მთავარი ფიგურები

ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელი სერგი კოკოევი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ცხინვალის რეგიონს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს. თუმცა, აღიარების მიუხედავად, 2008 წლის ომის შემდეგ მათი მხარდაჭერით ცხინვალის რეგიონში რამდენიმე ეკლესია აშენდა. 2018 წელს ცხინვალში წმინდა სამების ეკლესია ამოქმედდა, სადაც ღვთისმსახურებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელი, სერგი კოკოევი ეწევა.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • სერგი კოკოევი, ერისკაცობაში სერგეი კოკოევი, დაიბადა 1977 წლის 26 ივნისს ქ. ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, საქართველოს სსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1994-2007 წლებში მსახურობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში. სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალების კრივის ნაკრების წევრი იყო. კოკოევი რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩემპიონატის გამარჯვებული და რუსეთში ახალგაზრდებს შორის გამართული პირველობების პრიზიორია. იგი აშშ-ში გამართულ ტურნირშიც მონაწილეობდა. კრივს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზით დაანება თავი.
  • 2004 წელს დაამთავრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
  • კოკოევი მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მომხდარ საბრძოლო მოქმედებებში, 2008 წლის აგვისტოს ომში კი დაიჭრა. დაჯილდოებულია ორდენებით „უაცამონგა“ და „სამშობლოს დამცველი“ და მედალით „იძულება მშვიდობისათვის“.
  • კოკოევი თადარიგის მაიორია.
  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

პროფესიული კარიერა

  • 2004 წელს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი გახდა.
  • 2004-2008 წლებში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვრის დაცვაში მონაწილეობდა.
  • 2007-2012 წლებში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის დაცვის სამსახურში მსახურობდა.
  • 2010 წლიდან საზოგადოებრივი ფონდის - „სამხრეთ ოსეთში მართლმადიდებლობის აღორძინება“ პრეზიდენტია. წმინდა სამების ტაძრის პროექტის შემუშავება და ცხინვალში ეკლესიის მშენებლობა ფონდს დაევალა.

სასულიერო კარიერა

  • 2013 წლის 12 ივლისს ვლადიკავკაზის წმინდა გიორგის კათედრალურ ტაძარში ვლადიკავკაზისა და ალანიის არქიეპისკოპოსმა ზოსიმემ დიაკვნად აკურთხა, 2013 წლის 23 ნოემბერს კი - პრესვიტერად.
  • 2014 წლიდან სერგი კოკოევი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდლის სტატუსით ცხინვალის რეგიონში რელიგიურ საქმიანობას ეწევა.
  • 2018 წლიდან რელიგიურ საქმიანობას ქ. ცხინვალში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ წმინდა სამების ტაძარში ეწევა. წმინდა სამების ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე სერგი კოკოევი ღვთისმსახურებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იოანე ნათლისმცემელის ტაძარში (ცხინვალში მდებარეობს) ატარებდა.
  • 2019 წლის 11 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სერგი კოკოევს წმიდა მოწამის იოანე მხედრის ნაწილები და სასწაულმოქმედი ჯვრის ნაწილი გადასცა. ბიბილოვს სიწმინდეები მოსკოვში ვიზიტის დროს რუსმა მეცენატმა, იური ხომიაკოვმა გადასცა.
  • 2020 წლის 6-7 იანვარს წმინდა სამების ეკლესიაში სერგი კოკოევმა საშობაო ლოცვა აღავლინა. წირვას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც დაესწრო. მან ცხინვალის რეგიონის მართლმადიდებელ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა.
  • 2020 წლის 19 იანვარს წმინდა სამების ეკლესიაში სერგი კოკოევმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა, რომელსაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც დაესწრო თავის ქალიშვილთან ერთად. მან ცხინვალის რეგიონის მართლმადიდებელ მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. ის ასევე დაესწრო მასობრივ ნათლობას, რომელიც აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა მდ. პატარა ლიახვის ნაპირზე.
  • 2020 წლის 21 თებერვალს სერგი კოკოევმა დალოცა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც „სერიოზული წვლილი შეიტანა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული აგრესიის მოგერიებასა და რესპუბლიკის ეროვნული ინტერესების დაცვაში“. საზეიმო ღონისძიებას დაეწრო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც. მან აღნიშნული რაზმის წევრებს გაწეული სიმამაცისა და გმირობისთვის საბრძოლო დროშა გადასცა.
  • 2021 წლის 7 იანვარს ცხინვალში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სამების ეკლესიაში სერგი კოკოევმა საშობაო წირვა აღავლინა. წირვას ესწრებოდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც. ლიტურგიის დასასრულს სერგი კოკოევმა ვლადიკავკაზისა და ალანიის არქიეპისკოპოს ლეონიდეს მილოცვა წაიკითხა.
  • 2021 წლის 19 იანვარს ცხინვალში, წმინდა სამების ეკლესიაში, სერგი კოკოევმა ნათლისღებასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა ჩაატარა. საღმრთო ლიტურგიას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც ესწრებოდა. სერგი კოკოევმა წყლის კურთხევის რიტუალი სოფ. დმენისში მდ. პატარა ლიახვში ჩაატარა. განბანვის რიტუალში მონაწილეობა ბიბილოვმაც მიიღო.

წმინდა სამების მართლმადიდებლური ეკლესია ცხინვალში

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ტაძრის მშენებლობა დაპირდა. ტაძრის მშენებლობისთვის დაფინანსება ანდრია პირველწოდებულის ფონდმა უზრუნველყო. ტაძრის სიმაღლეა 23.8 მ, საერთო ფართობი - 638 კვ/მ. ბიზანტიური სტილის ტაძრის მშენებლობა 2018 წლის იანვარში დასრულდა. წმინდა სამების ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია.

2014 წლიდან ტაძრის ამოქმედებამდე ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა:

  • 2014 წლის 10 სექტემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვისა და რუსეთის პატრიარქ კირილის შეხვედრის დროს ცხინვალში მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის შესახებ წინასწარი შეთანხმება მიიღწა.
  • 2015 წლის 30 აპრილს ცხინვალში ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის დელეგაციას ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები (დე ფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი მერაბ ზასეევი, რელიგიის საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის რწმუნებული სონია ხუბაევა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკური კავშირების სამმართველოს უფროსი თაიმურაზ ჯიჯოევი) შეხვდნენ. შეხვედრაზე ცხინვალში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრისა და სასულიერო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობის გარდა, რეგიონის დასახლებულ პუნქტებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ღვთისმსახურების ჩატარების შესაძლებლობაც განიხილეს.
  • 2015 წლის მაისში ეკლესიის მშენებლობისთვის ცხინვალში, რესპუბლიკური ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთი გამოიყო.
  • 2015 წლის 2 ივლისს თიბილოვმა და ვლადიკავკაზისა და ალანიის არქიეპისკოპოსმა ზოსიმემ ცხინვალში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მშენებლობის საკითხი განიხილეს.
  • 2015 წლის აგვისტოში წმინდა სამების მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს. 
  • 2016 წლის ივლისში თიბილოვმა და ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპისკოპოსმა ლეონიდემ ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხები განიხილეს.
  • 2018 წლის 27 თებერვალს, ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ვლადიკავკაზისა და ალანიის არქიეპისკოპოს ლეონიდეს შეხვდა, სადაც ცხინვალის რეგიონში მართლმადიდებლობის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. შეხვედრაში სერგი კოკოევიც მონაწილეობდა.
  • წმინდა სამების ტაძარი 2018 წლის ივლისში გაიხსნა.
  • 2018 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინმა, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ერიკ ფუხაევთან ერთად, ტაძარი მოინახულა, სადაც იმ პერიოდში მოხატვა მიმდინარეობდა. ტაძრის მოხატვა ოლეგ შურკუსის ხელმძღვანელობით რუსმა ხატმწერებმა შეასრულეს. ჯგუფში 12 ხატმწერი შედიოდა. შურკუსის ხატმწერთა სახელოსნო 1996 წლიდან არსებობს. 2018 წლის 16 ოქტომბერს ტაძრის სამრეკლოსა და გუმბათზე ჯვრები დაადგეს.
  • 2018 წლიდან წმინდა სამების ტაძარში ტარდება ღვთისმსახურება, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც ესწრება. მაგ. 2019 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს ბიბილოვიც დაესწრო. იგი ასევე დაესწრო 2019 წლის 28 აპრილს აღდგომის დღესასწაულს.