ვიზიტების ქრონოლოგია

სერგეი ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში

2009 წლის 2-3 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთს ესტუმრა. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ეს იყო ლავროვის მეორე აფხაზური ვიზიტი, პირველი 2008 წლის 14 სექტემბერს შედგა.

ვიზიტის ფარგლებში ლავროვი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას შეხვდა. ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამომწვევი მიზეზების შესახებ ევროკავშირის შემსწავლელი კომისიის  ანგარიშის გამოქვეყნებიდან ორ დღეში შედგა.

ლავროვის ვიზიტის მთავარი მიღწევა რუსეთსა და აფხაზეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა იყო. ლავროვმა შამბასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას 90 დღემდე აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ. ლავროვის განცხადებით, შეთანხმება აფხაზეთისა და რუსეთის საზღვრის გადალახვის შესაძლებლობას შექმნის არა მარტო დიპლომატიური, სამსახურეობრივი და საზღვარგარეთის პასპორტებით, არამედ რუსეთისა და აფხაზეთის შიდა პასპორტებითაც. ლავროვის განცხადებით, საზღვრის გადალახვის გასამარტივებლად სასაზღვრო გამშვები პუნქტი ტექნიკურად გაიმართება და ახალი ხიდიც აშენდება. 

შამბასთან შეხვედრაზე ლავროვმა ტვირთების გაცილების შესახებ შეთანხმების მიღწევის შესახებაც განაცხადა. ლავროვის თქმით, შესაძლებელია ნეიტრალური წყლებიდან აფხაზეთის მიმართულებით ტვირთების ისეთი ფორმით  ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, რომელიც ქართული პროვოკოკაციის განმეორებას არ დაუშვებს. ლავროვის განცხადებით, აღნიშნული საკითხის აქტუალობა იმით არის განპირობებული, რომ საქართველო აფხაზეთის სანაპიროს მიმდებარე წყლებს საკუთარ ტერიტორიულ წყლებად განიხილავს და ოფიციალური თბილისის სანქციის გარეშე აფხაზეთის პორტებში მიმავალ გემებს აკავებს.

აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში ლავროვს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფაც მოუწია. თურქულ მედიაში გასული ინფორმაციით, რუსეთმა შეიძლება ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა აღიაროს ანკარას მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების სანაცვლოდ. თურქული მედიის ცნობით, მხარეების მიერ მსგავსი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილება. ლავროვმა უარყო მსგავსი შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ აღიარებს ჩრდილოეთ კვიპროსს თურქეთის მიერ აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ, „ჩვენ არ ვემხრობით მსგავს გაცვლებს ლოგიკით, შენ - მე, მე - შენ. ეს სრულიად განსხვავებული ისტორიებია. რაიმე სახის ვაჭრობა აქ მიუღებელია“, განაცხადა მინისტრმა. ლავროვის შეფასებით, ორივე შემთხვევა ძირეულად განსხვავებულია, როგორც ისტორიულად, ასევე საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. მისი თქმით, აფხაზეთი ერთ დროს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა იყო და მაშინ როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარუმატებლად სცადა 2004 წლის შემდეგ ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური მთავრობის გავლენის ქვეშ დაებრუნებინა, საბერძნეთს არასოდეს უცდია მსგავსი სამხედრო ქმედება ჩრდილოეთ კვიპროსის წინააღმდეგ.

ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა აფხაზეთისთვის რუსეთის საერთაშორისო სატელეფონო კოდზე გადასვლის შესახებ.  ლავროვის განცხადებით, აფხაზეთი საქართველოს სატელეფონო კოდის მაგივრად რუსეთის +7 საერთაშორისო სატელეფონი კოდის გამოყენებას დაიწყებს. ლავროვის თქმით, რუსეთი გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან აფხაზეთისთვის ცალკე კოდის მინიჭების შესახებ. 

ლავროვის აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდის შედეგების თაობაზე რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმა მოსაზრებებიც გაცვალეს.

ლავროვი ბაღაფშთან და შამბასთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამსახურისა და რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის თანამშრომლებსაც შეხვდა. გარდა ამისა, ლავროვი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტეში პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებსაც შეხვდა, სადაც იგი სიტყვით გამოვიდა და შეკითხვებსაც უპასუხა