მთავარი ფიგურები

ანდრეი კარტაპოლოვი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფო დუმაში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან ურთიერთობის დეპუტატთა ჯგუფის კოორდინატორი

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • ანდრეი კარტაპოლოვი დაიბადა 1963 წლის 9 ნოემბერს სამხედროების ოჯახში, ქ. ვაიმარში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
  • 1985 წელს დაამთავრა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელობის მოსკოვის უმაღლესი საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი.
  • 1993 წელს დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.
  • 2007 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია.
  • 2015 წლის 11 ივნისს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
  • დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენით: „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ III და IV ხარისხის ორდენით, „სამხედრო დამსახურებისთვის“, სიმამაცის ორდენით, მედალით „ყირიმის დაბრუნებისთვის“.
  • უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის გამო, მასზე დასავლეთის ქვეყნებს სანქციები აქვთ დაწესებული.

სამხედრო კარიერა

  • სამხედრო კარიერა გერმანიაში საბჭოთა ჯარების დაჯგუფებაში დაიწყო, სადაც 1989-1994 წლებში მსახურობდა. ამის შემდეგ შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში სხვადასხვა სამხედრო თანამდებობაზე მსახურობდა.
  • 2007-2008 წლებში ციმბირის სამხედრო ოლქში 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე იყო.
  • 2008-2009 წლებში მოსკოვის სამხედრო ოლქის არმიის მეთაურის პირველი მოადგილე და შტაბის უფროსი იყო.
  • 2009-2010 წლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს მეთაური იყო.
  • 2010 წლის მაისში მან ანატოლი ხრულიოვი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მძიმედ დაიჭრა, შეცვალა ჯერ ჩრდილოეთ კავკასიის 58-ე არმიის, შემდეგ კი სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის პოსტზე.
  • 2013-2014 წლებში დასავლეთის სამხედრო ოლქის გენშტაბის მეთაური იყო. 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდეს. გამოძიების ვერსიით, თვითმფრინავის ჩამოგდებასთან რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის 53-ე საზენიტო სარაკეტო ბრიგადაც არის დაკავშირებული, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს ეკუთვნის.
  • 2014-2015 წლებში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს მეთაური და გენშტაბის უფროსის მოადგილე იყო.
  • 2015-2018 წლებში დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაური იყო.
  • 2016 წლის 19 დეკემბრიდან 2017 წლის 1 მარტამდე სირიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების მეთაური იყო.
  • 2018 წლის 30 ივლისიდან 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით რუსეთის თავდაცვის მინისტრის (სერგეი შოიგუ) მოადგილე იყო, ასევე ხელმძღვანელობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ სამხედრო-პოლიტიკურ სამმართველოს.
  • 2021 წელს სახელმწიფო დუმაში კარტაპოლოვის დეპუტატად არჩევის შემდეგ მისი სამხედრო კარიერა დასრულდა.

პოლიტიკური კარიერა

  • 2021 წლის 19 სექტემბერს სახელისუფლო პარტია „ერთიანი რუსეთიდან“ მე-8 მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახდა.
  • 2021 წლის 12 ოქტომბერს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. იგი მე-8 მოწვევის სახელმწიფო დუმაში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან ურთიერთობის დეპუტატთა ჯგუფის (მეგობრობის ჯგუფის) კოორდინატორია.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2022 წლის 13 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. რუსი დეპუტატების ჯგუფის კოორდინატორი კარტაპოლოვი იყო. შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს, მათ შორის, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამარტივებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწის შესაძლებლობა, ტურიზმისა და ავიამიმოსვლის აღდგენის თემები.
  • 2022 წლის 15 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმაში „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი განიხილეს. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა ამ საკითხზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრებთან ისაუბრეს, მათ შორის იყვნენ სახელმწიფო დუმის სპიკერის მოადგილე სერგეი ნევეროვი და კარტაპოლოვი.
  • 2022 წლის 1 დეკემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აფხაზეთს ესტუმრა. ეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი იყო. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში  კარტაპოლოვიც იყო. რუსეთის დელეგაცია შეხვდა, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, ასევე დე ფაქტო პარლამენტის სპიკერ ლაშა აშუბას.
  • 2022 წლის 9 დეკემბერს კარტაპოლოვი აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ვლადიმირ ანუას შეხვდა. შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს. კარტაპოლოვმა ასევე მოინახულა აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მუზეუმი.
  • 2022 წლის 10 დეკემბერს კარტაპოლოვი ოკუპირებულ გალში ბესლან ტაბაღუას დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ტაბაღუა, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს დაიღუპა.