მთავარი ფიგურები

ოლეგ სენკოვი

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაური

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • სენკოვი 1995-2000 წლებში რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ძველ სამხედრო სასწავლებელში, ომსკის საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელში სწავლობდა.
  • 2008 წელს, ვიცე-პოლკოვნიკის რანგში, სენკოვი შეიარაღებული ძალების საერთო-საჯარისო აკადემიის სამეთაურო ფაკულტეტის მსმენელი იყო.
  • მინიჭებული აქვს პოლკოვნიკის წოდება.

სამხედრო კარიერა

  • სენკოვი 2000 წელს ოცმეთაურად მსახურობდა  ქ. ბუდიონოვსკში, სტავროპოლის მხარეში, 205-ე ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადაში, რომელიც სამხრეთის სამხედრო ოლქის 49-ე საერთო-საჯარისო არმიის შემადგენლობაში შედის. ორჯერ, ნახევარი წლით, მივლინებაში იმყოფებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. მოგვიანებით ასეულის მეთაური გახდა. შემდეგში მსახურობდა გვარდიის 70-ე მოტომსროლელ პოლკში, რომელიც სამხრეთის სამხედრო ოლქის  შემადგენლობაში შედის და ქ. შალიში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაშია დისლოცირებული.    

  • 2012 წლის ნოემბერში ქ. ვოლგოგრადში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელიც სტალინგრადთან საბჭოთა ჯარების კონტრშეტევის 70-ე წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაში, ვიცე-პოლკოვნიკის რანგში, სენკოვიც მონაწილეობდა.

  • 2013 წლის 9 მაისს, ქ. ვოლგოგრადში „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმს, პოლკოვნიკის რანგში, სენკოვი მეთაურობდა, რომელიც გვარდიის მე-20 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის (დისლოკაციის ადგილი ქ. ვოლგოგრადი) მეთაურის მოადგილე იყო.
  • 2018 წლის 4 ნოემბერს პაკისტანში ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის სამხედრო პოლიგონის ბაზაზე რუსეთ-პაკისტანის მესამე ერთობლივი ტაქტიკური წვრთნების - „მეგობრობა-2018“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა. წვრთნები 22 ოქტომბერს დაიწყო. ტაქტიკურ ეპიზოდში 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა პაკისტანის შეიარაღებული ძალების სპეცდანაყოფიდან და სამხრეთის სამხედრო ოლქის მოტომსროლელი ბრიგადიდან. მოიერიშე ჯგუფების ქმედებებს ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული 34-ე ცალკეული სამთო მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის რანგში, პოლკოვნიკი სენკოვი აფასებდა. რუსეთის მხრიდან წვრთნებში მოტომსროლელი ბრიგადის 70-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
  • 2021 წლის ზაფხულში სენკოვმა დატოვა მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურის პოსტი. იგი პოლკოვნიკმა ვადიმ კლიმენკომ შეცვალა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2019 წლის გაზაფხულზე, სენკოვი ჯერ მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი გახდა, შემდეგ კი მეთაური. სენკოვმა ბაზის მეთაურის პოსტზე იგორ ეგოროვი შეცვალა, რომელიც ბაზის მეთაური იყო 2017 წლიდან.
  • 2019 წლის 28 ივნისს, სოხუმში, „მოსკოვის სახლის“ საკონფერენციო დარბაზში, აფხაზეთში სამშვიდობო მისიის დაწყების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელშიც სენკოვმაც მიიღო მონაწილეობა. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო 30-მდე მონაწილემ, მათ შორის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა.
  • 2020 წლის 21 თებერვალს სენკოვი აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ მერაბ ქიშმარიას შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა ერთმანეთს დამდეგი „სამშობლოს დამცველის დღე“ (23 თებერვალი) მიულოცეს და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მზადყოფნა გამოთქვეს.
  • 2020 წლის 21 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა აფხაზეთში რუსეთის „საელჩოსა“ და მე-7 სამხედრო ბაზის წარმომადგენლებს შეხვდა. დე ფაქტო მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სანიტარული ღონისძიებების დროს რუსული მხარის მიერ ტექნიკური დახმარების საკითხი განიხილეს. რუსული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა სენკოვიც.
  • 2020 წლის 17 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის სენკოვს, აფხაზეთში რუსეთის „ელჩს“ ალექსეი დვინიანინს, აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსს, გენერალ-მაიორ ალექსეი ტრუბეცკის, „საელჩოს“ თანამშრომლებს - ალექსანდრ ოპარინს და ვლადისლავ ნეჩიპორენკოს, აფხაზეთში რუსეთის შს სამინისტროს წარმომადგენელს სტანისლავ აპსავას. აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ალხას კვიცინია. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს.
  • 2020 წლის 13 სექტემბერს, მე-7 სამხედრო ბაზაზე, სატანკო ძალების დაარსების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას 1000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეები თავიანთ ოჯახებთან ერთად. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სენკოვმა.
  • 2020 წლის 20 სექტემბერს მე-7 სამხედრო ბაზაზე ახალი ტაქტიკური წვრთნები „კავკაზ-2020“ ოფიციალურად დაიწყო. წებელდის სამხედრო პოლიგონზე წვრთნების მონაწილეთა დროშები საზეიმო ვითარებაში აღმართეს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, სენკოვმა, ასევე აფხაზეთის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. 
  • 2020 წლის 24 სექტემბერს მე-7 სამხედრო ბაზაზე მიმდინარე „კავკაზ-2020“-ის სამხედრო წვრთნებს ასლან ბჟანია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი დაესწრო. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა სენკოვიც. სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეებმა, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად „კავკაზ-2020“-ის წვრთნების პირველი ფაზა დაასრულეს.
  • 2020 წლის 29 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, სენკოვსა და რუსეთის ფედერაციის „საელჩოს“ მრჩეველს, ვლადისლავ ნეჩიპორენკოს შეხვდა. სენკოვმა და ნეჩიპორენკომ ანქვაბს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცეს. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხები. ამავე დღეს სენკოვი და ნეჩიპორენკო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიასაც შეხვდნენ.
  • 2020 წლის 12 ნოემბერს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზაზე რქბ (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური) დაცვის რუსი სპეციალისტები დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა სენკოვიც. რქბ დაცვის სპეციალისტებს მედლები აფხაზეთის სოციალური ინფრასტრუქტურის წარმატებული დეზინფექციისთვის გადაეცათ.
  • 2020  წლის 25 ნოემბერს მე-7 სამხედრო ბაზაზე რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა „მშვიდობისმყოფელის დღე“ აღნიშნეს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სენკოვმა აღნიშნა, რომ „რუსმა მშვიდობისმყოფელებმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მშვიდობის დამყარებაში, დახმარება გაუწიეს ახალგაზრდა სახელმწიფოს და დროულად მიიღეს ეფექტიანი ზომები, რათა ხელი შეეშალათ საომარი მოქმედებების განახლებისთვის“. ეს დღე 2016 წლის 25 ნოემბრიდან აღინიშნება და ეძღვნება 1973 წლის 25 ნოემბერს საბჭოთა ოფიცერთა ჯგუფის მიერ ახლო აღმოსავლეთში გაეროს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებას.