მთავარი ფიგურები

ლეონიდ სლუცკი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე

ლეონიდ სლუცკი სახელმწიფო დუმაში საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეა. იგი წლებია პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და მის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხს გამორჩეული ადგილი უკავია. თავისი თანამდებობიდან გამომდინარე იგი ხშირად აკეთებს კომენტარებს საქართველოს საკითხზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. იგი ხშირად ხვდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აქტიური მხარდამჭერია.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • ლეონიდ სლუცკი დაიბადა 1968 წლის 4 იანვარს ქ. მოსკოვში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • დაამთავრა მოსკოვის მანქანა-დანადგარების ინსტიტუტი.
  • 1996 წელს დაამთავრა მოსკოვის ეკონომიკურ-სტატისტიკური ინსტიტუტი „ორგანიზაციის მენეჯმენტის“ სპეციალობით.
  • 1998 წელს საკანდიდატო, 2001 წელს კი, სადოქტორო დისერატაცია დაიცვა და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
  • სლუცკი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია და 1999 წლის შემდეგ ყოველთვის ამ პარტიიდან ხდებოდა სახელმწიფო დუმის დეპუტატი.
  • 2002 წელს საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის - „მშვიდობის რუსეთის ფონდი“ - მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
  • იგი ჩეჩნეთში ხშირად ჩადიოდა და თავისი წვლილი შეიტანა რესპუბლიკის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს აღდგენაში, რისთვისაც ახმად კადიროვის ორდენი აქვს მიღებული.
  • სლუცკის მონაწილეობა აქვს მიღებული ესტონეთში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილი ქონების დაბრუნებაში. მას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ეკლესიასთან აქტიური თანამშრომლობისათვის.
  • 2014 წლის 17 მარტს ყირიმის რეფერენდუმის მეორე დღეს იგი იმ პირველ შვიდკაციან სიაში მოხვდა, რომელზეც აშშ-მა სანქციები დააწესა.
  • სლუცკის დამსახურებით რუსეთსა და რუსეთისთვის პრობლემურ რეგიონებში არჩევნებზე რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი დამკვირვებლები ჩამოდიან. მაგ. 2014 წლის ივლისში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ პირველი ევროპული დელეგაცია ფრანგი პარლამენტარების სახით ყირიმში სლუცკიმ ჩაიყვანა
  • 2018 წელს სლუცკის ბრალი დასდეს რამდენიმე ჟურნალისტი ქალის სექსუალურ შევიწროებაში, თუმცა სახელმწიფო დუმის ეთიკის კომიტეტმა მის ქცევაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.
  • ალექსანდრ ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა სლუცკი ბოლო წლებში უკანონო გამდიდრებაში დაადანაშაულა. მისი კვლევის თანახმად, სლუცკების ოჯახი რამდენიმე ძვირადღირებულ ავტომობილს ფლობს, რომელთა ღირებულება მათი ოჯახის რამდენიმე წლის შემოსავალს უტოლდება.
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობისა და ხშირი უცხოური ვიზიტების გამო მას ბევრ უცხოელ მაღალჩინოსთან აქვს კავშირები. მისი განცხადებით, იგი თავს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ახლო მეგობრად მიიჩნევს. 2016 წელს, როდესაც სლუცკი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, პირველი ვიზიტით ბაქოში ჩავიდა. მას ასევე ახლო ნაცნობა აკავშირებს მონაკოს პრინც ალბერთან. 

პროფესიული კარიერა

  • 1990-იანი წლების დასაწყისში რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის აპარატის სექტორის უფროსად მუშაობდა.
  • 1992-1993 წლებში მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის მრჩეველი იყო. გავრცელებული მოსაზრებით, სლუცკის კარიერას ლუჟკოვის მოადგილე ვლადიმირ რესინმა შეუწყო ხელი, რომელიც შემდეგ სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახდა
  • 1994 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილის ვლადიმერ ჟირინოვსკის სამდივნოს უფროსის თანამდებობა ეკავა.
  • 1994 წლის აგვისტოდან 1999 წლამდე ცოტა ხნით პოლიტიკური სფეროდან ბიზნესში გადაინაცვლა. ამ პერიოდში იგი „პროინვესტბანკ“-ის საბჭოს წევრი და „უნიკომბანკ“-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

პოლიტიკური კარიერა

  • 1999 წლიდან სლუცკის პოლიტიკური კარიერა დაიწყო. 1999 წლიდან იგი უცვლელად სახელმწიფო დუმის (მესამე მოწვევის - 1999-2003, მეოთხე - 2003-2007, მეხუთე - 2007-2011, მეექვსე - 2011-2016, მეშვიდე - 2016-2021, მერვე - 2021-2026) დეპუტატია. 
  • 2000-2016 წლებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების დელგაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
  • მეშვიდე მოწვევის (2016-2021) სახელმწიფო დუმაში სლუცკიმ საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს პოსტი დაიკავა. წინა სამი მოწვევის სახელმწიფო დუმაში აღნიშნული თანამდებობა სახელისუფლო პარტია „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენლებს ეკავათ. 2016 წლის 23 სექტემბერს, მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო დუმის პირველი სესიის გამართვამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ პრეზიდენტს კომიტეტის თავმჯდომარედ თანაპარტიელის დანიშვნაში დახმარების აღმოჩენა სთხოვა. პუტინმა, თავის მხრივ, სლუცკის დიპლომატიურობა შეაქო, მაგრამ შესაძლო დანიშვნაზე თავისი მოსაზრება არ გამოთქვა. საბოლოო ჯამში სლუცკი 2016 წლის 5 ოქტომბერს კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.
  • 2021 წელს იგი მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრი გახდა. იგი საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომამდე 2008 წლის 7 მარტს, დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერალური კრების ორივე პალატას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით მიმართა, სლუცკიმ რომელიც სახელმწიფო დუმაში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, განაცხადა, რომ დუმა აფხაზური მხარის მომართვას განიხილავდა. თუმცა, სლუცკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ეჭვის ქვეშ არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 
  • რუსეთ-საქართველოს ომიდან მალე, 2008 წლის 29 აგვისტოს, სლუცკის მიერ გაკეთებული შეფასებით, „რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აღიარება საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში ძლიერი ფაქტორი და გავლენის ბერკეტი გახდება. დასავლეთს არ შეუძლია მოსკოვის გადაწყვეტილებას ანგარიში არ გაუწიოს“. 
  • 2011 წლის ნოემბერში ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმურ საპრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ადგილობრივი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც არჩევნების ხელახლა ჩატარების ითვალისწინება, სლუცკიმ განაცხადა, რომ „თუკი დაინიშნა ხელახალი არჩევნები - ესე იგი ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები და არ უნდა მოხდეს იმ დარღვევების გამეორება, რომელიც უზენაესმა სასამართლომ ცნო“. სლუცკის აზრით, მთავარია „ემოციებს არ მივცეთ გასაქანი და არ ვიქნიოთ მუშტები.“ 2012 წელს ჩატარებული არალეგიტიმური ხელახალი არჩევნები სლუცკიმ სამართლიანად და დემოკრატიულად შეაფასა
  • 2014 წლის 11 ივლისს სლუცკი აფხაზეთს ესტუმრა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებს ვალერი ბგანბას შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთ თემა 2014 წლის 24 აგვისტოს დაგეგმილი ვადამდე დანიშნული არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები იყო. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სლუცკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს არ უჭერს რომელიმე კანდიდატს და მხოლოდ დამკვირვებლებს გააგზავნის აფხაზეთში. მანამდე სლუცკიმ 28 მაისს აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის ოპოზიციის ქმედებები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. სლუცკის შეფასებით, ოპოზიციამ ისარგებლა ანქვაბის ლიბერალური შეხედულებებით და სირბილით. მისი აზრით, აუცილებელია სასწრაფოდ დადგინდეს ანქვაბის ადგილსამყოფელი, დაიწყოს კონსულტაციები ლეგიტიმური ხელისუფლების დასამყარებლად.  რამდენიმე დღეში ანქვაბი გადადგა.
  • 2015 წლის 23 იანვარს სახელმწიფო დუმამ რატიფიკაცია გაუკეთა რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. შეთანხმებას 2014 წლის 24 ნოემბერს მოეწერა ხელი. სლუცკიმ შეთანხმების რატიფიკაცია რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობაში „ისტორიულ მომენტად“ შეაფასა
  • 2015 წლის ოქტომბერში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინიციატივაზე, ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, სლუცკიმ განაცხადა, რომ „შესვლის შესახებ საკითხის გადაწყვეტის დროს რუსეთს გეოსტრატეგიული რეალობის გათვალისწინება მოუწევს და კარგად უნდა განვიხილოთ მომწიფდა თუ არა ამის აუცილებლობა.“
  • 2016 წლის ივლისში სლუცკი თბილისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა
  • 2018 წლის 29 მაისს სლუცკი გამოეხმაურა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას: „სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას მხოლოდ შეიძლება მიესალმო. ორივე კავკასიური რესპუბლიკა პრაქტიკულად უკვე 10 წელი ცხოვრობენ, როგორც სუვერენული სახელმწიფოები და საეჭვოა, რომ საქართველოს შემადგენლობაში ოდესმე დაბრუნდნენ. მათი დამოუკიდებლობა თბილისისგან, შემდგარი ფაქტია. სირიის ხელძღვანელობას ეყო პოლიტიკური შორსმხედველობა და სიბრძნე ისინი ეღიარებინა“.