ვიზიტების ქრონოლოგია

ვლადიმირ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში

2009 წლის 12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად ეწვია აფხაზეთს. პუტინი სოჭში ისვენებდა, როდესაც მოულოდნელად შეწყვიტა არდადეგები და ხანმოკლე ვიზიტით სოხუმში ჩავიდა. ერთი თვით ადრე, 2009 წლის 13 ივლისს, ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში ასევე პირველად იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც.

პუტინმა თავისი პირველი აფხაზური ვიზიტი საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ პოლიტიკური გზავნილების გასაჟღერებლად გამოიყენა. მან ვიზიტი 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ დაპირისპირებაში დაღუპულთა მემორიალის მონახულებით დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში პუტინმა შეხვედრა გამართა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშთან, რომლის შემდეგაც რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის გაფართოებული შემადგენლობით მოლაპარაკებები გაიმართა. პუტინს ასევე შეხვედრა ჰქონდა  ბაღაფშის ოპოზიციასთანაც. ოფიციალური პროგრამის დასრულების შემდეგ პუტინი აფხაზეთის უხუცესებს შეხვდა. 

უსაფრთხოების სფერო - საზღვრის დაცვის გაძლიერება

უსაფრთხოების სფერო პუტინის ვიზიტის წინა პერიოდში მის მიერ აფხაზური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუშიც წამყვანი საკითხი იყო. ვიზიტამდე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთში უსაფრთხოების სფეროში პოზიციების გაძლიერებას გეგმავს: „რუსეთი განალაგებს აფხაზეთში სამხედრო ძალებს. ჩვენ ავაშენებთ თანამედროვე სასაზღვრო დაცვის სისტემას. ყველა ეს ღონისძიება დამატებითი სერიოზული უსაფრთხოების გარანტია იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის. ყველაფერი ეს 15-16 მლრდ რუსული რუბლი (463 მლნ აშშ დოლარი) დაჯდება“. პუტინის შეფასებით, იგი არ გამორიცხავს ახალ კონფლიქტს დაძაბულ კავკასიის რეგიონში მანამ, სანამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში რჩებოდა. თუმცა, მისი განცხადებით, საქართველოს ნებისმიერი მცდელობა ძალა გამოიყენოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ 2008 წლის ომის შემდეგ „გაცილებით რთული იქნება“. 

პუტინმა აფხაზურ მხარესთან შეხვედრის დროს რუსეთ-საქართველოს ომიდან ერთი წლის თავზე აფხაზეთის უსაფრთხოების გაძლიერება პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა. მისი განცხადებით, რუსეთი 500 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად. მისი თქმით, ფული აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზების გაძლიერებას და საქართველოსთან დე ფაქტო ადმინისტრაციული საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება. 

პუტინმა ერთ-ერთ პრიორიტეტად საზღვრის გამაგრება დაასახელა. ამ ვიზიტით დადასტურდა, რომ რუსეთი აღარ გაზრდიდა აფხაზეთში რუსულ სამხედრო კონტიგენტს. ამის შესახებ პუტინის დელეგაციის წევრმა, თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა. მისი თქმით, „აფხაზეთში სამხედროების რაოდენობა არ გაიზრდება და 3 636 კაცი, რომლებმაც უნდა იმსახურონ ბაზაზე, საკმარისია“. 

სოციალურ-ეკონომიკური სფერო - დახმარება გაგრძელდება

ვიზიტის ფარგლებში პუტინმა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. იგი აფხაზებს დაპირდა, რომ გააგრძელებდა მათთვის პენსიების გადახდას, უზრუნველყოფდა კაპიტალს აფხაზური ეკონომიკის ასაღორძინებლად. პუტინის განცხადებით, 2009 წელს რუსეთმა, ფინანსური კრიზისის მიუხედავად, აფხაზეთს საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით 80 მლნ აშშ დოლარი გამოუყო. პუტინის დელეგაციის წევრმა, რუსული ნავთობ კომპანიის „როსნეფტის“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომპანია აფხაზეთს ნავთობის საბადოების აღმოჩენასა და განვითარებაშიც დაეხმარებოდა.

პუტინის განცხადებით, შემდგომ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება აფხაზეთის უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას, რისთვისაც 2010-2011 წლებისათვის 11 მლრდ რუბლი გამოიყოფა. პუტინის თქმით, გამოყოფილი რესურსები ინფრასტრუქტურის, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და განათლების ობიექტებს მოხმარდება. საინტერესოა, რომ პუტინმა რესურსების გამოყოფის შესახებ განცხადება არა ბაღაფშთან მოლაპარაკების დროს, არამედ აფხაზურ ოპოზიციასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც ესწრებოდა. ხაჯიმბას წინა არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში პირადად პუტინი უჭერდა მხარს. 

აღიარების საკითხი

პუტინმა პრეს-კონფერენციაზე აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა და განაცხადა, რომ აფხაზეთს არ ჭირდება სხვა ქვეყნების მხრიდან აღიარება, გარდა რუსეთისა. პუტინის მსგავსი განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც აფხაზეთი მზადყოფნას გამოთქვამდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებთანაც განევითარებინა, პირველ რიგში, თურქეთთან, სადაც აფხაზური დიასპორა ცხოვრობს.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოს აზრი 2008 წლის შემდეგ რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალა და „პრაქტიკულად მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ“ აღიარა, რომ საქართველო აგრესორი იყო კონფლიქტში. 

ტყუპი ბიჭები - ვალოდია და დიმიტრი

ვიზიტის ფარგლებში პუტინი ბაღაფშთან ერთად სოხუმში ახალ გახსნილ სამშობიარო სახლსაც ესტუმრა, სამშობიაროს მთავარმა ექიმმა ლიანა აჩბამ სტუმრებს განუცხადა, რომ მათი მოსვლიდან ორი წუთით ადრე ახალგაზრდა ქალბატონს შეეძინა ორი ტყუპი ბიჭი, რომლებსაც დედისა და სამშობიარო სახლის კოლექტივის ერთობლივი გადაწყვეტილებით ვალოდია და დიმიტრი დაარქვეს (ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის საპატივსაცემოდ). 

აფეთქება სოხუმში

პუტინის აფხაზეთში ვიზიტის დღეს სოხუმსა და გაგრაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. აფხაზურმა მხარემ აფეთქების ორგანიზატორად ქართული სპეცსამსახურები დაასახელა, რომელიც აფხაზეთის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის განცხადებით, ვერ ურიგდება აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას და პუტინის აფხაზეთში ვიზიტს.