მთავარი ფიგურები

მიხაილ ბაბიჩი

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე (ყოფილი)

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • მიხაილ ბაბიჩი დაიბადა 1969 წლის 28 მაისს, ქ. რიაზანში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1990 წელს დაამთავრა რიაზანის კავშირგაბმულობის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო სასწავლებელი.
  • 1986-1995 წლებში სამხედრო სამსახური გაიარა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისა და რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ძალების რიგებში. 1994-1995 წლებში მონაწილეობდა ჩეჩნეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
  • 1998 წელს დაამთავრა მოსკოვის ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.
  • 2000 წელს დაამთავრა მართვის სახელმწიფო აკადემია ფინანსური მენეჯმენტის სპეციალობით.
  • 2005 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი.
  • იგი ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და 2012 წლიდან რუსეთის ფედერაციის I კლასის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველია.

ბიზნესში საქმიანობა

  • 1995-1998 წლებში მოსკოვში „კორპორაცია „ანტეის““ ხელმძღვანელობდა. კომპანია ქსოვილებითა და ტანსაცმელით საბითუმო ვაჭრობას აწარმოებდა.
  • 1998-1999 წლებში კომპანია „როსმიასომოლტორგ“-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. ბაბიჩი აშშ-დან და ევროკავშირიდან რუსეთის რეგიონებში გამოგზავნილი სასურსათო ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას კურირებდა. 2000 წელს შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტმა ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვიდან მიღებული  2 მლრდ რუბლის მიტაცებაზე გამოძიება დაიწყო. საქმე 2002 წელს შეწყვიტეს.

საჯარო სამსახური და პოლიტიკური კარიერა

  • 1999 წლიდან ბაბიჩი ბიზნესიდან საჯარო სამსახურში გადავიდა. 1999-2000 წლებში სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან არსებული „სასურსათო ბაზრის რეგულირების ფედერალური სააგენტოს“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო.
  • 2000-2001 წლებში მოსკოვის ოლქის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. იგი ეკონომიკურ მიმართულებას კურირებდა. 2000 წლის აგვისტოში ოლქის მეთაურმა ბორის გრომოვმა სამსახურიდან დაითხოვა, მაგრამ ნოემბერში სასამართლოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე აღადგინეს, რის შემდეგადაც საკუთარი ნებით გადადგა.
  • 2001-2002 წლებში ივანოვოს ოლქის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ოყო.
  • 2002 წლის ნოემბრიდან 2003 წლის თებერვლამდე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციის უფროსის ახმად კადიროვის პირველი მოადგილე და მთავრობის თავმჯდომარე იყო.
  • 2003 წელს, მცირე ხნით, ჯერ უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის დირექტორის თანაშემწე და შემდეგ ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის თანაშემწე იყო.
  • 2003-2011 წლებში სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. 2003 წელს ივანოვის ოლქიდან აირჩიეს. მას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.  2007 წელს მეხუთე მოწვევის სახელმწიფო დუმაში „ერთიანი რუსეთის“ პარტიული სიით მოხვდა. მან კვლავ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 2011 წელს კვლავ აირჩიეს მეექვსე მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრად „ერთიანი რუსეთის“ პარტიული სიით.
  • 2011-2018 წლებში ვოლგისპირეთის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო. 2016 წელს მისი კანდიდატურა უკრაინაში ელჩის პოზიციაზე განიხილებოდა, თუმცა უკრაინამ არ მოიწონა მისი კანდიდატურა.
  • 2018 წლის 18 მარტს ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის თანაშემწის პოზიციაზე ბაბიჩის კანდიდუტარაც განიხილებოდა. იმ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ბაბიჩს ვლადისლავ სურკოვი უნდა შეეცვალა, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს კურირებდა. საბოლოოდ  სურკოვმა თანამდებობა 2020 წლის თებერვალში დატოვა.
  • 2018 წლის 24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსში რუსეთის ელჩად დანიშნა, ასევე იყო რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ბელარუსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხში. ბელარუსში ყოფნის პერიოდში ბაბიჩს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს მისი გაწვევაც კი სთხოვა. საბოლოოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბაბიჩი ელჩობიდან 2019 წლის 30 აპრილს გაანთავისუფლა.
  • 2019 წლის 15 ივნისს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 2019 წლის 30 სექტემბერს კი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ. ბაბიჩი კურირებდა სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტს და ინტეგრაციული პროექტების განვითარებისა და დსთ-ის ქვეყნების დეპარტამენტს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობაზეც არიან პასუხისმგებელი. ბაბიჩი რუსეთ-აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარის მოადგილე იყო.
  • რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2021 წლის 20 იანვრის ბრძანებით, ბაბიჩი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. სამსახური იარაღის ექსპორტსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების ლიცენზირებაზე ახორციელებს კონტროლს. სამსახური თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია. პუტინის მეორე ბრძანებით, 21 იანვარს, ბაბიჩს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.

აფხაზეთთან  ურთიერთობა

  • 2020 წლის 12 მაისს რუსეთის და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფინანსური დახმარების შესახებ. შეთანხმების მიზანია რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საბიუჯეტო ინვესტიციების განხორციელება და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერა. ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით ფინანსური დახმარების შესახებ. შეთანხმებებს ხელი მოაწერეს რუსეთში აფხაზეთის „ელჩმა“ იგორ ახბამ, ცხინვალის რეგიონის „ელჩმა“ ზნაურ გასიევმა და ბაბიჩმა. ბაბიჩის შეფასებით, „ახალი ორმხრივი შეთანხმებები  - ეს კიდევ ერთი ნაბიჯია რუსეთს და ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის შემდგომი განვითარებისათვის, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რესპუბლიკების განვითარებაში და მათი მაცხოვრებლების ცხოვრების დონის გაზრდაში.“
  • 2020 წლის 22-26 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ოზგანი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს მაქსიმ რეშეტნიკოვს და ბაბიჩს შეხვდა. შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელება.
  • 2020 წლის 20-21 აგვისტოს ბაბიჩი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, პირველად ესტუმრა აფხაზეთს. 20 აგვისტოს ბაბიჩს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ  უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საიანვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების საკითხები. ბაბიჩმა ასევე შეაფასა ენერგეტიკული სისტემის მდგომარება და აფხაზურ მხარესთან ბიუჯეტის დეფიციტის საკითხი განიხილა. ამავე დღეს ბაბიჩი დე ფაქტო პრერიმიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბსაც შეხვდა. ვიზიტის პირველ დღეს ბაბიჩმა გაგრისა და გუდაუთის რაიონებში ის ობიექტები მოინახულა, რომელთა მშენებლობაც 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დასრულდა. 21 აგვისტოს, სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს, ბაბიჩი ტყვარჩელის რაიონსა და ქ. სოხუმს ესტუმრა. ტყვარჩელის რაიონში ბაბიჩმა მშენებარე ცენტრალური რაიონული საავადმყოფო და 2014 წელს აღდგენილი დ. გულიას სახ. კულტურის  სასახლე მოინახულა. ქ. სოხუმში ბაბიჩი საშუალო და მცირე ბიზნესის შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო, დაათვალიერა მშენებარე სასტუმრო კომპლექსი - „სუხუმსკაია რივიერა“ და 2014 წელს რუსეთის მხარდაჭერით აღდგენილი ს. ჩანბას აფხაზეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ფ. ისკანდერის სახელობის დრამის სახელმწიფო რუსული თეატრი.
  • 2020 წლის 9 სექტემბერს, მოსკოვში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდა ბაბიჩიც. შეხვედრაზე განიხილეს: 2021 წლისთვის საბიუჯეტო სფეროსა და საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდის, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების, განათლებასა და კულტურის მიმართულებით გაცვლითი პროგრამების სფეროში თანაშრომლობის საკითხები.
  • 2020 წლის 29 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკს შეხვდა. ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში 26 ოქტომბერს დაიწყო. კოზაკთან შეხვედრაზე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხი განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბაბიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ალექსეი ფილატოვი.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2006 წლის 15 თებერვალს ცხინვალის რეგიონს, კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო ძალების საქმიანობის გასაცნობად, რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის ხელმძღვანელი ბაბიჩი იყო. ცხინვალში ვიზიტის დროს ბაბიჩმა განაცხადა, რომ „სამშვიდობო ოპერაციის არსებული ფორმატი აუცილებელია ქართულ-ოსური კონფლიქტის დასარეგულირებლად. სამშვიდობო ძალების წინაშე მდგარი ამოცანები სრულდება, მათ შორის ცეცხლის განუახლებლობა, სისხლისღვრის თავიდან აცილება და სეპარატიზმის დაუშვებლობა“. კონფლიქტის ზონაში შექმნილი მდგომარეობის გარკვევის მიზნით ბაბიჩის დელეგაცია 14 თებერვალს თბილისშიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. ბაბიჩის განცხადებით, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა კოლეგებმა გააცნეს ცხინვალის რეგიონში განლაგებული რუსი სამშვიდობოების ეფექტურობის გაზრდის შესახებ წინადადებები.
  • 2009 წლის ივნისში ბაბიჩმა რუსეთის არმიასა და ფლოტში მიმდინარე რეფორმები გააკრიტიკა. ბაბიჩმა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ შეცდომად შეიარაღებულ ძალებში პროფესიონალი ოფიცრების რაოდენობის რადიკალური შემცირება დაასახელა. მისი თქმით, იგი წუხს, რომ ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-4 სამხედრო ბაზა 80%-ით ახალწვეულებით არის დაკომპლექტებული.
  • 2020 წლის 12 მაისს რუსეთის და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფინანსური დახმარების შესახებ. შეთანხმების მიზანია რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საბიუჯეტო ინვესტიციების განხორციელება და საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერა. ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით ფინანსური დახმარების შესახებ. შეთანხმებებს ხელი მოაწერეს რუსეთში აფხაზეთის „ელჩმა“ იგორ ახბამ, ცხინვალის რეგიონის „ელჩმა“ ზნაურ გასიევმა და ბაბიჩმა. ბაბიჩის შეფასებით, „ახალი ორმხრივი შეთანხმებები  - ეს კიდევ ერთი ნაბიჯია რუსეთს და ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის შემდგომი განვითარებისათვის, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რესპუბლიკების განვითარებაში და მათი მაცხოვრებლების ცხოვრების დონის გაზრდაში.“
  • 2020 წლის 8 სექტემბერს, მოსკოვში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდა ბაბიჩიც. შეხვედრაზე განიხილეს: 2021 წლისთვის საბიუჯეტო სფეროსა და საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდის, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების, განათლებასა და კულტურის მიმართულებით გაცვლითი პროგრამების სფეროში თანაშრომლობის საკითხები.
  • 2020 წლის 2-3 ოქტომბერს ბაბიჩი ცხინვალის რეგიონში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბაბიჩი შეხვდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და დე ფაქტო მთავრობის წევრებს. მან ასევე მოინახულა რუსეთის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მისი დელეგაციის შემადგენლობაში იყო ვიტალი გუდინიც, რომელიც 2020 წლის 18 სექტემბერს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.
  • 2020 წლის 18 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ბაბიჩს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვარზე ტვირთების გაფორმების საკითხი განიხილეს. საკითხი პრობლემურია, რადგან რუსეთის საბაჟო პოსტზე ტვირთების გაფორმების დროს ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებლები პრობლემებს აწყდებიან. შეხვედრაზე პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.