იაკოვ რეზანცევი
რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 49-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური
ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები
- იაკოვ რეზანცევი დაიბადა 1973 წლის 4 იანვარს ალტაის მხარეში (რსფსრ, საბჭოთა კავშირი).
- 1994 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა მარშალ კ. როკოსოვსკის სახელობის შორეული აღმოსავლეთის უმაღლესი საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი.
- 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საერთო-საჯარისო აკადემია.
- 2008 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია.
- გავლილი აქვს ყველა ძირითადი სამეთაურო თანამდებობა იუნკრების ოცეულის მეთაურიდან მოტომსროლელთა ბრიგადის მეთაურამდე.
- ფლობს „ალექსანდრე ნევსკის“ ორდენს, სუვოროვის მედალს და სხვა სახელმწიფო ჯილდოებს. ასევე დაჯილდოებულია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორდენებით, მათ შორის მედლით „სამხედრო მამაცობისთვის“.
- 2013 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება, 2021 წელს კი - გენერალ-ლეიტენანტის.
სამხედრო კარიერა
- 2010-2011 წლებში 57-ე ცალკეული საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური იყო.
- 2011-2013 წლებში იყო აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაური.
- 2013-2016 წლებში დასავლეთის სამხედრო ოლქის მე-20 საერთო-საჯარისო არმიის შტაბის უფროსი იყო.
- 2018 წელს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაურად.
- 2020 წლის ოქტომბერში ოფიციალურად დაინიშნა რუსეთის 49-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაურად. მან ამ თანამდებობაზე მიხაილ ზუსკო ჩაანაცვლა. 49-ე საერთო-საჯარისო არმიის შემადგენლობაში შედის აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა.
- იგი მონაწილეობდა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში.
- უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეზანცევი 2022 წლის 25 მარტს დაიღუპა უკრაინული არტილერიის მიერ ხერსონის აეროპორტზე განხორციელებული სროლების შედეგად, რომელიც იმ პერიოდშო რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.
აფხაზეთთან ურთიერთობა
- 2012 წლის 21 ივლისს დაესწრო მე-7 სამხედრო ბაზის დაარსების 94 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას. მან პირად შემადგენლობას აღნიშნული დღე მიულოცა.
- 2013 წლის 23 ნოემბერს ინტერვიუ მისცა რადიოს - „Эхо Москвы“. მან ისაუბრა მე-7 სამხედრო ბაზის ისტორიაზე, მის სტრუქტურაზე, სოციალურ ინფრასტრუქტურასა და განვითარების გეგმებზე.
- 2014 წლის 7 იანვარს მონაწილეობა მიიღო ქრისტეშობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაში მე-7 სამხედრო ბაზაზე. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და შობა მიულოცა.
- 2014 წლის 26 ივნისს დაესწრო აფხაზეთში რუსი „მშვიდობისმყოფელების“ შესვლის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას. სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა მე-7 სამხედრო ბაზის დაარსების ისტორიაზე; ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც და აღნიშნა, რომ 2020 წლამდე, განვითარების ხედვის თანახმად, ძირითადი ყურადღება მიექცეოდა სამხედრო ბაზის სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებას.
- 2020 წლის 29 სექტემბერს დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას აფხაზეთის „დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა. მისი ოფიციალური წერილი ბჟანიას მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურმა ოლეგ სენკოვმა გადასცა. ბჟანიამ განაცხადა, რომ რეზანცევი მისი „ძვირფასი მეგობარია“, რომელმაც „პირადი წვლილი შეიტანა აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.
- 2020 წლის 29 ოქტომბერს ინტერვიუ მისცა გაზეთს - „Ставропольская правда“. ინტერვიუში მან განაცხადა, რომ აფხაზეთის მე-7 სამხედრო ბაზა იყო პირველი პუნქტი, სადაც ის გაემგზავრა 49-ე არმიის მეთაურის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. მან ყურადღება გაამახვილა გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურაზე და ისაუბრა ბოლო ექვსი წლის მანძილზე მიღწეული პროგრესის შესახებ.