მთავარი ფიგურები

ანატოლი უტკინი

ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი (ყოფილი)

2017 წლის მარტიდან ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის „დაცვას“ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის  უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსი, გენერალ-მაიორი ანატოლი უტკინი უზრუნველყოფდა. 2014 წელს უტკინი კრასნოდარის მხარეში სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მოადგილე და ქ. სოჭის სამსახურის უფროსი იყო, 2016 წელს კი - რუსეთის ფედერაციის ამურის ოლქში სასაზღვრო სამმართველოში მსახურობდა

2019 წელს უტკინი ვლადიმირ შჩემელინინმა შეცვალა.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2017 წლის 27 მარტს უტკინი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს პირველად შეხვდა. შეხვედრას რუსეთის ფედერაციის  უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის კადრების სამმართველოს უფროსი გენერალ-მაიორი სერგეი სტრელნიკოვიც ესწრებოდა, რომელმაც უტკინი თიბილოვს წარუდგინა.
  • 2017 წლის 28 აპრილს ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულმა რუსმა მესაზღვრეებმა სასაზღვრო სამმართველოს დაარსებიდან 8 წლის იუბილე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებაში უტკინიც მონაწილეობდა.  
  • 2017 წლის 29 მაისს უტკინი რუსეთის სასაზღვრო სამსახურის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა. საზეიმო ღონისძიებებს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც დაესწრო. ბიბილოვმა სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელი ცხინვალის რეგიონის სხვადასხვა სახის „სახელმწიფო“ ჯილდოებით დააჯილდოვა. მისალოცი სიტყვით უტკინიც გამოვიდა, რომელმაც ცხინვალის რეგიონში სამმართველოს საქმიანობა შეაჯამა
  • 2017 წლის 30 ივნისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი უტკინს შეხვდა. შეხვედრის დროს ბიბილოვმა უტკინს საქართველოსთან სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესება მოთხოვა. კერძოდ, ბიბილოვის თქმით, „ქართველების მიერ საზღვრის დარღვევა სრულად უნდა აღმოიფხვრას“. 
  • 2018 წლის 28 მაისს უტკინი უშუალოდ იყო ჩართული ცხინვალში რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელშიც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც მონაწილეობდა. საზეიმო კონცერტი სახელმწიფო კინოსაკონცერტო დარბაზ „ჩერმენ“-ში გაიმართა. კონცერტის დასასრულს უტკინმა შემოქმედებით კოლექტივებს სამახსოვრო ჯილდოები გადასცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. თავის სიტყვაში უტკინმა სასაზღვრო სამმართველოს მუშაობაც შეაჯამა, რომელიც მისი შეფასებით, ყველაზე რთული 2009 წელს იყო
  • 2019 წლის 30 აპრილს ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დაარსებიდან 10 წლისთავი აღნიშნეს. ცხინვალში საზეიმო ღონისძიება კინოსაკონცერტო დარბაზ „ჩერმენ“-ში გაიმართა. მესაზღვრეებს უტკინიც მიესალმა. მისი განცხადებით, „10 წლის განმავლობაში სახელმწიფო საზღვარმა თანამედროვე სახე მიიღო - შეიქმნა ყველა აუცილებელი პირობა სამსახურებრივი ამოცანის მაღალპროფესიულ დონეზე შესასრულებლად. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის 4000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, გამოვლენილია შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების 200-ზე მეტი საიდუმლო საცავი.“