მთავარი ფიგურები

ვლადიმირ შჩემელინინი

ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი

2009 წლის 30 აპრილს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, შჩემელინინის სამსახურის პასუხისმგებლობის სფეროში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვრის 467.4 კილომეტრიანი მონაკვეთის „დაცვა“ შედის, მათ შორის საქართველოსთან „საზღვრის“ - 391.4 კილომეტრიანი მონაკვეთის. 2018 წლისთვის შჩემელინინის უწყების განკარგულებაში დაახლოებით 19 სამხედრო დასახლება იყო თავისი ინფრასტრუქტურით.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის ფარგლებში შჩემელინინის სამსახური უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, ღობეების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟს, ტრანშეების გათხრას და ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას, რის შედეგადაც ოკუპაციის ფარგლებში ექცევა ის ტერიტორიებიც, რომლებსაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა.

საოკუპაციო ხაზი, რომელიც ფაქტობრივად რუსეთ-საქართველოს საზღვრად გადაიქცა, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო „დაცული“ გახდა. ცხინვალის რეგიონში ე.წ. სასაზღვრო ზონა შეიქმნა, სადაც ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის მოქალაქეებს შესვლა სპეციალური საშვებით შეუძლიათ. სასაზღვრო ზონის ფართობია 693 კვ/კმ, მინიმალური დაშორება საოკუპაციო ხაზსა და ე.წ. სასაზღვრო ზონის საზღვართან 100 მეტრია, მაქსიმალური კი - 8 კმ.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • 2015-2017 წლებისთვის შჩემელინინი ქ. სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე იყო.
  • 2016 წელს გარკვეული პერიოდი შჩემელინინი ქ. სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მ.შ. იყო.
  • 2019 წლიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მოვალეობას შჩემელინინი ასრულებს. მან ამ პოსტზე ანატოლი უტკინი შეცვალა, რომელიც ცხინვალის რეგიონში 2017 წლიდან საქმიანობდა.
  • 2020 წლისთვის შჩემელინინს  გენერალ-მაიორის წოდება აქვს.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2019 წლის 20 დეკემბერს რუსეთსა და ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სახელმწიფო უშიშროების ორგანოების თანამშრომლის დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიება გაიმართა ცხინვალის რეგიონში უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელმაც მესაზღვრეებს პირადად მიულოცა და გამორჩეულ მესაზღვრეებს ცხინვალის რეგიონის ჯილდოები გადასცა. ღონისძიებაში შჩემელინინმაც მიიღო მონაწილეობა.
  • 2020 წლის 31 იანვარს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კოლეგიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და შჩემელინინმა. სხდომაზე კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარემ ოლეგ შირინმა წარადგინა.
  • 2020 წლის 30 აპრილს ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დაარსების 11 წელი აღნიშნეს. აღნიშნული თარიღი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შჩემელინინს მიულოცა.
  • 2020 წლის 28 მაისს რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ მესაზღვრის დღე  აღნიშნა. რუს მესაზღვრეებს პროფესიული დღესასწაული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მიულოცა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო რეგიონში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა და მე-4 სამხედრო ბაზის მეთაურმა ალექსანდრ კრავცოვმა. შჩემელინინის განცხადებით, სამმართველო ცხინვალის რეგიონის [დე ფაქტო] სასაზღვრო სამმართველოსთან ურთიერთქმედებით საქართველოსთან ცხინვალის რეგიონის [დე ფაქტო] სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის ეფექტურ ღონისძიებებს ატარებს.
  • 2020 წლის 18 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანაშრომლების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ უმასპინძლა. შჩემელინინმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. შჩემელინინის განცხადებით, სამმართველოს თანამშრომლებმა 2020 წელს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის 186 და ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის 210 დამრღვევი დააკავეს.
  • 2021 წლის 30 აპრილს ცხინვალში სასაზღვრო სამმართველოს დაარსებიდან 12 წლის იუბილე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც დაესწრო. ღონისძიებაზე სამმართველოს განვლილი საქმიანობის შესახებ სიტყვით გამოვიდა შჩემელინინი.
  • 2021 წლის 20 დეკემბერს სახელმწიფო უშიშროების ორგანოების თანამშრომლების დღე აღნიშნეს, რომელსაც  ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც დაესწრო. შჩემელინინის განცხადებით, „სასაზღვრო სამსახური სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის გარანტად რჩება და სრულად პასუხობს სახელმწიფო საზღვრის დაცვის თანამედროვე მოთხოვნებს“. რუს მესაზღვრეებს პროფესიული დღე ბიბილოვმაც მიულოცა.
  • 2022 წლის 30 აპრილს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა შჩემელინინს მესაზღვრეების პროფესიული დღე მიულოცა.
  • 2023 წლის 30 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დაარსების მე-14 წლისთავი აღნიშნეს. რუს მესაზღვრეებს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმაც მიულოცა. შეხვედრას შჩემელინინიც ესწრებოდა, რომელიც მისალოცი სიტყვითაც გამოვიდა.
  • 2023 წლის 26 მაისს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაარსებიდან 31-ე წელი მიულოცა. საზეიმო ღონისძიებაში შჩემელინინიც მონაწილეობდა.
  • 2023 წლის 27 მაისს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის დაარსებიდან 105-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე სიტყვით შჩემელინინიც გამოვიდა.
  • 2023 წლის 20 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი „სახელმწიფო უშიშროების ორგანოების თანამშრომელთა დღისადმი“ მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ცხინვალის რეგიონში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა. ღონისძიებაზე შჩემელინინი სამმართველოს საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარსდგა. ღონისძიებას ესწრებოდა ცხინვალის რეგიონში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელი ევგენი რაგოზინიც.

  • 2024 წლის 30 აპრილს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალის რეგიონში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებს სამმართველოს დაარსებიდან მე-15 წლისთავი მიულოცა. შჩემელინინის განცხადებით, სამმართველოში ამჟამად 34 ისეთი თანამშრომელია, რომლებიც მის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობდა. ღონისძიების დასასრულს გაგლოევმა რამდენიმე მესაზღვრეს „სახელმწიფო“ ჯილდოები გადასცა.

  • 2024 წლის 28 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დაარსებიდან 32-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში შჩემელინინიც მონაწილეობდა.

  • 2024 წლის 29 მაისს შჩემელინინმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის“ მიღების დღე მიულოცა.