არძინბას აფხაზურ პოლიტიკაში გამოჩენას ლობირებენ. სწორედ ამიტომაც, იმ პოლიტიკურ ჯგუფებში, რომლებსაც არძინბას კანდიდატურა არ მოსწონთ, მისი რეიტინგის სათავეში ყოფნა უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მომხდარი გაუგებრობაც, დიდი ალბათობით, არძინბას მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების გამოვლინებაა.
  • 2020 წლის 9-12 იანვარს აფხაზეთში განვითარებული პოტიკური კრიზისის ფონზე, რასაც დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოყვა, არძინბამ აფხაზეთში ახალი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, გაზაფხულის ბოლოს აფხაზეთში, სადაც [დე ფაქტო] პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ [არალეგიტიმური] საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, შეიძლება ახალი პარტია შეიქმნას (პარტიის სამუშაო სახელია - „Будущее Абхазии“ - „აფხაზეთის მომავალი“), რომლის დამფუძნებელი და კოორდინატორი თავად იქნება. მისი თქმით, აფხაზეთში პოლიტიკური სტრუქტურის შექმნა, რომელიც ახალგაზრდების ინტერესების გამოხატვასა და დაცვაზე იქნება ორიენტირებული, დიდი ხანია იგეგმებოდა, თუმცა გადამწყვეტი ბიძგი ამას მიმდინარე კრიზისმა მისცა.
  • 2020 წლის 7 ივნისს არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზურ პოლიტიკაში ახალგაზრდების მონაწილეობის გააქტიურების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე არძინბას დაფუძნებულ ახალგაზრდა ლიდერების კონკურსის - „აფხაზეთის სიამაყე“, მიმდინარეობაზეც ისაუბრეს.
  • 2021 წლის 14 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ინალ არძინბას უმასპინძლა.  შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდული პოლიტიკის, ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის გაციფრულების, აფხაზეთში ინვესტიციების მოზიდვის საკითხები. შეხვედრაზე საკადრო რეზერვის შექმნის შესახებაც ისაუბრეს, რამაც „საჯარო სამსახურის“ ახალგაზრდა კადრებით განახლება უნდა უზრუნველყოს, მათ შორის კონკურსის - „აფხაზეთის სიამაყე“ მონაწილეებით.