მთავარი ფიგურები

ალექსეი ფილატოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი

პროფესიული კარიერა

  • 2014 წლიდან ფილატოვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში, მთავარი მრჩევლის რანგში, ცხინვალის რეგიონის მიმართულებას კურირებდა.
  • იგი 2018 წლის ოქტომბრიდან, სამმართველოს რეორგანიზაციის შემდეგ, სამმართველოს უფროსის მოადგილის რანგში, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების კურატორი იყო და ადგილობრივ დე ფაქტო ლიდერებთან ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ურთიერთობებს და ადგილზე არალეგიტიმური არჩევნების ჩატარებას კურირებდა. ფილატოვმა უკრაინის კურატორის პოზიციაზე მაქსიმ პოლიაკოვი შეცვალა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, „არაეფექტური მართვის“ გამო გაანთავისუფლეს. ექსპერტების შეფასებით, ფილატოვმა კარგად გაართვა თავი ცხინვალის რეგიონთან მუშაობას და იგი ამიტომაც დააწინაურეს.
  • 2018 წლის 10 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რომელიც კრემლში უკრაინის მიმართულების კურატორი იყო, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მ.შ. დენის პუშილინს მოსკოვში შეხვდა. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილი არალეგიტიმური არჩევნების საკითხი და დონბასის სოციალური პრობლემები განიხილეს. შეხვედრას ფილატოვიც ესწრებოდა, რომელიც უკრაინის სეპარატისტულ რესპუბლიკებთან ჰუმანიტარული და პოლიტიკური ურთიერთობების კურატორის რანგში პირველად შეხვდა სეპარატისტთა ლიდერს.
  • 2019 წლის 17 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ფილატოვი საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. ამავე ბრძანებით თანამდებობა დატოვა სამმართველოს უფროსმა ოლეგ გოვორუნმა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2019 წლის 9 ოქტომბერს, აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაში ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობა რუსეთის წარმომადგენლებმაც მიიღეს. სტუმრებს შორის იყო ფილატოვიც, რომელმაც საზეიმო ღონისძიებაზე ხაჯიმბასადმი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის გამოგზავნილი მისალოცი წერილი წაიკითხა.
  • 2019 წლის 18-19 დეკემბერს აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. 19 დეკემბერს, სოხუმში, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 შეხვედრა ჩატარდა. სხდომის თანათავჯდომარეები იყვნენ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი, ვიტალი მუტკო და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა.  რუსეთის დელეგაციის წევრები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევი, მისი მოადგილე იგორ კოშინი და სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დელეგაციის წევრები იყვნენ ფილატოვი და მისი მოადგილე დენის ტრავინი. შეხვედრაზე კომისიამ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა დაამტკიცა.
  • 2020 წლის 29 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკს შეხვდა. ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში 26 ოქტომბერს დაიწყო. კოზაკთან შეხვედრაზე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი და ფილატოვი.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • ფილატოვი საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსად დანიშვნამდე წლების განმავლობაში, მთავარი მრჩევლის რანგში, ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარულ საკითხებს კურირებდა და აქტიურად იყო ჩართული 2017 წელს არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში. ფილატოვი პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის ცხინვალის რეგიონში ვიზიტების დროს ხშირად იყო მისი დელეგაციის წევრი.
  • 2016 წლის 26 აგვისტოს ცხინვალში, რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების მე-8 წლისთავის საზეიმო ღონისძიებას ფილატოვიც დაესწრო. ფილატოვმა ღონისძიების მონაწილეებს სურკოვის მისალოცი წერილი წაუკითხა.
  • სურკოვისა და ფილატოვის როლი ღიად გამოიკვეთა 2017 წლის 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასაარჩევნო კამპანიის ეტაპზე,  როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობდა:
    • 2017 წლის 31 იანვარს, ცხინვალში, დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის მხარდამჭერ ღონისძიებაზე ფილატოვიც იმყოფებოდა. შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფმა თიბილოვის საპრეზიდენტო კანდიდატურა წარადგინა. თიბილოვი არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე 6 კანდიდატიდან ერთადერთი იყო, ვის წარდგენასაც კრემლის წარმომადგენელი დაესწრო.
    • ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირება ვერ მოახერხა იმ მიზეზით, რომ იგი ბოლო ხუთი წელი  მუდმივად არ ცხოვრობდა ცხინვალში. კოკოითიმ 2017 წლის 4 მარტს საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში სურკოვს დასდო ბრალი. კოკოითიმ სურკოვს „თაღლითი“ უწოდა, რომელიც, მისი შეფასებით, ისე მოქმედებდა, „თითქოს სამხრეთ ოსეთის მეპატრონე იყო“. კოკოითიმ მის წინააღმდეგ მუშაობაში სურკოვი, გოვორუნი და ფილატოვი დაადანაშაულა
  • 2017 წლის 8–9 ივნისს სურკოვი ცხინვალს ესტუმრა, სადაც რეგიონის რუსეთთან შემდგომი ინტეგრაციის საკითხი განიხილა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან ერთად სურკოვმა რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტების ინსპექტირებაც განახორციელა, მათ შორის ცხინვალში მშენებარე რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სამების ტაძარიც მოინახულა. სურკოვს ცხინვალში ვიზიტის დროს ფილატოვიც ახლდა
  • 2019 წლის 19 აპრილს, ცხინვალში, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-20 სხდომა გაიმართა. სხდომაზე ცხინვალის რეგიონის 2020-2022 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამა მოიწონეს. რუსეთის მხრიდან სხდომაში მონაწილეობდნენ რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი ვიტალი მუტკო, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარევი და ფილატოვი.
  • არსებული ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში 2019 წლის 9 ივნისს დაგეგმილ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ცხინვალს ფილატოვი ესტუმრა. ფილატოვის ვიზიტი ოფიციალურად არ იყო დაგეგმილი. ფილატოვის ვიზიტის შესახებ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, სოსლან კოკოევის ფეისბუქ გვერდიდან გახდა ცნობილი. კოკოევის მიერ 7 ივნის გადაღებულ ფოტოში ფილატოვიც ამოიცნეს. ფილატოვის ვიზიტი 9 ივნისს დაგეგმილ არალეგიტიმურ არჩევნებს დაუკავშირეს.
  • 2019 წლის 19 სექტემბერს ცხინვალის რეგიონს ფილატოვი, თავის მოადგილე დენის ტრავინთან ერთად, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. ფილატოვმა ცხინვალის რეგიონის მიერ რესპუბლიკის გამოცხადების 29-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ფილატოვი ვიზიტის ფარგლებში რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვსაც შეხვდა და საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებიც მოინახულა.
  • 2020 წლის 28 თებერვალს, მოსკოვში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა. შეხვედრაზე სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის, ტრანსკავკასიური მაგისტრალის მოდერნიზაციისა და საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების საკითხები განიხილეს. რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სერგეი ჩებოტარევი და ფილატოვი.